Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი არჩევნების შემსწავლელ მისიას გამოგზავნის - მინისტრების „სევდიანი დისკუსია“ საქართველოზე


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 18 ნოემბრის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროკავშირის ტექნიკური მისია საქართველოში ჩამოვა და განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის. სხვა საკითხებზე, იქნება ეს არჩევნების შეფასება, სანქციები თუ უვიზო რეჟიმის შეჩერება, ევროკავშირში კონსენსუსი არაა.

„საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია [დემოკრატიის] უკუსვლის გამო. ადგილზე სიტუაცია საჭიროებს შემოწმებას, გაანალიზებას და სწორედ ამას ემსახურება ტექნიკური მისია“, - თქვა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

მისი თქმით, ეს იქნება „პოლიტიკური მისია, რომელიც გულმოდგინედ გამოიკვლევს, თუ რა მოხდა“.

ბორელმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ბრიუსელში მიიწვევს და გამოჰკითხავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.

ჟოზეპ ბორელს ტექნიკურ მისიასთან დაკავშირებით მეტი დეტალის შესახებ არ ულაპარაკია, თუმცა მან გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის კურსი.

„იმან, თუ როგორც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, დაადასტურა ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიული უკუსვლა“, - თქვა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

„"ქართული ოცნების" ლიდერებმა საქართველო ევროკავშირის გზას დააშორეს, წავიდნენ რა ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ“, - დასძინა მან.

რთულად მიღწევადი კონსენსუსი

„[ლიეტუვა] საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს“, - თქვა 18 ნოემბრის დილით, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ის აგრეთვე გამოვიდა მოწოდებით, რომ საქართველოში ჩატარდეს „დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება“ არჩევნების შესახებ.

თუ საქართველოს მთავრობა ამაზე უარს იტყვის, ეს უკვე მრავლისმეტყველი იქნებაო, თქვა ლანდსბერგისმა, თუმცა აღიარა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამ და სხვა კონკრეტულ ზომებზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არსებობს.

„იმავე სანქციებთან დაკავშირებით, ადვილი გზა არაა“, - თქვა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.

თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

„[საქართველოს] საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ იან ლიპავსკიმ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის კომენტარმაც გამოავლინა. მან თქვა:

„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“.

ამ დრომდე უნგრეთია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. არჩევნებიდან ორ დღეში პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისშიც იყო ჩამოსული. საქართველოს მთავრობის თანახმად, ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომაც, თუმცა სლოვაკურ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია განცხადება.

„სევდიანი დისკუსია საქართველოზე“

დღის განმავლობაში საქართველოს შესახებ კითხვებს უპასუხეს სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ეჭვი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. მან ასევე დაამატა, რომ საქართველოს მთავრობა „ნამდვილად არ მიჰყვება ევროპულ გზას“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუმინიტა ოდუბესკუს თქმით, ის „შეშფოთებულია“ იმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში.

დღევანდელი დღის მიწურულს კომენტარი გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმაც:

„სევდიანი დისკუსია გვქონდა საქართველოზე, რადგან, როგორც იცით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები აღრიცხეს“, - თქვა მან და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, თავისი ვადის ამოწურვამდე მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ალიანსის კარი ღია რჩება, თუმცა ევროინტეგრაციის პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, სანამ მთავრობა კურსს არ შეცვლის.

„საქართველოს მთავრობის კურსი კანონის უზენაესობასა და [ევროკავშირის] ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, მათ შორის, როგორც ჩატარდა არჩევნები, საქართველოს აშორებს ევროინტეგრაციის გზას“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

„მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე საქართველო ევროპულ გზაზე წინსვლას ვერ შეძლებს“, - თქვა მან.

„პუტინს არ ეტყობა, რომ მოლაპარაკება სურს“

დღევანდელი მინისტერიალის მთავარი საკითხი მაინც უკრაინა იყო. განხილვის საგანი აღმოჩნდა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო ზარი ვლადიმირ პუტინთან.

15 ნოემბერს შოლცსა და პუტინს შორის დიდი ხნის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, ეს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმა დღეს გერმანიის კანცლერი გააკრიტიკა.

„[პუტინმა] გუშინ სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა უკრაინელ ხალხზე, რაღატომ ვურეკავთ? ჩვენ ერთიანად, კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ. ამ ზარის შესახებ მოკავშირეებთან კოორდინაცია არ ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით სიღრმისეული ანგარიში მივიღეთ“, - თქვა მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

17 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა. რუსეთის დრონების და რაკეტების სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო ობიექტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით - რის გამოც მეზობელი პოლონეთი იძულებული გახდა, მობილიზაციაში მოეყვანა საბრძოლო თვითმფრინავები.

ამ საკითხს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ამ ზარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პუტინს უკრაინის და ამგვარად ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების განადგურება სურს“.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა კი აღნიშნა, რომ პუტინი საუბრის და მოლაპარაკების ნებისმიერ მცდელობას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მძიმე თავდასხმით უპასუხებს.

„არ ეტყობა, რომ მოლაპარაკება სურს, სულაც პირიქით“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG