ვანო ნადირაძე: კონტრშეტევის აქტიურ ფაზას უკვე ამ დღეებში ველოდებით

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

22 მაისს უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ტერიტორიაზე რუს მოხალისეთა ორი სამხედრო ჯგუფის (რუსეთი მათ უკრაინის სადესანტო-სადივერსიო ჯგუფებს უწოდებს) გამოჩენამ დიდი პანიკა და არეულობა გამოიწვია რუსეთის  ხელმძღვანელობაში.

აღმოჩნდა, რომ კბილებამდე შეიარაღებულმა ჯგუფებმა, ჯავშანმანქანითა და რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, იოლად გადალახეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი და ორი დღის განმავლობაში იმდენად სწრაფად მიიწევდნენ წინ, რომ კრემლმა ბელგოროდის ტერიტორია „კონტრტერორისტული ოპერაციის“ ზონად გამოაცხადა და 9 დასახლებული პუნქტიდან მოახდინა მოსახლეობის ევაკუაცია.

რა არის ცნობილი ამ ქვედანაყოფებზე? როგორ მოახერხეს მათ ასე იოლად რუსეთის შიგნით შეღწევა? და რა მიზანს ემსახურება ბელგოროდის ტერიტორიაზე განხორციელებული რეიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე?

ამ და სხვა შეკითხვებს უკრაინიდან სკაიპის საშუალებით უპასუხებს უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელსაც ადრე თავად აქვს მონაწილეობა მიღებული ერთ-ერთ ასეთ რეიდში.

კობა ლიკლიკაძე: ცხელი თემა კვლავ არის ბელგოროდში განვითარებული მოვლენები. ჩვენ ძირითადად იძულებული ვართ დავეყრდნოთ ინფორმაციას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებით რუსეთის მხრიდან ვრცელდება. იქ ლაპარაკია, რომ შეიჭრა დივერსიული ჯგუფი და, რომ გრძელდება ლოკალიზების თუ განადგურების ოპერაცია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ - ადამიანს, მებრძოლს, რომელიც არა ხართ შორს, მოდი, ასე ვიტყვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვისგან.

ვანო ნადირაძე: მოდი, ასე ვთქვათ, თვითონ რდკ (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი - რედ) ეს ორგანიზაცია რუსი მოხალისეების და პლუს ამას „თეთრი ლეგიონი“,- თეთრ ლეგიონს ვეძახით ჩვენ, თორემ ისე „თავისუფლება რუსეთს“ ეწოდება ამ ორგანიზაციას, - გეთანხმებით, ისინი ჩვენ მხარეს იბრძვიან, იცავენ უკრაინას რუსული ოკუპაციისგან, მაგრამ ამავე დროს უკვე საკმაოდ გაძლიერდა, მე ასე ვიტყოდი. თავიდან ცოტანი იყვნენ, სადღაც 200 კაცამდე და საკმაოდ დიდი კორპუსი არის ახლა შექმნილი. ნუ, შეიძლება ვიღაცამ გადახედოს რუკას, სადაც ისინი შევიდნენ - ეს არის გრაივორონსკი, ბელგოროდის ოლქში და ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს იყო რდკ-ს შეჭრა და ბუფერული ზონა არ ეყოთო. მაგრამ ეს არ იყო დიდ მასშტაბებზე გათვლილი ოპერაცია.

კობა ლიკლიკაძე: რაზე იყო გათვლილი, ვანო? ფსიქოლოგიური დატვირთვა უფრო მეტი ჰქონდა? მოწინააღმდეგის დემორალიზება?

ვანო ნადირაძე: რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დატვირთვა, დემორალიზება და პლუს იმ სისუსტეების დანახვება მსოფლიოსთვის და თავად რუსული აუდიტორიისთვისაც, თუ რაოდენ ადვილი არის რუსეთში შეჭრა და რა დაუცველია სინამდვილეში მათი საზღვრები. სხვათა შორის, შარშან გვქონდა სექტემბერში ასეთივე ოპერაცია, რომელსაც ფაქტობრივად მე ვხელმძღვანელობდი, ბოლო ოპერაციას... ასეთივე გამოცდა ჩავუტარეთ სუმის ოლქში რამდენიმე საკონტროლო პუნქტს და ძალიან ადვილი გადასალახი აღმოჩნდა.

კობა ლიკლიკაძე: და, ვანო, საინტერესოა, გავაგრძელებ თქვენს მოსაზრებას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ახმარს იმისთვის, რომ შექმნას ე.წ. ეშელონირებული დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და ჩვენ „ბი-ბის-სის“ საშუალებით ვნახეთ სატელიტური ფოტოები, ამ ე.წ. ურჩხულის კბილებით, ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის მოწყობილობებით და ბლინდაჟებით. და აღმოჩნდა, რომ ანალოგიური ბარიერი გადალახეს ამ, როგორც თქვენ ამბობთ, მოხალისეთა დანაყოფებმა, როდესაც ბელგოროდში შევიდნენ.

ვანო ნადირაძე: 100 მილიონი დოლარი აქვთ, როგორც მე ვიცი, ელემენტარულად ამ მიწაყრილების, თხრილებისა და დამცავი ზღუდეების გასაკეთებლად, მაგრამ, როგორც თქვენ დაინახეთ, ადვილად გადაილახა. პრინციპში, გეტყვით, რომ ზედ სასაზღვრო ზოლზე არ ჰქონდათ გაკეთებული [ბარიერები] და პირიქით შიგნით ჰქონდათ გაკეთებული. და ესეც მაგათი დიდი ტაქტიკური შეცდომა იყო. ამიტომ სწრაფად გადაადგილება არ გაუჭირდა ამ დაჯგუფებას. ეს შოკის მომგვრელი იყო იმათთვის [რუსებისთვის] იმიტომ, რომ არ ელოდებოდნენ ასეთ შეტევას. წეღანაც ვთქვი, რომ შარშანაც გვქონდა ჩატარებული ასეთი ღონისძიებები სუმის ოლქში და იქაც გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან დაგვახევინეს. გვთხოვეს, რა თქმა უნდა.

კობა ლიკლიკაძე: მარტის დასაწყისში ანალოგიური რამ ბრიანსკშიც განმეორდა, თუ არ მეშლება.

ვანო ნადირაძე: კი, მარტის დასაწყისშიც განმეორდა. მაგრამ მარტის დასაწყისში, სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ დავკარგეთ მებრძოლები. პირადად ჩემი გაზრდილი მებრძოლები დავკარგეთ, 4 ადამიანი. ასე რომ, მსოფლიომაც დაინახა და რუსულმა აუდიტორიამაც დაინახა ის პანიკა და ის ევაკუაცია, რაც ქალაქ ბელგოროდში იყო. და ყველაზე მთავარი ისაა, რომ იქ [ბელგოროდში] მდებარეობს სამხედრო ნაწილი, სადაც ბირთვულის იარაღის, ასე ვთქვათ, [გადასატანი] რაკეტები ინახება. და ამ ღონისძიებამ [რუსები] იძულებული გახადა, რომ არათუ მარტო პერსონალის ევაკუაცია, არამედ ამ ბირთვული, როგორ ვთქვა, შეიარაღების ევაკუაციაც მოეხდინათ, იმდენად პანიკაში ჩავარდნენ.

კობა ლიკლიკაძე: ბატონო ვანო, ძალიან საინტერესოა თქვენთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დრო, როგორც ყოველთვის, გაგვირბის ულმობლად. ბოლოს მინდა გკითხოთ, რომ ეს ეპიზოდები ეპიზოდებად და ისინი ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისით, საკუთარი თავში დარწმუნებისა თუ მოწინააღმდეგის სისუსტის საჩვენებლად, მაგრამ ყველა მაინც ველოდებით კონტრიერიშს უკრაინისას. თქვენ რა შეგიძლიათ, რომ გვითხრათ ამ მხრივ... ცოტა ისეთი, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, როგორც იტყვიან.

ვანო ნადირაძე: ​მოდი, ასე ვთქვათ, კონტრშეტევა, როგორც ასეთი, მისი საწყისი პერიოდი უკვე არის დაწყებული. ხდება ტაქტიკური მანევრები უკვე ორი კვირაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურ ფაზას უკვე ამ დღეებში ველოდებით. სამწუხაროდ, დეტალების გამჟღავნება არ შემიძლია, არც იმ ძირითადი მონაკვეთისა, სადაც აქტიური ღონისძიებები ჩატარდება. ვერც ამას ვიტყვი. თუმცა ვიცი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ [კონტრშეტევა] წარმატებით დასრულდება. მაგრამ ტაქტიკური მანევრირება ჩვენი შეიარაღებული ძალების სხვადასხვა მიმართულებაზე, მტრის დაბნევის მიზნით, უკვე მიმდინარეობს და კონტრშეტევა, მე ასე ვიტყოდი, დაწყებულია.