მან ერთი მილიონი აშშ დოლარი დააწესა ჯილდოდ მისთვის, ვინც მოახერხებს და დააკავებს ვლადიმირ პუტინს. ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას სიტყვიერად განდგომილი რამდენიმე ოლიგარქისგან, ქვეყნიდან წლების წინ გაქცეული რუსი ბიზნესმენი იმით განსხვავდება, რომ პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს. ამბობს, რომ ის ომის დამნაშავეა.
„ბევრი რამის უფლება შემიძლია მივცე ჩემს თავს, საკმარისი ქონება მაქვს ამისთვის. და ნამდვილად არ დამენანება ეს ფული იმისთვის, ვინც პუტინს დააპატიმრებს“
90-იან წლებში კონანიხინი გარკვეულ წრეებში, რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. ბორის ელცინს აშშ-ში პირველი ვიზიტის დროსაც კი ახლდა. მაშინ, 25 წლის ასაკში უკვე 300 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობდა. შემდეგ დაუპირისპირდა ჯერ კგბ-სთან დაკავშირებულ ჯგუფს, ბოლოს- თვით კრემლს. ის 8 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს და გაასამართლეს. კონანიხინი რუსეთიდან შეერთებულ შტატებში გაიქცა, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და დღემდე კალიფორნიაში ცხოვრობს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს. მოსკოვი წლების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდა მისი დეპორტაციისთვის. მერე მიივიწყეს.
რამდენიმე დღის წინ კონანიხინმა სოციალურ ქსელში პლაკატი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: „იძებნება: მკვდარი ან ცოცხალი. ვლადიმერ პუტინი. მასობრივი მკვლელობისთვის.“ პოსტერს თან ერთოდა შემდეგი ტექსტი:
„გპირდებით, რომ ოფიცერს ან ოფიცრებს, რომლებიც მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დააკავებენ ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს, მიიღებენ 1 000 000 აშშ დოლარს.
...ვლადიმირ პუტინს არ აქვს უფლება, იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, როდესაც ხელისუფლებაში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების ოპერაციის შემდეგ მოვიდა, მოგვიანებით კი გააყალბა არჩევნები და დახოცა ოპონენტები.
...როგორც რუსი და რუსეთის მოქალაქე, მე ამას განვიხილავ ჩემს მორალურ მოვალეობად, რომ მონაწილეობა მივიღო რუსეთის „დენაციფიკაციაში“
მას შემდეგ რაც ფეისბუქმა ეს პოსტი წაუშალა, კონანიხინმა LinkedIn-ზე გადაინაცვლა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში კი ამტკიცებს, რომ ჯილდო კვლავ ძალაშია და მას ყოველდღე წერს ათასობით ადამიანი, რომელიც კითხულობს, თუ „როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და შემოწირულება დაამატონ მის ერთ მილიონს“.
რადიო თავისუფლება: ეს განცხადება სერიოზულია? ბევრი ამბობს, რომ თვით-პიარს ისახავს მიზნად და უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობთ.
ალექს კონანიხინი: აბსოლუტურად სერიოზულად ვაცხადებ - მე ბევრი რამის უფლება შემიძლია მივცე ჩემს თავს, საკმარისი ქონება მაქვს ამისთვის. და ნამდვილად არ დამენანება ეს ფული იმისთვის, ვინც პუტინს დააპატიმრებს და ამით ბირთვულ დაპირისპირებასა და გლობალურ ომს აგვაცილებს თავიდან.
„პუტინის ერთადერთი არჩევანი ესკალაციაა, ის დეესკალაციას არც განიხილავს“
რაც შეეხება ყურადღების მიქცევას, ასეთი „ყურადღება“ ბიზნესისთვის საზიანოა. ბიზნესს უყვარს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, და როდესაც ვინმე ამგვარ განცხადებას აკეთებს, ეს შემაშფოთებელია კლიენტებისა და ინვესტორებისთვის. ასე რომ, მე ამას საკუთარი ბიზნესის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვაკეთებ... „კაგებეს“ ბოლო 30 წელია ვაკრიტიკებ - შესაბამისად, იყო მომენტი, როდესაც რუსეთის მთავარი ძებნილი ვიყავი, ინტერპოლი წითელი ცირკულარით მეძებდა. ასეთი ტიპის „ყურადღება“ მხოლოდ მენტალურად ავადმყოფ ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ, მე კი მათ რიცხვს არ ვეკუთვნი.
ასე რომ, დიახ, აბსოლუტურად სერიოზულად ვაცხადებ ამას. ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოდ დახარჯული მილიონი. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი უკრაინაში უკან არ დაიხევს. დეესკალაცია მისთვის დამარცხებას უდრის. რადგან ის არჩეული ლიდერი არაა, მთელი მისი ლეგიტიმაცია ემყარება აღქმას, რომელსაც წლებია თავადვე რუდუნებით აკოწიწებს: ყოვლისშემძლე ლიდერი, იმდენად ძლიერი, რომ მის წინაშე ქედს იხრიან აშშ, ნატო, ევროკავშირი... მაგრამ თუ უკრაინასთან დამარცხდება, საკუთარი კვარცხლბეკიდან ძირს დაენარცხება, ეს დამამცირებელი იქნება მისთვის, და ხალხი დიადი ბელადის ნაცვლად “ლუზერად“ ჩათვლის. ეს კი ნიშნავს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება, რაც გარდაუვალად მიგვიყვანს მის დაპატიმრებასა და შეიძლება სიკვდილთანაც. ასე რომ მისი ერთადერთი არჩევანი ესკალაციაა, ის დეესკალაციას არც განიხილავს.
„ერთი წამითაც არ დაფიქრდება, ისე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინის გასანადგურებლად. ეს მარტივი არჩევანია მის გადარჩენასა და სხვების სიცოცხლეს შორის“
რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ გაბედავს და უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?
ალექს კონანიხინი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას იზამს, თუ ჩათვლის, რომ საქმეს ასე სჭირდება. ერთი წამითაც არ დაფიქრდება, რადგან ეს მისთვის მარტივი არჩევანია საკუთარ უსაფრთხოება-გადარჩენასა და სხვა ადამიანების სიცოცხლეს შორის. მან შესაძლოა ასეთი გათვლა გააკეთოს - მოკლემანძილიანი ტაქტიკური ბირთვული დარტყმები უკრაინაში - ეს უკრაინასაც გაანადგურებს, და პარალელურად ნატო და აშშ-ც შეშინდებიან და ვერ გარისკავენ გლობალური ომი გაუჩაღონ, რომლის შედეგადაც მილიონები მოკვდებიან. შეიძლება მისი გათვლა არასწორია, მაგრამ ეს სამყაროს მაინც უამრავი სიცოცხლის ფასად დაუჯდება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან მისი მოშორებაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ გამოცხადებული ჯილდო ფინანსურადაც ჭკვიანური ინვესტიციაა, რადგან ესკალაციის შემთხვევაში მილიონზე ბევრად მეტს დავკარგავ. ასეთ ჯილდოებს როგორც წესი მთავრობები აწესებენ, ომის დამნაშავეებისა და საერთაშორისო ტერორისტების წინააღმდეგ - პუტინი ორივეა, მაგრამ მას ასევე ბირთვული იარაღი აქვს. შესაბამისად აშშ-ს მთავრობა ვერ იზამს ამას, რადგან ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
რადიო თავისუფლება: გამოქვეყნებულ ტექსტში რუს ოფიცრებს მოუწოდებთ, თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობა შეასრულონ და პუტინი დააპატიმრონ. პოსტერზე კი წერია - ცოცხალი ან მკვდარი. მეორე „ვარიანტიც“ მიიღება?
ალექს კონანიხინი: თუ პუტინი დაპატიმრების პროცესში წინააღმდეგობას გასწევს და შედეგად, მოკლავენ, ვფიქრობ მილიონობით ადამიანი იზეიმებს ამას მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები. მაგრამ მინდა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო - ჩემს მიერ დაწესებულია ჯილდო პუტინის კანონიერ დაკავებაზე, იმ ომის დანაშაულების გამო, რაც მან ჩაიდინა, და არა მის ლიკვიდაციაზე.
რადიო თავისუფლება: რა რეაქციას ელოდებით კრემლისგან? დიდი ალბათობით, ეცდებიან ამისთვის დაგსაჯონ - თანაც თქვენზე ნადირობა ერთხელ უკვე იყო გამოცხადებული...
ალექს კონანიხინი: ვიცი, რომ პუტინს ოპონენტების ლიკვიდაცია წესად აქვს. ახლა, რა თქმა უნდა, მილიონობით მოწინააღმდეგე ჰყავს - მილიონობით ადამიანს სძულს მთელი არსებით. თანაც ახლა ჩემზე ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ასე რომ ვეჭვობ, რომ მის მრავალტომიანი „მოსაკლავი ხალხი“-ს სიის პირველ ტომშიც კი ვერ
„თუ პუტინი დაპატიმრების პროცესში წინააღმდეგობას გასწევს და შედეგად მოკლავენ, მილიონობით ადამიანი იზეიმებს ამას მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები.
მოვხვდები. მაგრამ რისკი, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ არ ვაპირებ, ამის გამო შევშინდე, პირში წყალი ჩავიგუბო და ამ ომს ჩემი დუმილით შევუწყო ხელი. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ერთ-ერთი ვარ იმ რუსებიდან, ვინც ან ღიად უჭერს ამ ომს მხარს, ან დუმილით თანამონაწილეობს.
რადიო თავისუფლება: რუს ოლიგარქებსა და დასავლეთში მათ ქონებაზე დაწესებულ სანქციებს როგორ შეაფასებდით - რამდენად დიდი ბერკეტია ეს?
ალექს კონანიხინი: ძალიან ძლიერი ბერკეტია - როგორც იქნა, გვაქვს სანქციები, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გავლენის მოხდენა. აქამდე არსებული სანქციები რუსებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მათ უფრო მეტი ზიანი მოჰქონდათ ვიდრე სარგებელი, რადგან ყველა ხედავდა, რომ დასავლეთის მუქარა უკბილო იყო. ახლა კი სანქციებმა „დაარტყა“ ადამიანებს, რომლებიც უზარმაზარ როლს თამაშობენ რუსეთში - ოლიგარქები შოკში არიან, გამწარებულები ცდილობენ საკუთარი ქონება ან იაფად მიყიდონ, ან სადმე გადამალონ, ეძებენ თავშესაფარს მსოფლიოში, რომელიც უფრო და უფრო ერთიანდება პუტინის წინააღმდეგ. ალბათ ნახეთ, რომ რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ყიდის და თანხას უკრაინას შესწირავს. ეს სხვა არაფერია, თუ არა თავის გადარჩენის მცდელობა - აბრამოვიჩის ქონება დასავლეთში საფრთხის წინაშეა და მან სურს დემონსტრაციულად გაემიჯნოს პუტინს. ამ უპრეცედენტო დონაციით ის ცდილობს გვაჩვენოს, რომ კრემლის პოლიტიკას არ ეთანხმება. ალბათ შეასრულებს კიდეც თავის სიტყვას. და ეს ერთეული შემთხვევა არაა - ოლიგარქები ერთი მეორის მიყოლებით ცდილობენ პუტინს გაემიჯნონ - ისინი მას მხარს უჭერდნენ, სანამ ეს ბიზნესს აწყობდა, მაგრამ ახლა ის მთელ ამ ბიზნესს დაღუპვას უქადის. ეს კი განგაშის სიგნალია რუსეთის მთავრობისთვის, რადგან „ფულიანი ხალხი“ რუსეთში მუდამ მთავარი ხალხია. იმის ფონზე, რომ შუა ფენა, ოლიგარქები და მთავრობის წარმომადგენლებიც კი სულ უფრო და უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ, არ სურთ პუტინთან იყვნენ დაკავშირებულები, შეიძლება უეცრად და მოულოდნელად გავხდეთ ხელისუფლების შეცვლის მომსწრენი.
ასევე ნახეთ ჰააგის ტრიბუნალმა დაიწყო რუსეთის ქმედებების გამოძიება უკრაინაში - რას ნიშნავს ეს?