Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი მცველის შორტები და ანგარიშის შეცვლის მოლოდინი - რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია 


თურქ მცველს, სამეთ აქაიდინს განსხვავებული ნომრები ეწერა მაისურსა და შორტზე.
თურქ მცველს, სამეთ აქაიდინს განსხვავებული ნომრები ეწერა მაისურსა და შორტზე.

თურქი ფეხბურთელი, გუნდის მცველი სამეთ აქაიდინი 18 ივნისს, საქართველო-თურქეთის ნაკრებების შეხვედრისას, დორტმუნდის მოედანზე სხვადასხვა ნომრის მაისურითა და შორტით თამაშობდა. მას 4 ნომერი მაისური ეცვა, შორტი კი - 14.

ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იყო. საქართველო პირველად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე.

თურქებსა და ქართველებს შორის დაძაბული შეხვედრა „ზიგნალ იდუნა პარკის“ სტადიონზე შედგა. მატჩამდე ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ფანები ერთმანეთს გერმანულმა სპეცრაზმმა დააშორა და შუაში ჩადგა.

მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა თურქი მცველის მაისურისა და შორტის ნომრებს შორის განსხვავება შეამჩნიეს, გაჩნდა შეკითხვა - შესაძლოა თუ არა, რომ თურქეთის ნაკრებს ამის გამო დისციპლინური სასჯელი დაეკისროს. ზოგი იმასაც კითხულობდა, ხომ არ გახდება ეს მატჩის შედეგის გაუქმების მიზეზი.

საქართველო თურქეთთან ამ მატჩში 3:1 დამარცხდა.

ამ განხილვის პარალელურად საფეხბურთო ბლოგმა Geo Team-მა დაწერა, რომ თურქმა ფეხბურთელმა ძლიერი წვიმის გამო დამძიმებული შორტი შესვენებაზე გამოიცვალა და ეს ცვლილება უეფას დელეგატს შეუთანხმა.

რადიო თავისუფლებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუმარტეს, რომ უეფას რეგულაციები მსგავს შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებს და, რომ სამეთ აქაიდინის ფორმასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა თურქეთ-საქართველოს მატჩის შედეგზე არ აისახება.

ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა, მაგალითად, 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები „ატლანტიკო ქიმბერლის“ შორტებით გავიდა, ხოლო 1997 წელს „ჩელსიმ“ „ქოვენთრის“ ფორმით ითამაშა.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს. მატჩი ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონზე“ გაიმართება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG