გურამ კაშიას თამაში - მეტი, ვიდრე ფეხბურთი

გურამ კაშია

გურამ კაშიას მხარდამჭერების აქტიურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით. ბევრი მათგანი 9 სექტემბერს დინამო-არენაზე დანიშნულ საქართველო-ლატვიის მატჩზე მისვლას და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის მხარდაჭერას აპირებს. 9 სექტემბრისთვის ემზადებიან “ქართული მარშის” აქტივისტებიც, რომლებმაც ჰომოფობიური ნიაღვარი დაატეხეს გურამ კაშიას მას შემდეგ, რაც უეფამ ქართველი ფეხბურთელი თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა ლგბტ თემის მხარდაჭერისათვის.

ასევე ნახეთ #გურამშენთანვართ - ჰეშთეგი გურამ კაშიას მხარდასაჭერად

გურამ კაშიას წინააღმდეგ მძლავრი ჰომოფობიური ტალღა მეორედ აგორდა - პირველად 2017 წლის 23 ოქტომბერს, როცა ჰოლანდიური "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა, მეორედ კი ახლა, როცა, UEFA-ს გადაწყვეტილების პასუხად, ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ ნანობს ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას.

გურამ კაშიას მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა UEFA, რომელმაც 30 აგვისტოს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში კაშიას მხარდასაჭერი კლიპი გამოაქვეყნა.

„არა ფობიას!“ - ასე ჰქვია სამოქალაქო პლატფორმას, რომლის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კაშიას წინააღმდეგ აგორებული აგრესიული კამპანია - სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი ჰომოფობია - აზიანებს საქართველოს განვითარების პროცესს. "სან ხოსეს" გულშემატკივრებმა კი კაშიას მხარდასაჭერად პოსტერები მიიტანეს სტადიონზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის თქმით, გაზრდილი ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება. გიორგი მშვენიერაძე ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო რეაგირება ჰქონდეთ მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი მშვენიერაძე გურამ კაშიას მიმართ აგორებული აგრესიის ახალი ტალღის შესახებ

9 სექტემბრის მატჩისთვის ემზადებიან სპორტის ქართველი ჟურნალისტებიც, თუმცა მათი ინტერესი ამჯერად მხოლოდ მინდორზე მიმდინარე დაპირისპირებით არ შემოიფარგლება. საინიციატივო ჯგუფის წევრის, ჟურნალისტ ეკა ელოშვილის თქმით, იგეგმება მასშტაბური მხარდაჭერის აქცია, რადგანაც საქართველოს ნაკრების გარდა 9 სექტემბერს ასევე ქომაგობა სჭირდება საქართველოს თავისუფალ მომავალს.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ელოშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერასა და 9 სექტემბრის სამზადისზე

საქართველო-ლატვიის მატჩისთვის ემზადებიან და დინამო-არენაზე მისვლას აპირებენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა ინტერესების სფეროში აქამდე არ შედიოდა ფეხბურთი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინო დანელია ამბობს, რომ გურამ კაშიას კარგ თამაშთან ერთად მხარდაჭერას იმსახურებს მისი სწორი სამოქალაქო პოზიცია. „ზიზღის ნიაღვარი, რომელიც გურამ კაშიას წინააღმდეგ წამოვიდა, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - ამბობს ნინო დანელია.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო დანელია გურამ კაშიას მხარდაჭერის მნიშვნელობაზე

დიდი სურვილის მიუხედავად, 9 სექტემბრის მატჩს ვერ დაესწრება და გურამ კაშიას ტრიბუნებიდან ვერ უქომაგებს ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, რომლის თქმითაც, გურამ კაშიას მხარდაჭერა არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის მხარდაჭერა. „ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და თანასწორობაზე აგებული იმ სისტემის მხარდაჭერა, რომელშიც ყველას გვინდა ცხოვრება. შეიძლება, როგორც მუსლიმს, მეც არ მომწონდეს ბევრი რამ, მაგრამ არც მე და არც სხვა ვინმეს არ უნდა ჰქონდეს საერთო სივრცის მონოპოლიზების ილუზია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც 9 სექტემბერს საზღვარგარეთ იქნება, თუმცა, მისივე თქმით, ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს საქართველოს ნაკრებისა და გურამ კაშიას საქომაგოდ.

Your browser doesn’t support HTML5

ტარიელ ნაკაიძე კაშიას მხარდაჭერაზე

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა მამა თამაზმა, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა:

შორიდან დაიწყეს: ჯერ ხანუქას დღესასწაულზე მიუვარდნენ ქართველ ებრაელებს, შემდეგ როკკონცერტი ჩაშალეს, შემდეგ სტუმრად ჩამოსულ რომის პაპს ჩაუსაფრდნენ აეროპორტში და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი გამოლანძღეს წარმოუდგენელი უწმაწურობით და ახლა ქართულ ფეხბურთსაც მიადგა ეს მეტასტაზები - საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემუქრებიან. ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია ეს “ქართული მარში” ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად. არ ენდოთ მათ. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!”

9 სექტემბრისათვის დანიშნულ საფეხბურთო მატჩს სპორტულზე მეტი შინაარსი და დატვირთვა მას შემდეგ მიეცა, რაც მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ, უეფას მიერ გურამ კაშიას დაჯილდოების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუკგვერდზე ჰომოფობიური და მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: “ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ“. მორგოშია 29 აგვისტოს შს სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს გარემოება არ ცვლის მის გეგმებს, აპირებს მატჩზე მისვლას მხარდამჭერებთან ერთად, მრავალი პერფორმანსის მოწყობას და ლგბტ-ს სიმბოლიკის - მათ შორის დროშების - დაწვას. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, მისი ამგვარი აქტივობა რამდენად წაადგება ეროვნულ ნაკრებსო, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ისედაც ყოველ მეორე შეხვედრას აგებს.

Your browser doesn’t support HTML5

კონსტანტინე მორგოშია - 9 სექტემბრის მატჩზე