„შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილი დოკუმენტის შესრულების მიმართ კრიტიკული შეფასებების განხილვა არ შედიოდა ბათუმში 19 ივლისს გამართული საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგში. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის ამ ხმაურიან საკითხზეც იმსჯელა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ამავე თანმიმდევრობით გამართული შეხვედრების ფარგლებში.
ის, რაც შარლ მიშელმა თქვა, თბილისს მანამდეც არაერთხელ აქვს მოსმენილი ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან, თუმცა 19 ივლისამდე თვლიდა, რომ აბსოლუტურად მართალი იყო და გაუგებრობას ზოგი საერთაშორისო პარტნიორის არაკეთილსინდისიერებას მიაწერდა.
- რა არჩევნის წინაშე დგას საქართველოს ხელისუფლება?
- რა არჩევანი აქვს საქართველოს და რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ?
"გაშვებული შესაძლებლობა"
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, თავის გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ საქართველო აპირებს 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და იქვე დაამატა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და შემდგომი რეფორმები:
„როგორც თქვენ იცით, ჩემმა მთავრობამ პირობა დადო მოამზადოს საქართველო 2024 წლისთვის ოფიციალური განაცხადის წარსადგენად ევროკავშირის წევრობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებითა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“.
პრემიერი ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულება კვლავაც რჩება საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად, მთავრობა ასევე „გულმოდგინედ აგრძელებს“ რეფორმებს და ევროკავშირთან დაახლოების იმედიც აქვს.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას დაკარგულ შესაძლებლობას უწოდებსამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საზოგადოებამ მოისმინა ევროკავშირის უმაღლესი პირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საკმაოდ მკაცრი საჯარო შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმების პროცესი მოიკოჭლებს და - ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა 19 აპრილის შეთანხმების („შარლ მიშელის შეთანხმების“) ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება - კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად განსაზღვრული მოთხოვნა დაარღვია.
შარლ მიშელის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას შეეხებოდა - ხმაურიან პროცესს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ვერც საერთაშორისო პარტნიორების მკაცრმა განცხადებებმა შეაჩერებინა.
შარლ მიშელმა ბრიფინგზე თქვა შემდეგი:
- „19 აპრილის შეთანხმების სრული შესრულება რჩება საუკეთესო გარანტიად საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წასაწევად, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“
- „სასამართლო რეფორმა წარმოადგენს 19 აპრილის შეთანხმების არსებით ნაწილს და საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების გამოყოფის პირობას“;
- „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბოლო დროინდელმა დაჩქარებულმა დანიშვნამ არასრულად ასახა საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებთან გამართული კონსულტაციების შედეგები. ეს აშკარად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო“.
მალევე, შარლ მიშელის სახელით განცხადება ტვიტერზეც გამოჩნდა. ევროკავშირის უმაღლესი პირის პირველი გზავნილი არა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას, არამედ სწორედ 19 აპრილის შეთანხმებას უკავშირდებოდა. განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამ შეთანხმების შესრულების გარეშე, საქართველოს დემოკრატიული განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„19 აპრილის შეთანხმების შესრულება, როგორც ტექსტის მიხედვით, ასევე სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, რჩება საუკეთესო გარანტიად საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წასაწევად, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“.
შარლ მიშელმა 19 ივლისს ასევე მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციას, სრულად შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას. ამ დრომდე ამ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია ენმ-ის ბლოკს.
ასევე ნახეთ "შარლ მიშელის" შეთანხმების დარღვევა - "ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებმა მოატყუეს?ვერ დაარწმუნეს?
ის, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, თბილისს ბოლო პერიოდში არაერთხელ აქვს მოსმენილი, ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან. სხვა საკითხია, რომ თავის სიმართლეში დარწმუნებული „ოცნება“ მუდმივად აცხადებდა, რომ ასრულებდა ყველა ვალდებულებას და ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“ იყვნენ შეცდომაში შეყვანილი.
16 ივლისს ხელისუფლების ლიდერებმა ისიც კი განაცხადეს, რომ თავადაც დარჩნენ იმედგაცრიებული, როდესაც - შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავებული ძველი დოკუმენტის ჩანაწერი 19 აპრილს გაფორმებული საბოლოო შეთანხმების ტექსტში მოხვდა და ამ საკითხის გასაჯაროება სწორედ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნის გამო გადაიფიქრეს.
ბოლო დღეებში „ქართულ ოცნებაში“ რადიო თავისუფლებას არაერთხელ უთხრეს, რომ საკითხის ძირეული განმარტების შემთხვევაში, ბრიუსელი და ვაშინგტონი ყველაფერს შესანიშნავად გაიგებდნენ.
თუმცა ფაქტია, რომ შარლ მიშელის წარმოდგენების შეცვლა ვერ მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მას ამ განცხადებების გაკეთებამდე შეხვდა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: მიშელს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდებაშეხვედრიდან გამოსული პრემიერი კი ძველებურად აცხადებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი ვალდებულებები აქამდეც შეასრულა და აწიც იგივენაირად გააგრძელებს.
"პირველ რიგში, მას მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენგან - ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება და შესრულდება. მე ვუთხარი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რაც არის შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სტაბილურობის. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რომ უკმაყოფილო იყო და სავარაუდოდ, საჯაროდაც საკმაოდ მწვავე განცხადებებს რომ გააკეთებდა, ეს ინფორმაცია მედიას მიაწოდეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც შარლ მიშელს პრემიერ-მინისტრამდე შეხვდნენ.
მათი განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კარგად არის ინფორმირებული და მათ შორის - 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებითაც.
თავის განცხადებაში შარლ მიშელი ამ საკითხსაც შეეხო. აღნიშნა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ცენტრალურ როლს თამაშობს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი საქართველოზე: უმცირესობათა უფლებები მარგინალური საკითხი არ არის„უმცირესობათა უფლებები მარგინალური საკითხი არ არის - მრავალფეროვნების და ადამიანის ღირსების პატივისცემა არსებითია ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. გამოხატვის, პრესის და შეკრების თავისუფლების საკონსტიტუციო უფლებები დაცული უნდა იყოს“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი მთავრობას მიმართავსრას დავკარგავთ, თუ...
ექსპერტებს უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება თავად შარლ მიშელისგან მოსმენილი განცხადებების შემდეგ. თუმცა მათთვის იოლად სავარაუდოა, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს ევროკავშირი - მოსამართლეებთან თუ საერთოდ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული რეფორმების ხელისუფლების მიერ არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში.
"რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი აუცილებლად გამოიყენებს იმ მექანიზმს, რის შესახებაც მუდმივად გვაფრთხილებდა, 19 ივლისს შარლ მიშელმაც გაიმეორა და შეაჩერებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს (75 მილიონი ევრო).
„ეს ძალიან ცუდი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვისაც და იმიჯისთვისაც. დემოკრატიული რეფორმების ჩავარდნის შემთხვევაში, პირდაპირ გვეტყვიან - ჯობია 2024 წლისთვის საერთოდ არ შემოიტანოთ განაცხადი წევრობაზე, რადგან უარყოფითი დასკვნა იქნებაო...
თუკი ჟურნალისტების ცემა და იგნორირება გაგრძელდება, თეოკრატიას გამოაცხადებენ და მთავრობა მოძალადე ჯგუფებს უბატონოდ ხმას ვერ გასცემს, ელექტორატის დაკარგვის შიშით, მერე თანდათან სულ უფრო მეტი რამ შეგვეკვეცება და პერსპექტივა დაგვეკარგება.
ასეთი პროცესებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერების ადგილსაც დავკარგავთ.
აგერ მოლდოვაში ვხედავთ, რომ პროევროპულმა ძალებმა გაიმარჯვეს. მთავრობაც პროევროპული ეყოლებათ და პრეზიდენტიც. შესაბამისად, ძალიან სწრაფად მიიღებენ შესაბამის კანონებს“.
ასევე ნახეთ მაია სანდუს განცხადებით, ოლიგარქიულმა სისტემამ მოლდოვა ჩაითრიათავისი ქვეყნის ამბიციურ გეგმებზე მოლდოვას პრეზიდენტმა თავად ილაპარაკა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. მან თქვა, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი, რადგან მანამდე „ოლიგარქიულმა სისტემამ და კორუფციამ ქვეყანა ჩაითრია“ და რეპუტაციადაკარგული მოლდოვა აღარ იყო ევროკავშირის სანდო პარტნიორი.
„რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ ბრიუსელში მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა“ – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ბათუმის კონფერენციაში, "ასოცირებული ტრიოს" ფორმატში უკრაინის პრეზიდენტიც მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდითკახა გოგოლაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ძალიან კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს დღემდე „ერთი ადამიანი“, დეკლარირებულად პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი მართავს და ახლა ევროკავშირმა პოზიციები სწორედ მას უნდა დაათმობინოს.
დასაკარგი მხოლოდ ეს 75 მილიონი ევრო არ არის.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენროცა მოძალადე ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს და დაწვეს, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეის სტუმრობდა.
სწორედ მისი ვიზიტის ფარგლებში გახმაურდა ინიციატივა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 7 წლის განმავლობაში 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვის შესახებ. ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ამ გეგმის თანახმად, 1.17 მილიარდი საქართველოს გრანტის სახით გამოეყოფა.
ამ ინიციატივისთვის შარლ მიშელს მადლობა 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გადაუხადა. თუმცა ყველაფერი, ექსპერტების აზრით, დიდწილად საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
„დაუჯერებელი ბავშვი“
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ახლებურ ფორმატში ჩატარების ინიციატივა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის ჯერ კიდევ აპრილში, საქართველოში შარლ მიშელის მეორე ვიზიტის დროს გაახმაურა.
19 აპრილის შეთანხმება მაშინ სულ რამდენიმე დღის ხელმოწერილი იყო. შესაბამისად, დღის წესრიგში არ იდგა მისი დარღვევის საკითხი და, ცხადია, არც 5 ივლისის მოვლენები იყო მომხდარი.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი გარდაუვალიაარავინ იცის, მაინც ჩამოვიდოდა თუ არა საქართველოში შარლ მიშელი, რომ არა ეს კონფერენცია. ბევრი ფიქრობს, რომ ვიზიტი მაინც შედგებოდა დაგროვილი პრობლემებისა და იმ ფაქტის გათვალსიწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებული პოლიტიკური დიალოგი პირადად მისი ინიცირებული იყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობდა და ამ ტურნეს ფარგლებში არაერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის ძლიერ დაინტერესებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებით. საგანგებო მხარდაჭერა გამოიხატა სომხეთის მიმართ და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის შესახებაც.
კახა გოგილაშვილის განმარტებით, „ოცნება“ გამოიყურება ახლა „დაუჯერებელი ბავშვივით“, რომელიც არ ითვალისწინებს მისთვის მხოლოდ კარგის მსურველი და „გადაყოლილი“ მშობლების მნიშვნელოვან რჩევებს და მათი შენიშვნების მიღება არ უნდა.
თუმცა, ექსპერტი ასევე გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ამჟამად მყოფ პირებს შესაძლოა „ძალიან გაუმართლათ“ კიდეც, საქართველოში დაგროვილ პრობლემებს ეს საერთაშორისო კონფერენცია და შარლ მიშელის ჩამოსვლა რომ დაემთხვა, რადგან ისინი ასე უფრო იოლად გაამართლებენ კომპრომისის აუცილებლობას იმავე ბიძინა ივანიშვილის წინაშე.
„ერთი ადამიანი რომ კარნახობს მათ - ასე გააკეთეთ და ისე გააკეთეთო, ახლა გასამართლებელი საბუთი ექნებათ - აი ევროკავშირი და აშშ გვავალდებულებენო... იქიდან იმან შეიძლება უთხრას -თქვენც ადექით და გააკრიტიკეთ, უთხარით - ჩვენს სუვერენიტეტში ნუ ერევიანო... ესენი თუ ეტყვიან ამას ევროკავშირს, პასუხად მიიღებენ - ააა, სუვერენიტეტში ვერევით?! მაშინ დაემშვიდობეთ ჩვენს დახმარებასო და უკან დასახევი ადგილი აღარ რჩება“ - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.
ასევე ნახეთ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე აქცია გაიმართაბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა მრავალჯერ და მათ შორის - ბრიფინგზეც დაუსვეს ასეთი შეკითხვაც - "როდის გადადგებით?" ირაკლი ღარიბაშვილმა დაწყებული წინადადება შუაზე შეწყვიტა, მედიას უმისამართო მადლობა გადაუხადა და ტრიბუნა დატოვა.