როგორ „დააწერინეს“ ვენეციის კომისიას კრიტიკული დასკვნა „აგენტების კანონზე“

როგორ ეწერება ვენეციის კომისიაზე „ოცნების“ განცხადებები შეთქმულების თეორიაში „გლობალური ომის პარტიაზე“

„დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, - ამბობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს. სამ დღეში ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონი“ მწვავედ გააკრიტიკა და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდა. „აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაციაა“, - ამბობს ახლა პრემიერ-მინისტრი კობახიძე.

დასკვნაზე „ქართული ოცნების“ პირველად პასუხში პარლამენტარმა სალომე ქურასბედიანმა ისიც კი თქვა, რომ ვენეციის კომისიას „დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია“.

იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმაც: „დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო“.

მარტივად აგიხსნით,

  • რას ამბობს ვენეციის კომისია „აგენტების კანონზე“;
  • რას წარმოადგენს ვენეციის კომისია;
  • როგორ ეწერება იგი „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ „ოცნების“ შეთქმულების თეორიაში.

რა წერია დასკვნაში

21 მაისს გამოქვეყნებული 24-გვერდიანი დასკვნით ვენეციის კომისია „მტკიცედ ურჩევს“ ხელისუფლებას, რომ საქართველოს პარლამენტში სამი მოსმენით მიღებული კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გააუქმოს, რადგან „ფუნდამენტური ხარვეზები“ აქვს.

კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას
  • გამოხატვის თავისუფლებას
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას
  • დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას

ასევე ნახეთ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით

ასევე, კანონი იმავე უფლებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის რამდენიმე მუხლს:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
  • გამოხატვის თავისუფლებას
  • გაერთიანების თავისუფლებას

კომისიის დასკვნით, კანონი არ აკმაყოფილებს „კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

ვენეციის კომისია ასევე წერს, - მმართველი გუნდის მტკიცების საპირისპიროდ, - რომ „არაერთი არსებითი განსხვავება“ არსებობს საქართველოს კანონსა და შეერთებული შტატების FARA-ს, ასევე, ავსტრალიისა და ისრაელის მსგავს საკანონმდებლო აქტებს შორის.

ამასთან, კომისია წერს, რომ მას შეფასებული აქვს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონები რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში, - ასევე, კანონი, რომელსაც რესპუბლიკა სრპსკაში განიხილავენ, - და „ეს კანონები აჩვენებს არაერთ მსგავსებას საქართველოს კანონთან“.

ასევე ნახეთ "საპასუხოდ ვიმოქმედებთ" - ბლინკენი "აგენტების კანონის" მიღებას გამოეხმაურა

ვენეციის კომისიამ „წუხილი გამოთქვა“ იმის გამო, რომ:

  • კანონის განხილვამ „სივრცე არ დატოვა რეალური დისკუსიისა და კონსულტაციებისთვის“;
  • პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია „მტკიცედ ურჩევს“ საქართველოს ხელისუფლებას, „გააუქმოს კანონი არსებული ფორმით“, რადგან მას „ფუნდამენტური ხარვეზები“ აქვს.

„ოცნების“ პასუხი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს აცხადებდა, რომ მმართველი პარტია მზად არის დისკუსიებისთვის პარტნიორებთან:

„დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს... უნდა გავიგოთ, რა არის მიუღებელი და ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, - განაცხადა მან.

ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დასკვნაში ასახული კრიტიკის არცერთი პუნქტი არ გაიზიარა.

21 მაისის საღამოს, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ჟურნალისტებთან საპასუხო განცხადება გააკეთა პარლამენტარმა სალომე ქურასბედიანმა. მისი აქცენტები ასეთი იყო:

  • „ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით“;
  • „მოკლებულია სამართლებრივ-პროფესიულ დასაბუთებას“;
  • „შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას“.

ბრიფინგზე მან ასეთი ფრაზაც თქვა: „საბოლოოდ, ვენეციის კომისიას ისიც დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია. ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის თავად ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს“.

„ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია“, - თქვა ანრი ოხანაშვილმაც, „ოცნების“ ერთ-ერთმა საპარლამენტო ლიდერმა.

არც ქურასბედიანსა და არც ოხანაშვილს არ დაუზუსტებიათ, ვინ „დააწერინა“ ვენეციის კომისიას ასეთი დასვკნა.

ასევე ნახეთ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი - კობახიძე

მოგვიანებით, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ვენეციის კომისიის წევრმა ამერიკიდან, დევიდ ქეიმ, რომელიც „აგენტების კანონზე“ დასკვნაზე მუშაობდა, თქვა, რომ დასკვნის გამოქვეყნებამდე საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნეს საბოლოო ვერსია კომენტარებისთვის, თუმცა მას კომენტარები არ გაუკეთებია:

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ“.

რა არის ვენეციის კომისია

სრული სახელია „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“.

მოკლედ „ვენეციის კომისიას“ უწოდებენ, რადგან პირველი შეხვედრა ვენეციაში გაიმართა, და პლენარული სესიებიც ყოველწლიურად ამავე ქალაქში იმართება.

ის არის კონსტიტუციურ საკითხებში ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს, CoE-ს) დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო.

როგორც ხშირად უწოდებენ, ევროსაბჭოს უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანო.

მისი ამოცანაა, დაეხმაროს, კონსულტაციები გაუწიოს ცალკეულ ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებში, რათა მათი დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს.

თუმცა მისი დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ვენეციის კომისია მუშაობს კონსტიტუციების პროექტებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე.

კომისიას აკომპლექტებენ სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ექსპერტები.

კომისია ითვლის 61 წევრ ქვეყანას - მათ შორის, ევროსაბჭოს 46 და სხვა 15 ქვეყანას.

წევრი სახელმწიფოა საქართველოც.

საქართველოს წარმომადგენელი ვენეციის კომისიაში არის მინდია უგრეხელიძე.

მინდია უგრეხელიძე 1999-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე.

უგრეხელიძის ცოლი ევა გოცირიძეა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

შვილი კი, პაპუნა უგრეხელიძე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი.

ვენეციის კომისიას დიდი მუშაობა აქვს გაწეული საქართველოშიც.

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების პერიოდში ვენეციის კომისია, მისი მაშინდელი თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს ჩართულობით, აქტიურად იღებდა მონაწილეობას კონსულტაციებში.

2017 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტისას მან თქვა, რომ იმედგაცრუებული იყო კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საბოლოო რედაქციით, - კარგი სამუშაო გავწიეთ, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო.

ჯანი ბუკიკიო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად. 2017 წელი

„არაკეთილსინდისიერება“

„როდესაც ვინმე კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს უწუნებს ამ ინსტიტუტს, ყოველგვარი ასეთი მსჯელობა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ინტერპრეტაციაა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

ის აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებს ხშირად ციტირებენ არა მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნები, - ან ქვეყნები, რომელთაც სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება სურთ, - არამედ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო და სხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები.

22 მაისს „აგენტების კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელიც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „გაითვალისწინონ მიღებული რეკომენდაციები“.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი

„ის, თუ ვინ ენდობა ვენეციის კომისიას, იძლევა მნიშვნელოვან პასუხს ინსტიტუტის პროფესიონალიზმზე, დამოუკიდებლობასა და აპოლიტიკურობაზე“, - ეუბნება ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას.

„დააწერინეს“, „გასვარეს“ - კვლავ „გლობალური ომის პარტია“

ბრალდებები, რომ ვიღაცამ დასავლურ პარტნიორებს, ლიდერებს თუ ინსტიტუტებს რაიმე „დააწერინა“ თუ „ათქმევინა“, „ქართული ოცნების“ ბოლო წლების რიტორიკის შემადგენელი ნაწილია.

როდესაც 2023 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა ხუთ ქართველ მოსამართლეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკებმა თქვა, რომ მოსამართლეებმა „ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა … [და] ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.

ასევე ნახეთ „ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებაზე

ირაკლი კობახიძემ ამაზე პასუხად განაცხადა: „ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში“. შემდეგ თქვა, რომ ამას „კორუფციული პროცესები უდევს საფუძვლად“.

2022 წლის დეკემბერში, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციით, კობახიძემ თქვა, რომ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“, შემდეგ კი თქვა, რომ „ამ ყველაფრის დასასრული საქართველოს ომში ჩართვაა“.

„ოცნების“ ლიდერების ხედვით, საქართველოს მიერ 2022 წელს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის ვერმიღება „ომში ჩათრევაზე“ წინააღმდეგობას უკავშირდება. „საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში“, - განაცხადა 2023 წლის 1 მაისს კახა კალაძემ.

ეს განცხადებები ნაწილია „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიისა, თითქოს „გლობალური ომის პარტია“, - „ოლიგარქიული ოჯახები“, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირს აკონტროლებენ, - მსოფლიოს მართავენ და საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმას ცდილობენ.

კობახიძემ 22 მაისს განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას, - მიუხედავად იმისა, რომ „სერიოზულ რისკებთან, მათ შორის პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული“, - „ალტერნატივა არ აქვს“.

ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან