გარდა ამისა, ევროპარლამენტარები უარყოფითად აფასებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს. ისინი არ ცნობენ მის შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ივანიშვილთან ერთად, რეზოლუციის ახალი პროექტი ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მოსამართლეების სანქცირებას მოითხოვს.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს, რომელიც 5 ჯგუფს შორის შეთანხმებული ვარიანტია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უმსხვილესი ფრაქციები უჭერენ მხარს.
მათ შორის არიან: ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და ევროპელი კონსერვატორები. ევროკომისია, რომლის განახლებული შემადგენლობაც დღეს დამტკიცდა, მხოლოდ ამ ჯგუფების წარმომადგენლებისგან შედგება.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.
რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი ახსენებენ: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, დაშინებას, მოსყიდვას, დამკვირვებელთა შევიწროებას, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების კონფისკაციას, მათ დამცირებას როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ისევე მათ გარეთ.
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, - ვკითხულობთ ტექსტში.
ასევე ნახეთ გოშიევსკა: "მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ არჩევნების შედეგების არაღიარებას"„რამდენადაც არჩევნების ლეგიტიმაციას უკიდურესად ავნო დარღვევების მასშტაბმა, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა ცნოს მისი შედეგები“, - ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.
პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს შორის არსებული სხვაობა „ვერ აიხსნება სტატისტიკური სხვაობით“.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოითხოვენ „საარჩევნო მანიპულაციების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების დამოუკიდებელ საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიებას“.
რეზოლუციის პროექტში საუბარია წინასაარჩევნო გარემოზეც. ტექსტის თანახმად, „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების ქმედებების გამო, წინასაარჩევნო გარემო არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს.
სანქციების მოთხოვნა
ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ ტექსტში ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შემობრუნების სანაცვლოდ“.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტართა ნაწილი არჩევნებში “ოცნების“ გამარჯვებას აღიარებს და ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ედავებარეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ევროკავშირის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს. სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამას არ ემხრობა მინიმუმ ოთხი სახელმწიფო - უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი.
მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის მიერ წარსულში მიღებულმა კრიტიკულმა რეზოლუციებმა ივანიშვილის უკვე შეუქმნა პრობლემები ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე დავაში.
ივანიშვილთან ერთად, რეზოლუციის ახალი პროექტი „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, რომ სანქციები გავრცელდეს იმ მოსამართლეებზე, ვინც ჩართულები იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში.
ასევე ნახეთ ევროკავშირი არჩევნების შემსწავლელ მისიას გამოგზავნის - მინისტრების „სევდიანი დისკუსია“ საქართველოზეუვიზო რეჟიმი, ორბანი და სააკაშვილი
რეზოლუციის კიდევ ერთი ნაწილი ევროკავშირში ქართველების უვიზო მიმოსვლის გადახედვას ეხება.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, რომ შეწყვიტოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო არ იცავს დემოკრატიული მმართველობის შესაბამის სტანდარტებს.
პირადი სანქციებისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი არ სჭირდება - საამისოდ საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მინიმუმ 14 სახელმწიფოს, რომლებიც ჯამში ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ემხრობა გერმანია.
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი აგრეთვე გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში. ორბანი თბილისში 28 ოქტომბერს, არჩევნებიდან ორ დღეში ჩამოვიდა. ჯერჯერობით ის ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რეზოლუციაში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რაც აქამდე არაერთმა ევროპელმა ლიდერმა თქვა: „ვიქტორ ორბანი არ აჟღერებდა ევროკავშირის პოზიციას“.
ასევე ნახეთ კალაძის თქმით, მთავრობა ითანამშრომლებს ევროკავშირის მისიასთან, რომელსაც მდინარაძე "არარსებულს" უწოდებსტექსტის ერთ-ერთი პასაჟი ეთმობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც. ევროპარლამენტარები კვლავ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ჰუმანიტარული მიზეზებით“ და მის ჯანმრთელობაზე „სრულ და უდავო პასუხისმგებლობას“ აკისრებენ საქართველოს მთავრობას.
საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭი ეყრება ევროპარლამენტის 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - ისინი გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას.
18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში გამოგზავნის ტექნიკურ მისიას.
მისი თქმით, ეს იქნება „პოლიტიკური მისია, რომელიც გულმოდგინედ გამოიკვლევს, თუ რა მოხდა“.
„საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია [დემოკრატიის] უკუსვლის გამო. ადგილზე სიტუაცია საჭიროებს შემოწმებას, გაანალიზებას და სწორედ ამას ემსახურება ტექნიკური მისია“, - განაცხადა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ბრიუსელში მიიწვევს და გამოჰკითხავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად” - ევროპარლამენტარიცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
- „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.