შეთანხმება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა და ის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის ერთადერთ მექანიზმად იქნა მიჩნეული. 3 თვის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ, რომ შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია და ისინი არც სანქციებზე საუბარს არიდებენ თავს. მმართველი პარტია, უკვე კარგა ხანია, ამერიკელებსა და ევროპელებს პასუხობს, რომ მათი წარმოდგენები მცდარია. 16 ივლისს კი, „ოცნებამ“ მიანიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ის მოატყუეს.
- რისკენ მიუთითებენ საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები?
- რატომ არ იზიარებს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს?
- როგორ შეფასდა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები?
კრიტიკის წვიმა
ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მწვავე განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება. 16 ივლისს, ტვიტერის საშუალებით, განცხადება თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც გამოაქვეყნა.
ენტონი ბლინკენი წერს:
„შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დამტკიცებით, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ ამბიციურ სასამართლო რეფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის“.
„ამბიციური სასამართლო რეფორმა“ – 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა. სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემდგომი დანიშვნის პროცესი და დოკუმენტში ეს პირდაპირ, მკაფიოდ წერია. „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი მაინც გააგრძელა და 12 ივლისს, პარლამენტში 6 ახალი მოსამართლეც დაამტკიცა.
„ღრმა წუხილია“ ნახსენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში. ტექსტში ვკითხულობთ:
- 19 აპრილის ვალდებულებების არშესრულება „კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.
- 19 აპრილის შეთანხმების არასრული შესრულება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასაც, რადგან შესაძლოა „შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა“.
- სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ“ და, პარალელურად, „გააძლიეროს პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“.
იოლი წარმოსადგენია, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილი დოკუმენტის სადავო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი ექნება თავად შარლ მიშელსაც. მას საქართველოში ორშაბათს, 19 ივლისს ელოდებიან.
მანამდე კი, ბრიუსელიდან თბილისმა უკვე მოისმინა მწვავე განცხადებები, მათ შორის, დაფინანსების სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მაკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის მიღება (75 მილიონი ევრო) სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს უკავშირდება და დიალოგის გაგრძელებაა საჭირო.
„(მოსამართლეთა) დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს“, - ვკითხულობთ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ 14 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მაინც გაგრძელდა.
პროცესი თითქმის დასრულებულია
სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი „ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე“. მაგრამ, იურისტების თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული მიზნების უდიდესი ნაწილი უკვე აღასრულა.
პროცესის არითმეტიკა ასეთია:
- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა მუშაობდეს;
- 6 ახალი მოსამართლის 12 ივლისს დანიშვნის შემდეგ, ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 23 მოსამართლე იყრის თავს;
- უვადოდ არის დანიშნული 23-დან 20 მოსამართლე. აქედან 14 მოსამართლე - პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა;
- ამ ეტაპზე უვადოდ დასანიშნია კიდევ 5 მოსამართლე.
მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას განაგრძობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და, სავარაუდოდ, ამ პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ არც პარლამენტში გეგმავს. მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნებს არ იზიარებს.
„ქართული ოცნების“ შეშფოთება
მმართველი პარტიის ლიდერები 16 ივლისს, ვაშინგტონის მწვავე გზავნილების შემდეგაც, ისევ აქტიურად იმეორებდნენ - რომ ყველაფერი სწორედ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.
პოზიციის ახსნას ვრცელი განცხადებით შეეცადნენ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული პოლიტიკური დიალოგის მონაწილე დეპუტატები - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი. მათ მიერ გავრცელებულ ტექსტში ჩანს გულისწყრომაც საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებსაც ისინი პრაქტიკულად ტყუილში ადანაშაულებენ.
ტექსტში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ:
- შეთანხმების საბოლოო, 19 აპრილს გამოქვეყნებულ ვარიანტში მოხვდა პროცესის „დაპაუზების“ შესახებ ძველი ჩანაწერები - პროცესის მედიატორის, შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული „პოლიტიკური შეთანხმების პირველადი პროექტიდან“;
- ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ კრისტიან დანიელსონთან წინასწარ შეთანხმდა და 19 აპრილისთვის, „ქართულ ოცნებას“ უკვე შეტანილი ჰქონდა სასამართლო კანონმდებლობაში ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად „პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას“;
- ასევე კრისტიან დანიელსონთან შეთანხმების ნაწილი იყო, რომ შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, აღარ შეფერხებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა;
- ძველი პროექტის ჩანაწერი საბოლოო ვარიანტში რომ მოხვდა, „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები; ხოლო მათგან „მიიღო თხოვნა - „19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა“.
- ამ ფაქტის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ზედმიწევნით შესრულდა“ პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად გამწესებისგან და კანონის განახლებამდე „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ "დააპაუზა" გასაუბრების პროცესი“ და კონკურსი ხელახლა გამოაცხადა;
- შემდეგ კი, განახლებული კანონმდებლობის ფონზე, პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნა გააგრძელა, საკონსტიტუციო ვალდებულებების შესაბამისად.
თალაკვაძე, კობახიძე და პაპუაშვილი შეშფოთებასაც გამოხატავენ:
„შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.
ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს“.
ვის ეკუთვნის "ოცნების" საყვედურები?
„ქართულ ოცნებას“ გულისწყრომის ადრესატთა გვარ(ებ)ი არ დაუსახელებია, მაგრამ ბევრმა იფიქრა, რომ ადრესატთა შორის იგულისხმებოდა კელი დეგნანი. თითქმის ყველამ იცის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმირების ძირითად წყაროს სწორედ ელჩები წარმოადგენენ და სხვა გზებით მიღებული ცნობების გადამოწმებაც სწორედ მათთან ხდება.
მოსამართლეთა თემაზე ბოლო კვირებში გაკეთებულ განცხადებებში ელჩმა არაერთხელ მიანიშნა, რომ არ იზიარებს „ქართული ოცნების“ არგუმენტებს და დანიშვნების პროცესის გაგრძელება, სწორედ 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
16 ივლისს კი, კელი დეგნანმა გარკვევით თქვა, რომ ვაშინგტონიდან წამოსული გზავნილები „ნაჩქარევი“ არავის უნდა ეგონოს:
„აშშ-ის მთავრობისა და მათ შორის - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ნაჩქარევად გაკეთებული. ეს არის შეშფოთების მესიჯები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან, რომლებიც ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული“.
ელჩმა თავი არ აარიდა ჟურნალისტების შეკითხვებს - მოსალოდნელია თუ არა სანქციების დაწესება. მან განმარტა, რომ „სანქციები ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს“.
„აშშ-ის ელჩის განცხადება არის უკიდურესად მართებული და კრიტიკულად აუცილებელი ქართული დემოკრატიისთვის და მართლმსაჯულებისთვის. ახლა საჭიროა, რომ მოხდეს უცხოელი პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტული წრეების პოზიციების კონსოლიდირება, განმტკიცება და ყველა მექანიზმის გამოყენება, რომ დასრულდეს სასამართლოს "კლანური მმართველობა", რომლითაც საზრდოობს საქართველოს ხელისუფლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, იურისტი დავით ჯანდიერი.
მისი განმარტებით, ძლიერი და სანდო სასამართლო სისტემა საქართველოს პირველ რიგში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ესაჭიროება და ასევე სასამართლო სისტემაზეა დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაც, რადგან მიუკერძოებელი მართლმსაჯულება აუცილებელი პირობაა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
როგორ შეფასდა შეცვლილი კანონი?
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებული ტექსტში ლაპარაკია ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების შესრულებაზე; „შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით კი, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში „სრულად უნდა იყოს შესრულებული“ ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები.
ამასთან, პარლამენტს ამ დრომდე არ დაუწყია მუშაობა „ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე“, რომელიც ასევე 19 აპრილის დოკუმენტით არის განსაზღვრული.
- ვენეციის კომისიის მიერ 28 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ჩამოთვლილია მთელი რიგი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ევროსაბჭოს სტრუქტურა მნიშვნელოვნად თვლის და მათ შორის არის რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
- მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან მიმართებით 9 ივლისს მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR).
აშშ-ის საელჩოს 15 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესულმა ცვლილებებმა, „სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია - მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით“.
ევროკომისიის წარმომადგენლის 14 ივლისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით“.
არასამთავრობო სექტორი მუდმივად ლაპარაკობდა პროცესის შეუსაბამობაზე საერთაშორისო რეკომენდაციებთან.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 26 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში შენიშნავს იმ გარემოებას, რომ კანონის მიღების დროს „ქართული ოცნება“ პარლამენტში თითქმის მარტო იყო, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ბოიკოტის ფონზე:
„კანონი "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მიიღო დაჩქარებული წესით, შეთანხმების გაფორმებამდე, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის და ინკლუზიური პროცესის გარეშე, ის ვერ ჩაითვლება ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ კანონად, რომლის მიღებამდეც, შეთანხმების მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ყველა დანიშვნა“.
სასამართლო სისტემის რეფორმირების ეტაპებს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა დავით ჯანდიერი. მისი თქმით, ფრაგმენტული მიდგომებისა და ხელისუფლების სათანადო ნების არარსებობის პირობებში, საქართველოში ძირეული სასამართლო რეფორმის გატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ერთი-ორი ან თუნდაც ათი ადამიანი სასამართლო სისტემაში ვერაფერს შეცვლის... სიტუაცია ვერაფრით გამოსწორდება. სისტემა არის "კლანის" კადრებით დაკომპლექტებული, ჩაბეტონებული და თავიდან ბოლომდე დარღვევა და ახლიდან აწყობაა აუცილებელი... ამ ხელისუფლების პირობებში მე სასამართლოს რეალური რეფორმირება არ წარმომიდგენია“, - გვეუბნება ჯანდიერი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული შეთანხმება ევროკავშირისა და აშშ-ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, 19 აპრილს, პოლიტიკური კრიზისის მეექვსე თვეს გაფორმდა. ამის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად შეახსენებდნენ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ აუცილებელი იყო შეთანხმებაში გაწერილი თითოეული პუნქტის შესრულება და თანაც ისე, რომ - ფართო კონსენსუსის პრინციპი არ დარღვეულიყო.
ფართო კონსენსუსის მიღწევა ვერც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის პროცესში მოხერხდა.
28 ივნისს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა განახლებული საარჩევნო კოდექსი, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ფრაქციებმა.