Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#გურამშენთანვართ - ჰეშთეგი გურამ კაშიას მხარდასაჭერად


#გურამშენთანვართ - გზავნილი ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში 28 აგვისტოს გამოჩნდა. ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სოციალური ქსელების მომხმარებლები საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს ფეხბურთელის მხარდამჭერ ფოტოებსა და გზავნილებს ავრცელებენ.

28 აგვისტოს გურამ კაშიამ ფეისბუკგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის შეურაცხმყოფელი სტატუსები, რაც უეფას ჯილდოს მოჰყვა. 22 აგვისტოს უეფამ გურამ კაშია თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის.

22 აგვისტოდან მოყოლებული ფეხბურთელის მიმართა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების ნაკადი არ დაილია.ფეისბუკის გაუქმებადე და ინსტაგრამის ანგარიშის დახურვამდე სოციალურ ქსელში გურამ კაშიამ დაწერა:

​გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს გურამ კაშიას მხარდამჭერ ფოტოს

ნიკა ჯღარკავა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამ კაშიას"

29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გაჩნდა ე.წ. ფეისბუკ ჩარჩო წერწერით „მხარდაჭერა გურამ კაშიას“. ფეისბუკის პროფილის ფოტოს ჩარჩო დახატა გიორგი გაგლოშვილმა, იდეის ავტორი კი ზურა ნიჟარაძეა, რომელიც რადიო თავისუფლებას ეუბნება: „ნიუსი შემხვდა, სადაც ეწერა, რომ გურამ კაშიამ ფეისბუკი გააუქმა. ძალიან მალე ინსტაგრამზე გაჩნდა ფლეშმობი, სადაც ხალხი Day Story-ში გურამ კაშიას ფოტოებს ტვირთავდა ჰეშთეგებით #გურამშენთანვართ #მხარდაჭერაგურამკაშიას. სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ ინსტაგრამს იმდენი მომხმარებელი არ ჰყავს რამდენიც ფეისბუკს, ამიტომ ვთხოვე გიორგი გაგლოშვილს ფეისბუკ-ჩარჩოს გაკეთება და უკვე ბევრმა მომხმარებელმა ატვირთა“.

​გურამ კაშია ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოების თავდასხმის მსხვერპლი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გახდა. 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში მან ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, გურამ კაშიამ თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების გამო, 29 აგვისტოს შს სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 6 სექტემბერს უეფას "ერთა ლიგის" პირველ შეხვედრას ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ასტანაში გამართავს. 9 სექტემბერს კი ლატვიის ნაკრებს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG