Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კურსკის ოლქის ორ რაიონში გამოცხადდა სავალდებულო ევაკუაცია


მოსახლეობის ევაკუაცია კურსკის ოლქში
მოსახლეობის ევაკუაცია კურსკის ოლქში

რუსეთში, კურსის ოლქში, გამოცხადდა უკრაინასთან მოსაზღვრე ხომუტოვსკის და რილსკის რაიონების მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია - ამის შესახებ 16 სექტემბერს იუწყება რეგიონის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი. მისი თქმით, ევაკუაცია შეეხება დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

გადაწყვეტილება მიღებულია "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე", "უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", - წერს სმირნოვი ტელეგრამით.

უკრაინის სამხედროების მხრიდან საზღვრის მიღმა მდებარე ხომუტოვსკის და რილსკის რაიონებში შეჭრის მცდელობაზე ბოლო პერიოდში ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს კურსკის ოლქის გლუშკოვსკის, სუჯანსკისა და კორენევის რაიონებში, რომლებიც აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. იქ უკრაინის სამხედროები აგვისტოს დასაწყისიდან აკონტროლებენ ტერიტორიების ნაწილს.

ბოლო დღეებში ორივე მხარე იუწყებოდა განხორციელებულ თავდასხმებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კონტრშეტევისას დაიბრუნეს 10-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, უმეტესად კორენევიდან აღმოსავლეთით. უკრაინული რესურსები, ისევე როგორც ომის მომხრე რუსი ბლოგერების ნაწილი, იუწყებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარღვევაზე გლუშკოვსკის რაიონში და ინტენსიურ შეტაკებებზე სოფელ ვესიოლოესთან. ამასთან, როგორც ამტკიცებდნენ, ამ ოპერაციის წარმატების შემთხვევაში, უკრაინის სამხედროები რუსეთის დაჯგუფების ზურგში მოექცევიან.

რილსკის რაიონში - ცენტრის, ქალაქ რილსკის გამოკლებით, რომელსაც ევაკუაცია არ ეხება - ცხოვრობს 14 ათასამდე ადამიანი, ხომუტოვსკში - რვა ათასზე მეტი. თუმცა ევაკუაციას ყველა დასახლებული პუნქტი არ ექვემდებარება.

მთავრობის მონაცემებით, კურსკის რეგიონიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ამ დრომდე გავიდა ან ევაკუირებულ იქნა 130 ათასამდე ადამიანი. ზუსტი მონაცემი არ არსებობს იმაზე, თუ რამდენი პირი რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG