Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალმა დაიწყო რუსეთის ქმედებების გამოძიება უკრაინაში - რას ნიშნავს ეს?


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე. რამდენად სავარაუდოა, რომ პუტინი ან სხვა რუსი პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ?

რა დანაშაულებს იძიებს ICC?

ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი და აგრესიის დანაშაული - ესაა ოთხი სამართალდარღვევა, რომლებსაც ICC განიხილავს.

ICC-ის მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ უკრაინაში ჩადენილი იყო ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

ომის დანაშაულები განსაზღვრულია გაეროს მიერ, შემუშავებულია ჟენევის კონვენციებზე, რომლებიც ადგენენ ომის დროს ჰუმანიტარული მოპყრობის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

1949 წლის ჟენევის კონვენცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და განსაზღვრავს ომის პატიმართა ძირითად უფლებებს, იცავს დაჭრილებს და ომის ზონაში და მის გარშემო მშვიდობიანი მოსახლეობას.

ომის დანაშაულების გრძელი განმარტება, სხვათა შორის, მოიცავს აკრძალული იარაღის ტიპებს, საავადმყოფოების და რელიგიის, განათლების, ხელოვნების, მეცნიერების შენობების მიზანში ამოღებას.

ომის დანაშაულები მოიცავს განზრახ მკვლელობას, განზრახ ძლიერ ტანჯვას, ფართომასშტაბიან განადგურებას და ქონების მითვისებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ან ობიექტების განზრახ მიზანში ამოღებას.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს განზრახ მკვლელობას, რომელიც „ჩადენილია როგორც ნაწილი ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმისა, რომელიც მიმართულია ნებისმიერი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

აგრესიის დანაშაული მოიცავს სხვა სახელმწიფოში შეჭრას, პორტების დაბომბვას და ბლოკადას.

რას ედავებიან რუსეთს?

უკრაინა რუსეთს ბრალს სდებს ბავშვთა სახლისა და საბავშვო ბაღის დაბომბვაში, ასევე, ვაკუუმ ბომბების გამოყენებაში.

უკრაინის ელჩმა გაეროში, ევენია ფილიპენკომ განაცხადა: „რუსული ძალები ცდილობენ პანიკა დათესონ მოსახლეობაში საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა სახლების, საავადმყოფოების და მობილური სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიზანში ამოღებით“.

რატომ მიმართა 40-მდე ქვეყანამ ICC-ს?

გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, 38-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ეს დაზოგავს თვეებს და შესაძლებელს ხდის, რომ ICC-მ დააჩქაროს გამოძიება უკრაინაში ომის დანაშაულებზე. აი, ქვეყნები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს:

საქართველო, ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, კანადა, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, ნიდერლანდი, ახალი ზელანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან ICC-ს ხელმომწერები. არის ეს პრობლემა?

უკრაინამ უკვე ორჯერ აღიარა სასამართლოს იურისდიქცია, მათ შორის, 2014 წელს რუსეთის ყირიმში შეჭრის დროს. ასე რომ, უკრაინას არ შეუძლია თავად მიუთითოს სავარაუდო დანაშაულები, მაგრამ ICC-ს აქვს იურისდიქცია მის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე.

რუსეთი ICC-ს გამოეთიშა 2016 წელს, როცა სასამართლომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ოკუპაცია უწოდა. ერთი შეხედვით, რუსეთის მიერ „აგრესიის დანაშაულის“ ჩადენის დამტკიცება მარტივი იქნებოდა. თუმცა, რადგან რუსეთი სასამართლოს იურისდიქციას აღარ აღიარებს, ამ მუხლით მის ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეუძლებელი ხდება.

ამასთან, არ არსებობს ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის ბრალდებას ისეთი არახელმომწერის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.

რამდენად სავარაუდოა, რომ ვლადიმირ პუტინი ან უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ნებისმიერი სხვა სასამართლოს წინაშე წარდგნენ?

პოლიტიკური ლიდერის უშუალოდ დაკავშირება შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აგრესიის დანაშაულისა. ბრალის წაყენების შემთხვევაში, პუტინს დააპატიმრებდნენ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც - რუსეთისგან განსხვავებით - აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას.

XS
SM
MD
LG