იხვები დიუსელდორფში მიფრინავენ, ჯერომ - დღე მეოთხე

ევროპის ჩემპიონატის დღიურები - დღე მეოთხე.

წაგებული მატჩის შემდგომი დღე ყოველთვის ნაბახუსევს ჰგავს. სულ გუშინდელზე გეფიქრება, ბევრი არაფერი გახსოვს, მაგრამ რაღაცებს გრძნობ ისეთს, რაც არ გასვენებს. ყველას დასვენება სჭირდება, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, და ქომაგებსაც.

ვუპერტალის სადგურიდან მივედით ავტობუსების გაჩერებაზე და გავეშურეთ ჩვენს ბიჭებთან, სულ ცოტა ხანში ვარჯიში დაიწყება. გზაში საათს დავხედეთ და აღმოჩნდა, რომ ვაგვიანებდით, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის გერმანელ მძღოლებს შუმახერის სკოლა აქვთ დამთავრებული. როცა ყვითელი, ლურჯი ან მწვანე ავტობუსის მძღოლს შემოსწყრებით საქართველოში, მაღალი სიჩქარის გამო, იცოდეთ, რომ ავტობუსები ევროპაშიც დაქრიან. და რაც მთავარია - ხალხს ეს მოსწონს.

არ გამოდგა ეს სიჩქარე საკმარისი, მანძილი მაინც დიდია, გადმოვხტით ავტობუსიდან და სამიდან ერთი ინგლისურის მცოდნე ტაქსის მძღოლი ვიპოვეთ, ფუსბალ? წავედით! თურქი ყოფილა. საერთოდ, თურქები ამ ბიზნესში მრავლად არიან, 5-დან 4 ტაქსის მძღოლი თურქია.

გურჯისტან? - გამარჯვებულის ღიმილით გეკითხებიან, არაფერს ამბობს, ფრთხილობს, მაგრამ გაგრძნობინებს, რომ წინა დღით მოიგო.

მივედით ბაზაზე და იმ ფეხბურთელებს შევხვდით, ვისაც თურქეთთან არ უთამაშია, შესაბამისად, არც გადაღლილან და ბურთიც გააგორეს. ერთი რაც გავიგე ის იყო, რომ ყველაფერზე აქვთ ინფორმაცია, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, იგივე იციან მათაც, მსოფლიო გამოხმაურება, ფანების დაპირისპირება, განწყობა, რომელიც წაგებული თამაშის მიუხედავად შექმნილია ქვეყანაში, ყველაფრის საქმის კურსში არიან და, წესით, უნდა წაეხმაროს მთავარ ამბავს.

ვილი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, მასაც სჭირდება განტვირთვა.

უკანა გზაზე სისწრაფე აღარ იყო საჭირო. ბაზაზე ვახო ბზიკაძე სულ დიუსელდორფის ფინალზე მელაპარაკებოდა, გამახედა კიდეც ფანჯრიდან, გახედა ჰორიზონტს და, ეგე ე, იქ არის დიუსელდორფიო. მანიშნა, შენი ვალია ერთხელ მაინც დადგა ფეხი ამ მიწაზეო. რაინშტადიონზე მიდიო არ უთქვამს, იმიტომ, რომ ეგ სტადიონი აღარ არსებობს, დაანგრიეს. ჩაკარგეს ნანგრევებში თავის ლეგენდებიანად, ახლა მხოლოდ მოგონებები ცხოვრობს 81 წელზე.

უკან სადგურის გზაზე ერთმა ბარმენმა თავისთან მიგვიპატიჟა, საუკეთესო ლუდი მაქვსო, შიგნით პროექტორი ჰქონდა და გერმანია - უნგრეთს უყურებდნენ. საქართველოს ნაკრების გადამკიდე ვერაფერს წესიერად ვეღარ ვუყურე და მხოლოდ ახლა შევავლე თვალი გერმანიის ნაკრებს. უკვე 1:0 იყო ანგარიში. ბარში ის ორი ცალი კაციც კმაყოფილი ჩანდა. მერე ამ ბარმენმა ლუდზე გაგვიბა საუბარი, ას რაღაც სახეობის ლუდი გვაქვს და იმ ას რაღაციდან ჩემი ლუდი საუკეთესო ათში შედისო.

ჩემზე იყოსო და გამოუშვა გერმანული კათხა. მართლა კარგი იყო, მერამდენე იყო იმ ას რაღაცაში, აბა, რა ვიცი, მაგრამ ძალიან კარგი იყო. დიდხანს კიდევ ვერ გავჩერდი, აღარც ფული გადამახდევინა, ეგ არაფერი, ძმაო, 10% მაინც სახელმწიფოს მიაქვს, ასე რომ, შეგერგოსო.

შემერგო!

მივედი, როგორც იქნა, სადგურთან და წავედი მშობლიური დიუსელდორფისკენ. ალბათ ასე ნახევარ საათში ჩავედი. დიუსელდორფი ვუპერტალთან შედარებით პარიზია. შევდგი თუ არა ფეხი, ვიფიქრე, რომ მხოლოდ ახლა ჩამოვედი გერმანიაში, მანამდე რაღაც სხვა გერმანიაში ვიყავი.

ჩავედი თუ არა, თამაშიც დასრულდა, გერმანელებს ისეთი ზეიმი ჰქონდათ, გეგონება ევროპის ჩემპიონატი მოიგესო. ესეც უცნაურად მენიშნა, უნგრეთს მოუგეს, იცოდნენ, რომ მოუგებდნენ და მოუგეს. ეს ხალხი კიდევ გადავიდა ჭკუიდან, თან გერმანიის ნაკრებია, სამგზის ევროპის ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, ისტორიაში ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი, ჯგუფში მეორე თამაში მოიგეს და დაიმხეს მთელი ქალაქი.

საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან გერმანელები მღეროდნენ, ესენიც დადიან თურმე მანქანებით და ასიგნალებენ, იქნევენ დროშებს და ყვირიან ხმის გამაძლიერებელში. ყველა თამაშისგან სურთ სიამოვნების მიღება, არ აქვს მნიშვნელობა, ფინალია თუ ჯგუფური ეტაპი, ამიტომაც არის საფეხბურთო ქვეყანა.

ჩვენ შორს ვართ ჯერ ამისგან. ზემოდან გვიყვარს ყურება. ისეთი ნაკრები რომ დავამარცხოთ, როგორც უნგრეთია გერმანიასთან შედარებით, დიდად არავინ იზეიმებს, თუ ვინმე გაიხარებს, იქვე გამოჩნდება ბრძენი ქართველი, რომელიც ეტყვის - რა გიხარია, ძმაო? ამათთან მოგება რა სასიხარულოა? ხარისხი არ ვარგოდა, მწვრთნელს შეეშალა, ბოლომდე არ დაიხარჯნენ, იმან ფინტი ვერ გააკეთა, ამას პასი არ უვარგა, რა გაღრიალებს?!

მოგებაშიც მოიწყენენ. გერმანიამ კი არ მოიწყინა.

გავუყევი დიუსელდორფის სამეფო ხეივანს, ბევრი იხვით, ბევრი თევზით, ახლა მათთვის არავის სცალია. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემოდგომით ყველაზე ლამაზია, ზამთარში კი არ იყინება, წყალს შეგნებულად ათბობენ, რომ იხვები არ გაფრინდნენ. აქ მოისპო სელინჯერის ეგზისტენციალური კითხვა.

ტბა არ იყინება, ჯერომ, იხვები არ მიფრინავენ, რჩებიან დიუსელდორფში.

სამეფო ხეივნიდან სანაპიროს მხარეს გავუყევი, ბარების ქუჩას. გერმანელები ჭარბობდნენ, შოტლანდიელებიც მომხვდნენ თვალში, ამ დროისთვის უკვე შოტლანდია - შვეიცარიის მატჩი მიმდინარეობდა. მიიხედ-მოიხედავდი ადამიანი და მარტივად გაარჩევდი სქოთებს, შვეიცარიელები კი არ ჩანდნენ. მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ჩაქირიმ, ამ პატარა კაცმა, კიდევ ერთი გოლი შეაგდო ფინალურ ეტაპზე.

იყვირეს კიდეც მესაათეებმა. არც ფორმა ეცვათ, არც დროშას იქნევდნენ, ისხდნენ ათას ხალხში ასე ნეიტრალურად.

ხმამაღალი მუსიკა, ბევრი ლუდი, ისევ მოსაწევი, ჩამავალმა მზემ ცა გააფერადა და ამ ულამაზეს მწუხრში გიორგი ლომაია გამოისახა. ცაზე არა, ჩემ წინ მაგიდაზე, დევკაცივით არის გიორგი, ჩვენი ნაკრების ყოფილი მეკარე. დიდი და კეთილი კაცი. იქვე ბაჩანა ცხადაძეც იყო, ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი.

თორმეტ საათამდე ზეიმი იყო, მერე ნელ-ნელა მიწყნარდა ყველაფერი. არც შოტლანდიელებს უჩხუბიათ, მატჩი 1:1 დასრულდა. არ ჰქონდათ საჩხუბარი, თან შვეიცარიელებიც არ არიან მაინცდამაინც ჩხუბის მოყვარულები.

დიუსელდორფის რედისონთან მეგრული ჰანგები ისმოდა, რომან ფიფია ყოფილა, ძალიან ამაყი იმით, რომ დინამოს აკადემიის აღზრდილები ქმნიან გარემოს ეროვნულ ნაკრებში. ბიჭებს წარმატება უსურვა, დინამოს აკადემიის გახსნის ცერემონია გაიხსენა, სადაც კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდა მოწვეული და ერთი დასამახსოვრებელი ფოტოც შემოგვრჩა, პატარა გიორგი ჩაკვეტაძე რომ თვალებდაჭყეტილი უყურებს რონალდუს. მოვა პორტუგალიასთან მატჩი და ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, წარმოგიდგენიათო?

წარმოვიდგინე და მესიამოვნა.

დავემშვიდობეთ რომანს და წავედით სადგურისკენ. ბაღმენის მატარებელი (უბანია ვუპერტალში) 40 წუთში აპირებდა მოსვლას, მე კიდევ უკვე თავს ვეღარ ვგრძნობ მხრებზე. ერთი ცალი თურქი ბიჭი უცდიდა ჩემსავით, ამის ლოდინის თავი არა მაქვს, ტაქსით მივდივარ და თუ გინდა, წამოდი-მეთქი. წამოვიდა, ისევ თურქი ტაქსისტი შეგვხვდა, დედა იტალიელი მყავს, მამა თურქი, Deutschland Scheiße - დააყოლა გაბრაზებულმა. ამასაც ახლა საცობები არ სტანჯავდეს.

ვბრუნდები ვუპერტალში, ჯერჯერობით გერმანიის ყველაზე მახინჯ ქალაქში.