Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექიმთა ჯგუფმა ინფორმაცია მიაწოდა


სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრიდან გამოდიან. 5 მაისი, 2022 წელი
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრიდან გამოდიან. 5 მაისი, 2022 წელი

სამედიცინო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი პრეზიდენტის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში, ქეთევან თათოშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ექიმებმა მედიას უთხრეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლების მდგომარეობის შესახებ და მოისმინეს მზაობის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად.

ვილი პაჭკორია
ვილი პაჭკორია

როგორც გვითხრეს, თავად პრეზიდენტი არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და თავად ქალბატონ სალომეს აინტერესებს ექიმებისგან დეტალები, თუ რა სიმძიმესთან გვაქვს საქმე და ჩვენ, ექიმები, ყველანაირად ვეცადეთ, რომ დეტალურად ჩაგვეყენებინა საქმის კურსში", - უთხრა "კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ ჟურნალისტებს.

პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს თქმით, მოისმინეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხს ყურადღებით ეკიდებიან.

გიორგი ჩახუნაშვილი
გიორგი ჩახუნაშვილი

"ჩვენ განვიხილეთ დეტალურად საკითხები, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ჩვენი მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ხაზი გავუსვით იმას, რომ მისი იქ გაჩერება და მკურნალობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს კარგად გადავეცით, კარგად მოგვისმინეს და მზაობა დადებითი გვაქვს, რომ აუცილებლად, როგორც ადამიანურად, როგორც მოქალაქეობრივად და როგორც პრეზიდენტი, რაღაც ქმედით ნაბიჯს გააკეთებს", - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში, 29 აპრილს ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გაიმეორა პოზიცია, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

"ე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო შარშან, იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შერიგების და დეპოლარიზაციის პროცესს. ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ - ეს არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმით შეწყალების წინააღმდეგია.

4 მაისს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მასთან შეხვედრის შესახებ, წერილობით უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. ის აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს შეხვედრის აზრს, რადგან მას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება. 4 მაისს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს ციხიდან მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. მან სურვილი გამოთქვა, რომ ციხეში მოინახულონ, როგორც პაციენტი.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG