Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეკარის კარიდან გამოყვანა იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის - ქოჩორაშვილი


გიორგი ქოჩორაშვილი, ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი
გიორგი ქოჩორაშვილი, ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თურქეთთან მატჩის ბოლო წამებზე საუბრობს და განმარტავს, რატომ გამოიყვანეს მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიდან და რატომ დააყენეს იგი მეტოქის საჯარიმოში.

"[მეკარის] გიორგის [მამარდაშვილის] გამოყვანა კარიდან იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე დავკარგოთ. როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, იმისთვის ვაკეთებთ, რომ უკეთესობა იყოს. ვცადეთ, გიორგის სახით უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონოდა, გოლი გაგვეტანა", - თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარში.

18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან ანგარიშით 3:1 დათმო.

მესამე გოლი მატჩის 97-ე წუთზე გაიტანა თურქმა ფეხბურთელმა აკთურქოღლუმ. ბოლო წუთებზე ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში იყო, რა დროსაც გადმოვარდნილი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ალთუნაშვილმა ვერ დაიმორჩილა, მას აკთურქოღლუ დაეუფლა, სწრაფად გადაკვეთა მოედანი საქართველოს ნაკრების ნახევრის მიმართულებით და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მატჩში ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა თურქმა ფეხბურთელმა მერტ მულდურმა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ იგი შვიდ წუთში გაათანაბრა. 66-ე წუთზე არდა გიულერმა საჯარიმოს გარედან შორეული, უძლიერესი დარტყმით კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ თურქეთი.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე. მატჩს ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონი“ უმასპინძლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG