40 დღის წინ კურსკის ტერიტორიაზე გადასულ ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს უკრაინის არმიის რიგებში მყოფი ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა.
ეს ინფორმაცია მაშინ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ მიაწოდა.
რამდენიმე დღეში ასევე ვანო ნადირაძისგან შევიტყვეთ კურსკში გიორგი ფარცვანიას მძიმე კონტუზიის შესახებ.
მკურნალობის შემდეგ გიორგი ფარცვანია ჩვეულ ფორმას უბრუნდება და ამბობს, რომ არც იარაღის კედელზე ჩამოკიდებას აპირებს.
რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ფარცვანიამ გაიხსენა კურსკის ტერიტორიაზე შესვლის პირველი წუთები, პირველი ბრძოლები და პირველი დანაკარგები.
კობა ლიკლიკაძე: გიორგი, გამარჯობა, მიხარია, რომ გხედავ ისევ საბრძოლო ფორმაში. პირველ რიგში გვითხარი როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
გიორგი ფარცვანია: მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში, მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო. მინდა გიორგი ანწუხელიძეს ბოდიში მოვუხადო. იმ 2008-ში დაღუპულ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო. 90-იან წლებში ვინც დაიღუპა მაშინ იმ რუსული აგრესიის მიერ. აი, მაგ ბიჭებს, გმირ ბიჭებს მინდა მოვუხადო ბოდიში. პირველ რიგში ამას ვიტყვი. თავს ვგრძნობ ცოტა, სიმართლე გითხრათ, ცუდად. ერთი დღე ვიყავი მარტო საავადმყოფოში და მეორე დილას ეგრევე გავიქეცი, რომ შემესრულებინა დანარჩენი მისია. კონტუზია მივიღე. სამწუხაროდ, კიდევ აღმომიჩინეს თავში კისტა და მკურნალობაა საჭირო, მაგრამ მაქვს ძალა იმისა, რომ გავაგრძელო მისიები.
2 წლის წინ გიორგი ფარცვანია უკრაინაში საომრად ისე წავიდა, რომ ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ის ვანო ნადირაძის დანაყოფში ჩაეწერა და ორი თვის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. მათ შორის ყველაზე მძიმე ბრძოლა ირპენში გადაიტანა.
კობა ლიკლიკაძე: გიორგი, ვერ გავატარებ [უყურადღებოდ] იმ ბოდიშს, რომელიც თქვენ თავში მოიხადეთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ ასე დაგეწყოთ ჩვენთან საუბარი?
გიორგი ფარცვანია: იმიტომ, რომ, პირდაპირ ვიტყვი, იმ ნაგავი ივანიშვილის… განცხადების გამო, რაც გააკეთა რამდენიმე დღის უკან. აი, მაგიტომ.
"დღემდე ჩემი ჯგუფიდან დაკარგულად ითვლება უმაგრესი ადამიანი"
კობა ლიკლიკაძე: გიორგი, კურსკის ტერიტორია რჩება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცხელ წერტილად რუსეთ-უკრაინის საომარ თეატრში. თქვენ და თქვენი თანამებრძოლები, როგორც ზემოთ ვთქვი, ერთ-ერთი პირველი შეხვედით კურსკის ტერიტორიაზე საბრძოლო ამოცანის შესრულების პროცესში. ახლა, როცა თვეზე მეტია გასული, როგორ გაიხსენებთ იმ პირველ წუთებს, როდესაც თქვენ (მახსოვს, ქართული დროშაც გეჭირათ) თქვენს ჯარისკაცებთან ერთად გადახვედით რუსეთის ტერიტორიაზე? რა განწყობაც დაგეუფლათ?
გიორგი ფარცვანია: განწყობა ნამდვილად მქონდა ძლიერი. არასოდეს არ წამიღია ტელეფონი წინა ხაზზე, არასოდეს. იმიტომ, რომ ვანო (ნადირაძე) გვიკრძალავდა ყოველთვის ტელეფონების ტარებას, მაგრამ ისეთი ისტორიული დღე იყო ჩემთვის, რომ ნამდვილად წავიღე იმ დღეს ტელეფონი, რომ გადამეღო როგორ ავაფრიალე ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართული დროშა. დიახ, სირთულეები იყო ნამდვილად. სირთულეები ის იყო, რომ სანამ მივუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილამდე, იყო დანაღმული ველი, „სიურპრიზებით“. ისეთი ნაღმები იყო, რომლებიც ზემოთ ხვდება და ისე წყდება. საშინელება იყო. ერთ-ერთ შესვლაზე ჩვენი ბატალიონიდან არა, მაგრამ ჩვენი თანამებრძოლი მოხვდა „რასტიაჟკაში“ (ასე ეძახიან ხაფანგ-ნაღმზე მიბმულ ბაწარს - რედ.) და აფეთქდა, ვერ გადავარჩინეთ, სამწუხაროდ. სისხლისგან ეგრევე დაიცალა. დაჭრილებიც გვყავდა. ერთი ჩვენი თანამებრძოლი დაიჭრა ჩემი ჯგუფიდან. ახლა კარგად არის, თავს კარგად გრძნობს. მკურნალობს. და კიდევ, როდესაც შევედით უკვე ქალაქში, პირველად სოფელი იყო იქ, ისე გვიყურებდნენ, გეგონება მოვკლავდით ან რაღაცას ვუზამდით. მაგრამ როცა დაინახეს, რანაირი ადამიანები ვიყავით ჩვენ, რომ ისეთები არ ვართ, როგორიც რუსები არიან, პირიქით დამშვიდდნენ და გვთავაზობდნენ საჭმელს, წყალს და ასე შემდეგ.
“მალე გაგახარებთ - კიდევ სიახლეები იქნება”
კობა ლიკლიკაძე: გიორგი თქვენ ახლა თქვით, რომ რუსეთის მოსახლეობასთან მოგიწიათ შეხვედრა, მაგრამ უშუალო საბრძოლო მოქმედებაში თუ იყავით მოწინააღმდეგესთან შესული კურსკის ტერიტორიაზე?
გიორგი ფარცვანია: კი, მოწინააღმდეგესთან როგორ არა. ჩასაფრებაშიც მოვხვდით, უფრო FPV (First Person View) დრონები გვიბათქუნებდნენ, „კამიკაძე დრონებს“ ვეძახით, ტანკია, არტილერია ეს 120-მმ-იანი ქვემეხები. ყველაფერი იყო ერთად. დღემდე ჩემი ჯგუფიდან დაკარგულად ითვლება უმაგრესი ადამიანი. უკვე ერთი თვეზე მეტია გასული და არაფერი ვიცით მასზე. დაბომბვის დროს დამალვა სცადა, მაგრამ არ ვიცით, თუ სად არის. ცოცხალია თუ ტყვედ არის, არაფერი არ ვიცით.
კობა ლიკლიკაძე: თქვენ გარდა, თქვენს რაზმში ქართველი თუ არის სხვა?
გიორგი ფარცვანია: დიახ, ორი ქართველი ვართ ჩვენ. სამწუხაროდ, იმ ქართველის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ. მაგრამ კი, ჩემთან არის ერთი ქართველი.
კობა ლიკლიკაძე: გიორგი, თქვენ რომ ახსენეთ ვანო, უნდა დავაზუსტო, რომ ეს ალბათ ვანო ნადირაძე გყავთ მხედველობაში, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელსაც ჩვენი მსმენელი და ტელემაყურებელი კარგად იცნობს.
გიორგი ფარცვანია: მინდა პირდაპირ ეთერში მადლობა გადავუხადო ვანო ნადირაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც მასწავლა და დღემდე მასწავლის. ვანო რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად მთელი ჩემი ჯგუფი, ყველა მოვკვდებოდით იქ (კურსკში). ჩვენ ვანოს წყალობით ვართ ცოცხლები სუყველა.
კობა ლიკლიკაძე: საბრძოლო ოპერაციები გრძელდება კურსკის რაიონში, კურსკის ტერიტორიაზე და, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ის მიმდინარეობს უკრაინული დღის წესრიგით. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში თქვენი საბრძოლო დამსახურება თუ იქნა რაღაცნაირად შეფასებული? ხომ არ გადმოგეცათ რაიმე ჯილდო კურსკის ოპერაციაში მონაწილეობისთვის?
გიორგი ფარცვანია: პირველ ყოვლისა, ასე ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ყველა პოზიციას, მივიწევით წინ. მე ახლა სხვა მიმართულებაზე ვარ და მალე გაგახარებთ - კიდევ სიახლეები იქნება. სხვა ოპერაციას ვაკეთებთ, რომელზეც ჯერჯერობით ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობთ. და ჯილდოსთან დაკავშირებით, დიახ, წარდგენილი ვარ, ველოდები ამ დღეებში ჯილდოს. ორი ადამიანი ვართ წარდგენილი ჩემი ჯგუფიდან, ის არის ჩემი მეწყვილე, ისიც ათმეთაურია. 22 წლისაა, მაგანაც მაგრად ივაჟკაცა, მაგ ბიჭმა. ახლა ერთი თვეა რაც მკურნალობს, რადგან ძალიან მძიმე კონტუზია მიიღო. ორი ადამიანი ვართ წარდგენილი და ველოდებით მედალს.
- ამ დღეებში უკრაინული რესურსები, ისევე როგორც ომის მომხრე რუსი ბლოგერების ნაწილი, იუწყებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარღვევაზე გლუშკოვსკის რაიონში და ინტენსიურ შეტაკებებზე სოფელ ვესიოლოესთან. ამასთან, როგორც ამტკიცებდნენ, ამ ოპერაციის წარმატების შემთხვევაში, უკრაინის სამხედროები რუსეთის დაჯგუფების ზურგში მოექცევიან.
- არაერთი წყარო, მათ შორის ომის მომხრე ბლოგერები „დვა მაიორა“, „რიბარი“ და იური პოდოლიაკა, იტყობინება, რომ ბრძოლები მიმდინარეობს თავად სოფელში, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ან კიდევ უფრო შორს, და სოფელი შეიძლება დაკავებული იყოს უკრაინელი სამხედროების მიერ. სხვა წყაროები, მაგალითად, არხი Condotierro, ირწმუნებიან, რომ შეტევა შეჩერდა ვესიოლოეს მისადგომებთან და ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ნოვი-პუტში, საზღვრიდან ორი კილომეტრის დაშორებით.
ასევე ნახეთ რუსეთის კურსკის ოლქის ორ რაიონში გამოცხადდა სავალდებულო ევაკუაცია
ასევე ნახეთ „ჩვენ ამ ომს წავაგებთ“ - უკრაინაში რუსეთის „არქტიკული ბრიგადის“ დაღუპვის ამბავი