ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საქართველოსთვის დაკარგული შესაძლებლობაა. მან იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც ამ დრომდე არ აქვთ შეთანხმებაზე ხელი მოწერილი, მოუწოდა, შეერთებოდნენ დოკუმენტს და მიზეზებზე ისაუბრა.
"ჩემი მთავარი მესიჯი, მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული პროგრესი პოლიტიკური და მართლმსაჯულების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ეს რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა ფინანსური დახმარების. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა", - თქვა მან.
შარლ მიშელის ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერენ ხელს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".
ამ დოკუმენტით მხარეები თანხმდებოდნენ მათ მიერ დასახელებული საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, ე.წ. პოლიტიკურ საქმეებზე და ა.შ. შეთანხმების მიუხედავად, მმართველი პარტიის უმრავლესობით კვლავ დაინიშნა უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეები - ამას საქართველოს პარტნიორები და ქვეყანაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 19 აპრილის შეთანხმებასთან შეუთავსებლად მიიჩნევდნენ.