და მაინც, შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს?

„არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს“ - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ მესამე პრეზიდენტზე ნათქვამმა, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს გაუჩინა გარკვეული იმედი, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა გადახედოს რამდენჯერმე წარმოთქმულ ფრაზას - „არა და არასოდეს!“ და მაინც შეიწყალოს პატიმარი.

საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ყურადღებით ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ, პარალელურად, დაასახელა არგუმენტები, რის გამოც მას არ შეუძლია, ან სახიფათოდ მიაჩნია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება და საკითხს სასამართლოს გადასაწყვეტად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი შეწყალებას არ ითხოვს, მაგრამ მისი ადვოკატი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მაინც გეგმავს.

  • კონკრეტულად რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი და რამდენად დამაჯერებელია მისი არგუმენტები?

რას გადაწყვეტს პრეზიდენტი?

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, და BBC-სთან ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა სამკურნალოდ და ისიც დაამატა, რომ - მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს“.

მე ძალიან ახლოდან ვადევნებ თვალს მასზე სამედიცინო დაკვირვების პროცესს, - ესეც სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია. მაგრამ თუკი ინტერვიუს სრულ ტექსტს გადავხედავთ, სააკაშვილის პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა სალომე ზურაბიშვილს არა შეწყალების, არამედ სასამართლოს გზით წარმოუდგენია.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მე სახელმწიფოს მეთაური ვარ და არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს

ასევე ნახეთ სააკაშვილის ადვოკატს ზურაბიშვილთან შეხვედრა უნდა

რა იგულისხმა ზურაბიშვილმა? ხომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას? - ახლა, როცა საბოლოო საექსპერტო დასკვნის მოლოდინში არიან, დისკუსიებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს გარკვეული იმედი მაინც გაუჩნდათ.

პრეზიდენტთან თავისი ადვოკატის გაგზავნა გადაწყვიტა თავად მიხეილ სააკაშვილმაც. „შენ შეხვდი [ზურაბიშვილს], დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორია, ეს იყო მისი [სააკაშვილის] პოზიცია“, - უთხრა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს 22 ნოემბერს, პატიმრის კლინიკაში მონახულების შემდეგ. ადვოკატი აზუსტებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეწყალებას არ ითხოვს, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეხვდება, საექსპერტო დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს პატიმარი ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან მიმართებით არაერთხელ აქვს წარმოთქმული სიტყვები - „არა და არასოდეს!“. თუმცა, 2022 წლის აპრილში, გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ პატიმრისთვის დასმულ მძიმე დიაგნოზს გარემოებების შეცვლა შეუძლია. „თუ მას ნამდვილად დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად“, - უთხრა ზურაბიშვილმა Foreign Policy-ს.

თუკი სალომე ზურაბიშვილი პატიმრის საზღვარგარეთ მკურნალობას ემხრობა, რატომ არის შეწყალების წინააღმდეგი?

BBC-სთან ინტერვიუში ის ორ არგუმენტს ასახელებს: 1. არ აქვს ამის უფლებამოსილება; 2. არ უნდა, რომ იქცეს „მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად“.

პრეზიდენტს ამ თემაზე დამატებითი კომენტარები აღარ გაუკეთებია.

უფლებამოსილება

სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტებს არ ფლობს იმის გამო, რომ საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის“, „მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეადა ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საქმის განხილვა დასრულდება“.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ესა თუ ის პირი და გაანულოს მისი მსჯავრი იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც უკვე არსებობს განაჩენი; ხოლო ცალკე საკითხია მიმდინარე საქმეები:

„მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, რამდენიმე განაჩენი უკვე სახეზეა და პრეზიდენტს შეუძლია მათზე გამოიყენოს შეწყალების უფლება. იმ საქმეებზე კი, რომლებზეც ჯერ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, თუკი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არსებობს, მაშინ ბრალდებული გისოსებს მიღმა დაელოდება განაჩენს... ასეთ შემთხვევაში, მის გასათავისუფლებლად, დამატებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იქნება საჭირო“.

მიხეილ სააკაშვილის სათვალავზე ორი განაჩენი და მიმდინარე სამი საქმე ირიცხება.

როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყოფილ პრეზიდენტს ამ ეტაპზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არცერთ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით არ აქვს შეფარდებული; რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყალების შემთხვევაში, ის მყისიერად დატოვებს საპატიმროს.

2018 წელს მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმისფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.
ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმისფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - .. პიჯაკების საქმე) და 2007 წლის 7 ნოემბერსმომიტინგეთა მასობრივი დარბევისადახელში ჩაგდებისმიზნითტელეკომპანიაიმედშიშეჭრის საქმეებთანდაკავშირებით.
საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ, ამას ასევე დაემატა მესამე საქმე - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრლდებით.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეცია აქვს და უჭირთ იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი; მაგრამ იმედოვნებენ, რომ ძალაშია მისი სიტყვები - "არა და არასოდეს!". პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა აგოს პასუხი".

ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მართლაც დაღუპვის შემთხვევაში, "საქართველოს სიტუაცია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აუფეთქდება და ფლაგმანი ამ შემთხვევაში იქნება უკრაინა", რადგან "სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კიევი ამ ფაქტს ასე იოლად არ გაატარებს". ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტმა განხეთქილება გამოიწვიოს "ქართული ოცნების" რიგებშიც.

"დიდი პოლარიზაცია"

სალომე ზურაბიშვილი უკვე თვეებია აცხადებს და ეს მან BBC-სთან ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში პოლარიზაციას გაზრდის.

საქართველოში ვრცლად ავხსენი, თუ რატომ არ შევიწყალებდი მას [მიხეილ სააკაშვილს]. ეს არის დიდი პოლარიზაციის ფაქტორი. საქართველოში პრაქტიკულად, არ არსებობს არცერთი ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად უნდა ვიქცე...“, - განაცხადა ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში.

ეს არგუმენტი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ექსპერტებს.

„სინამდვილეში, პირიქით არის. სააკაშვილის ფაქტორის მოხსნა, რასაც ვუყურებთ, მხოლოდ დაამშვიდებს საზოგადოებას და არანაირად არ გახდება პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი. ყველაზე უკმაყოფილო ხალხის დიდი ნაწილიც თანახმა იქნება ამაზე [შეწყალებაზე], რადგან დაიღალნენ მუდმივი ჯიჯგნით. საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ ეს ადამიანი საკმარისად დაისაჯა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას
ასევე ნახეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექიმთა ჯგუფმა ინფორმაცია მიაწოდა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სწორედ პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთ წინაპირობად არის დასახელებული ანგარიშსა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს დაამტკიცა. „ჰუმანიტარული მოსაზრებებით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება - ამ დოკუმენტში, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ითხოვენ.

ევროპარლამენტის კომიტეტმა, 8 ნოემბერს, მხარი აღარ დაუჭირა შესწორების პროექტს, რომლის მიხედვითაც - სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად უნდა განსაზღვრულიყო.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

ასევე „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების მიცემაზეა ლაპარაკი ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციაში.

ამ დოკუმენტებში შეწყალების მექანიზმი არ არის ნახსენები, მაგრამ, როგორც ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, „ჰუმანიტარული მისაზრებები“ შეწყალებასაც გულისხმობს.

ასევე ნახეთ რა ჩაიწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში - მთავარი მოკლედ

სააკაშვილის გათავისუფლება მოთხოვნილია ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ოქტომბერში დამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ რეჟიმად“ აღიარებს.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოში ლაპარაკი დაიწყო იმაზე ადრე, ვიდრე ის ჩამოვიდოდა და დააპატიმრებდნენ. ოპოზიცია ამ საკითხზე მაშინ პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების პირველი მკაფიო ნიშნების ფონზე მსჯელობდა. ეს საკითხი სხვადასხვა ჯგუფმა პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს წამოწყებული „ეროვნული თანხმობის პროცესის“ ფარგლებშიც წამოსწია. პროცესს შედეგი არ მოუტანია.

ასევე ნახეთ დეგნანი: განვაგრძობთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად მძიმდება.

ადვოკატები სასჯელის გადავადების მიმართულებით, უკვე არაერთი თვეა, მუშაობენ. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სასჯელის გადავადების საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.