Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუჩები და დემონსტრანტები. მცირე დაკვირვება.


ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

ერთ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ იმ მრავალთა შორის, რომლებიც აქციებისა და ზოგადად პროტესტის პროცესის დროს დაგროვდა.

თურმე არსებობს დემონსტრანტთა ფსიქოლოგიური და ემოციური განწყობები ქუჩებისა და ადგილების მიმართ.

მაგალითად, რუსთაველის გამზირი ერთმნიშვნელოვნად საკრალური ადგილია და ის მაგნიტივით იზიდავს პროტესტში მონაწილეებს.

სადაც არ უნდა იყოს, ბოლოს მაინც პარლამენტისკენ მიუწევს გული და ფეხები, რადგან აქ, როგორც ჩანს, ყველაზე ბუნებრივად და საქმიანად ვგრძნობთ თავს. ეს შედეგის მომტანი ადგილია ტრადიციულად.

მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი დემონსტრაცია დასრულდა „ევროპის მოედანზე“, ხალხის ნაწილმა მაინც რუსთაველზე გადაინაცვლა და ცოტა ხანს იქაც შეყოვნდა, რადგან თითქოს შეუძლებელი იყო, რომ აქციას რუსთაველზე არ დაესვა წერტილი.

შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩიტაძის ქუჩაზე ბევრს არავის უნდა დგომა და ასვლა, რახან ალბათ ჩიტაძის ქუჩაზე დგომის გამოცდილება ფიზიკურ შეხლა-შემოხლასთან არის დაკავშირებული. იქ გვცემენ და დიდად არ გვეხალისება ასვლა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე უფრო მეტი თავდაჯერებულობით ვდგავართ, რადგან რატომღაც გვგონია, რომ მანდ უფრო დაცულები ვართ ან უფრო ადვილად შევძლებთ მრბეველებისგან თავდახსნას - გაქცევის ტრაექტორია ათწლეულებით არის გაკვალული: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა, რუსთაველის თეატრი, ოპერა...

არადა, ეს ილუზიაა. არბევენ იქ, სადაც ბევრი ხალხი გროვდება, რათა არაძალადობრივი დისკომფორტი შექმნას.

ერთმნიშვნელოვნად მოგვეწონა „გმირთა მოედნისკენ“ წასვლა და სხვათა შველა, რადგან ჯერ ერთი, ეს ახალი გამოცდილებაა და მეორეც, წარმატებას დაუკავშირდა. ეს ადგილიც მოგვეწონა და მანდ ჩვენი თავიც.

ჯერჯერობით გაურკვეველ გამოცდილებად არის დარჩენილი კანცელარიის შენობისკენ მშვიდობიანი მარშით ასვლა ან მშვიდობიანი მარშითვე დაძვრა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, რადგან დიდ მოვლენად აქამდე არცერთი არ ქცეულა. თუმცა უდავოა, რომ რეჟიმის მსახურებს ნერვები ეშლებათ (და ბევრს ნერვებმაც უმტყუნა უკვე), როცა დემონსტრაცია მარშით მიდის ამ ორი ობიექტისკენ. კანცელარიის შენობა რომ დიდი გაურკვევლობაა, ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იცის გამოცდილმა დემონსტრანტმა, როცა ამ ნაგებობას ცენტრალური კომიტეტი („ცეკა“) ერქვა, ან ქაჯეთის ციხე, როგორც მას ჩემს ბავშვობაში უწოდებდნენ.

ოლიგარქის „შუშის სასახლისკენ“ მსვლელობამაც ადრე ბევრს გაწყვიტა ქანცი და ამ ორ თვეში არც გამიგია, რომ მანდ ვინმეს მოენდომებინოს ასვლა, მით უმეტეს, ცარიელ შენობასთან გასაპროტესტებლად. პროტესტს ზოგადად და ისტორიულად მაშინ აქვს აზრი, როცა შენობა პოლიტიკური შინაარსით არის დატვირთული. იმ დღეს მაინც.

დემონსტრანტებს უყვართ, როცა აზრიანად დაატარებენ აქეთ-იქით და იმავდროულად ისიც მოსწონთ, როცა ბევრნი უცვლელად ერთ ადგილზე დგანან, რაც ასევე გასაგებია - ვშფოთავთ და ქმედება გვწყურია, მაგრამ იქვე იმაზეც ვშფოთავთ, რომ ამ ქმედებას რაიმე ცუდი არ მოჰყვეს. ამიტომ ისიც გვინდა და ესეც, თან ზოგჯერ ერთდროულად. თუმცა ერთი რამ ცხადია: დემონსტრანტს არ უყვარს რუსთაველის დატოვება და ბედნიერია, როცა იგებს, რომ „რუსთაველი უკვე გადაიკეტა“.

ხალხით შევსებული რუსთაველის გამზირი საპროტესტო მოძრაობის ოპტიმიზმისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა.

რუსთაველის გამზირი ცვლილებების ადგილია და ის კარგად არის დაცდილი.

და, რაც მთავარია, უმეტესად გადაკეტილია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ფორუმი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG