ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებულ რეზოლუციას, რომლითაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას.
დებატები და რეზოლუცია
8 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპარლამენტის საიტზე საქართველოსთან დაკავშირებით განსახილველი 7 რეზოლუციის პროექტია ატვირთული.
მათგან ხუთი მათგანი მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, - როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას; თითქმის ყოველი მათგანი ითხოვს სანქციებს ბიძინა ივანიშვილისათვის.
ერთი მათგანი ითხოვს საქართველოს არჩევნებში ჩარევის დაგმობას „ყველა მხარისაგან“, - და ისიც აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიღებულ „აგენტების კანონსა“ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობას.
მხოლოდ ერთი - ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფის რეზოლუციის პროექტი - „სუვერენიტეტზე“ მითითებით იცავს „ქართულ ოცნებასა“ და მის პოლიტიკას. ამ უკანასკნელს მხოლოდ სამი სპონსორი ჰყავს.
8 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ევროპარლამენტის საიტზე გამოჩნდა ხუთი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციების პროექტის შეჯერების შედეგად შეთანხებული ერთი, საერთო რეზოლუციის პროექტი.
ეს პოლიტიკური ჯგუფებია:
- „განაახლე ევროპა“ (Renew)
- „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR)
- „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი (PPE)
- „ევროპის თავისუფლების ალიანსი“ (Verts/ALE)
- „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D)
9 ოქტომბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სწორედ ამ რეზოლუციას უყრიან კენჭს - რამდენიმე შესწორებით.
კენჭისყრას კი წინ უძღოდა დებატები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, სადაც ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლო პერიოდში ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევა.
გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ახალი მოკავშირეებიც: ძირითადად, ულტრამემარჯვენე და ვიქტორ ორბანთან დაკავშირებული ჯგუფები.
ასევე ნახეთ „ლუკაშენკას გზა“, „დემოკრატიული უკუსვლა“ და „სუვერენიტეტი“ - დებატები ევროპარლამენტში„ექსპონენციური უკუსვლა“
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში დემოკრატიის ექსპონენციური უკუსვლის გამო“.
იგი გმობს „აგენტების კანონს“, „ოჯახური ღირებულებების“ ჰომოფობიურ კანონს, ასევე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს - და ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში „არ შეესაბამება ევროპული ღირებულებებს“.
ხაზს უსვამს, რომ „ამ კანონების გაუქმების გარეშე არ იქნება პროგრესი ევროკავშირის გზაზე“.
ევროპარლამენტი „წუხს, რომ საქართველოში, - რომელიც ოდესღაც დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, - საკმაოდ დიდი ხანია, დემოკრატია თავისუფალ ვარდნაშია“.
პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიკვლიონ ამ დემოკრატიული უკანდახევის შედეგები როგორ მოქმედებს მათი, როგორც დონორის როლზე, - და აცნობონ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედების შესახებ.
ის ასევე გამოდის მოწოდებით, ევროკავშირმა გაყინოს ყველანაირი დაფინანსება აღნიშნული არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე და მკაცრი პირობები დააწესოს, სანამ სამომავლო დაფინანსებას გასცემს.
ასევე ნახეთ კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიპლურალიზმი და გამოხატვის თავუსფლება
რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ ხელისუფლების რიტორიკით გამოწვეული სიძულვილისა და დაშინების კლიმატის გამო;
გმობს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც ემუქრებიან ოპოზიციური პარტიების აკრძალვით“.
იგი ასევე მოუწოდებს საქართველოს, „საფუძვლიანად გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის სისასტიკე გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს“.
ასევე ნახეთ „მაგნიტსკის აქტი“ და 14024-ე განკარგულება - რა განსხვავებაა ამ ამერიკულ სანქციებს შორის
უვიზო რეჟიმში
რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს არამხოლოდ „აგენტების კანონის“, არამედ „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს
ამავდროულად, რეზოლუცისი პროექტი „იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“.
იგი ასევე დადებითად „აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად“.
სანქციები ივანიშვილსა და მის ამალას
რეზოლუციის პროექტი „გმობს საქართველოს ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ორკესტრირებაში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის ძისი გამოთხრასა და რუსეთთან დაახლოების მცდელობაში“.
ამავე პუნქტში იგი იმეორებს მოწოდებას, დაუწესდეს პერსონალური სანქციები ივანიშვილს.
ასევე ნახეთ „კრიზისი“? „კობახიძის გუნდის შიდა გამარჯვება“? - რას ამბობს „ოცნების“ სიის ოცეული მმართველ პარტიაზე
ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, „პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც:
- პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრაზე
- პოლიტიკური ოპონენტების და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე,
- ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაზე“.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან
სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე
რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი გამოთქვამს „შეშფოთებას იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი საკანონმდებლო წინადადება ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს“.
იგი „ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“.
ასევე, „ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი „მოდარაჯის“ როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და მედია დამოუკიდებელია და თავისუფლად მუშაობს“.
ევროკავშირზე
ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით იხსენებს, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი „იმ დათქმით, რომ შეასრულებდა ევროკომისიის რეკომენდაციებს“.
რეზოლუციის იგივე პროექტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტები „აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას“ და ამან „შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“.
საუბარია, ძირითადად, „აგენტების კანონზე“, ასევე ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე.
ევროპარლამენტი, თუკი ამ რეზოლუციას მიიღებს, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, „შეახსენონ საქართველოს მთავრობას მათ მიერ აღებული ვალდებულებები და ის ღირებულებები და პრინციპები, რომელთა ერთგულების პირობაც მან დადო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს“.
რეზოლუცია ხაზს უსვამს „იმ ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომლებითაც საქართველო ისარგებლებს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, როგორიცაა გაწევრების წინა დახმარება, რომელიც აუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს, მაგრამ ასევე მხარს უჭერს ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს“.
არჩევნებსა და საზღვარგარეთ უბნებზე
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, „შეშფოთებულია“ დიასპორის მოწოდებების მიუხედავად საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების „შეზღუდული რაოდენობის“ გახსნის გამო.
ამრიგად, რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების უმრავლესობას საარჩევნო უფლება ერთმევა;
ასევე ნახეთ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები არ იხსნება, ამომრჩეველთა ნაწილი სიაში საკუთარ თავს ვერ პოულობსევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“.
პარლამენტი იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ბაზაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით.
იგი მიიჩნევს, რომ „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის აღქმასა და მის მიმართ ნდობაზე“.
აქვე გაკრიტიკებულია ანტიკორუფციული ბიუროს პირველი გადაწყვეტილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაცია გამოცხადებასთან დაკავშირებით.
აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, როდესაც ეჭვქვეშ დადგა მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ურჩია“ ბიუროს, გაეუქმებინა საკუთარი გადაწყვეტილება“. რეზოლუციის პროექტით, ეს ასევე აჩენს კითხვებს ანტიკორუფციული ბიუროს (ACB) პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით.
„ოცნების“ ბანერებზე
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გმობს „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ამსახველი მძიმე ფოტოების გამოყენებას ადამიანთა მანიპულირების, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობის გავრცელების მიზნით“.
საუბრია თბილისში 26 სექტემბრის შემდეგ გამოჩენილ საარჩევნო ბანერებზე, წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი - თბილისის სამების ტაძარი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.
ასევე ნახეთ „უარს ვამბობთ „ოცნების“ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებაზე, გვემუქრება ჯარიმები“ - სამი ტელეარხი„მშვიდობიან გადაბარებაზე“
რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი პუნქტში ევროპარლამენტი ამბობს, რომ მოელის, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას. ასევე, მოელის, რომ
„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“.
რეზოლუციის პროექტი მოითხოვს „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერებისგან, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ“.
კიდევ ერთ პუნქტში ხაზგასმულია მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა: „ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში“.
იქვე არის ოპოზიციის იმედისმომცემი ჩანაწერი, რომელიც „აღიარებს, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია“.
რუსეთის გავლენაზე
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გაზრდილი გავლენის გამო“.
ამის მაგალითებად დასახელებულია „რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაცია, გაზრდილი სავაჭრო კავშირები და რუსეთთან შერიგების სურვილი“, - „მიუხედავად უკრაინაში მისი ინტერვენციისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციისა“.
რეზოლუციის პროექტის, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას,
- დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ;
- გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა
- პატივი სცეს ვალდებულებას, ეფექტიანად განახორციელოს ზომები ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად;
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ.
ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს რუსეთის მიერ ოკუპირებული თავისივე ტერიტორიის არაღიარების პოლიტიკის ერთგული დარჩეს.
სააკაშვილის გათავისუფლებაზე
25-პუნქტიან რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხი მე-23 პუნქტშია გათვალისწინებული.
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, „მტკიცედ იმეორებს სასწრაფო მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ“. ეს მოთხოვნად დასაბუთებულია „ჰუმანიტარული მიზნებიდან და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნებიდან გამომდინარე“;
ევროპარლამენტის პროექტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს მთავრობა ეკისრება სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე“.
არქივების „დრაკონულ შეზღუდვებზე“
რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ბოლო პუნქტი ეხება საჯარო ინფორმაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
პროექტის თანახმად, „საქართველოს მთავრობამ დააწესა დამატებითი დრაკონული შეზღუდვები საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქივებზე და გამოიყენა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია თავისი ქმედებების ცრუდ გასამართლებლად“.
ევროპარლამენტი ამავე პუნქტში აღნიშნავს, რომ „საბჭოთა პერიოდის საქართველოს ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქივი (როგორიცაა ყოფილი კგბ-ს და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივები) გასული წლის ოქტომბრიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მთლიანად დაიხურა“.
„ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი
რეზოლუციის მეშვიდე პროექტის ავტორია პოლიტიკური ჯგუფი „სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN). მას სულ სამი ავტორი ჰყავს - ევროპარლამენტარები:
- ჰანს ნოიჰოფი (გერმანია, პარტია AfD),
- თომაშ ფრულიჩი (გერმანია, პარტია AfD) და
- სტანისლავ სტოიანოვი (ბულგარეთი, პარტია „აღორძინება“ (Revival)).
ESN-ი არის უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც 2024 წლის 10 ივლისს ჩამოყალიბდა.
იგი ყველაზე მცირე ჯგუფია ევროპარლამენტში. მას ევროპარლამენტში 25 წევრი ჰყავს.
ის არის „ყველაზე რადიკალური“ ჯგუფი ევროპარლამენტში.
ჯგუფის წევრი ევროპარლამენტარების უმეტესობა - 14 წევრი - არის გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი.
ასევე ნახეთ "ალტერნატივა გერმანიისთვის" - უნდა გვეშინოდეს ახალი ნაციზმის? ინტერვიუ ისტორიკოს კატია ჰოიერთან„სუვერენულ ერთა ევროპის“ 9-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი აპელირებს საქართველოს „სუვერენიტეტზე“, - ისე, რომ საერთოდ არ ახსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოსადმი, - და ევროკავშირს მოუწოდებს, „თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საკითხებში ყოველგვარ ჩარევისგან“