ბანკები: სანქციებს დავიცავთ. ხელისუფლება: ნუ იჩქარებთ

რას ნიშნავს „სანქციების აღსრულება“ პრაქტიკაში?

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ახალი სანქციები დაუწესა. ადრესატებს შორის მაღალჩინოსნებიც არიან - შსს-ს სპეცრაზმის უფროსი და მისი მოადგილე. კომერციული ბანკები არაფერს ამბობენ. მათ ნაცვლად საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად იცავს და დაიცავს“ სანქციებს.

პასუხად პრემიერ-მინისტრი ბანკებს მოუწოდებს, დაემორჩილონ „კანონმდებლობას და კონსტიტუციას“. ეროვნული ბანკი მათ შეახსენებს ნათია თურნავას ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეზე სანქციები ვრცელდება მხოლოდ „სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.

არათუ სასამართლოს განაჩენი, არ არსებობს რაიმე საჯარო დირექტივა, რომელიც რომელიმე საგამოძიებო უწყებას სანქცირების შემდეგ გამოძიების დაწყებას დაავალდებულებდა.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ერთ-ერთ სანქცირებულს ანგარიში „ქართუ ბანკში“ აქვს, მეორეს - „თიბისი ბანკში“, მესამე ამბობს, რომ 2010 წლიდან საქართველოსა და ევროპაში საბანკო ანგარიში აღარ ჰქონია. მეოთხის საკითხი უცნობია.

და, მაინც, ეროვნული ბანკიც და ბანკებიც ამბობენ, რომ საბანკო სისტემა სანქციების რეჟიმს იცავს. რას ნიშნავს „სანქციების აღსრულება“ პრაქტიკაში?

თვისებრივად ახალი ტიპის სანქციები

სანქცირებულ ოთხ ადამიანს შორის ორი ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერია, ორიც - მოქმედი მაღალჩინოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ისინი მუშაობას აგრძელებენ.

ასევე ნახეთ აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატების 16 სექტემბერის გადაწყვეტილება აქამდე საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებული სანქციებისგან განსხვავდება:

  • 2023 წლის 5 აპრილს შტატებმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, - „სასამართლოს კლანს“ - დაუწესა სანქციები. ეს მხოლოდ სავიზო შეზღუდვები იყო სახელმწიფო დეპარტამენტისგან. მოსამართლეებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. ეგ იყო და ეგ.
  • 2023 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, „რუს-ქართველ ოლიგარქ“ ოთარ ფარცხალაძეს დაუწესა სანქციები „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ საპასუხოდ. ეს ზომა, სავიზო შეზღუდვებთან ერთად, ქონებისა და ანგარიშების ბლოკირებას ითვალისწინებდა. ფარცხალაძის კომპანიებისთვისაც. გადაწყვეტილება კი ეფუძნებოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წლის №14024 აღმასრულებელ ბრძანებას, რაც რუსეთის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“ დაწესდა.

ახალი სანქციები კი სახაზინო დეპარტამენტმა და მისმა საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დააწესეს და ითვალისწინებს ქონების გაყინვასა და აქტივებზე წვდომის შეზღუდვას. თავისი არსით, იგი ფინანსურსა და სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური ხასიათისაა.

პრემიერმა კობახიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ სჯერა, რომ სანქცირების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო და აშშ-ის ხელისუფლებაში „არაფორმალურ გავლენებზე“ მიანიშნა. მმართველი პარტია მეორე წელია ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელიც აშშ-სა და ევროპას მართავს და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰყავს მიზანში ამოღებული.

ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან

ახალი სანქციები ეფუძნება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2017 წლის №13818 აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „მაგნიტსკის აქტზეა“ დაშენებული.

„მაგნიტსკის აქტი“ 2012 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომელმაც სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს. წლების განმავლობაში აქტის ადრესატების სია გაფართოვდა და ამჟამად მასში 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული.

„მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში.

სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) საქართველოს ოთხივე მოქალაქე - „თანამდებობის პირები და ექსტრემისტები“ - „მაგნიტსკის სიაში“ დაამატა.

ზვიად ხარაზიშვილი, შსს-ს სპეცრაზმის უფროსი

ვის სად აქვს ანგარიში?

ბანკები ამაზე არ საუბრობენ და მიზეზად კომერციული საიდუმლოს ცნებას იყენებენ. რადიო თავისუფლების მონაცემები კი ასეთია:

  • ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი: ბოლო დეკლარაციის თანახმად, 2024 წლის ივნისისთვის, მას სახელფასო ანგარიში აქვს „თიბისი ბანკში“.
  • მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე: დეკლარაციას არ ავსებს; სად აქვს ანგარიში, დაუზუსტებელია. ვარაუდობენ, რომ მასაც „თიბისის“ ანგარიში აქვს.
  • კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერი: ამბობს, რომ 2010 წლის შემდეგ არც საქართველოსა და არც ევროპაში ანგარიში არ აქვს და „პრაქტიკულად ეს სანქციები არაფერს ნიშნავს ჩემთვის“.

ასევე ნახეთ კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ მილიონი ლარი შეიტანა "ალტ-ინფოში" 2022 წელს
  • ზურაბ მახარაძე, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერი: როგორც მორგოშია გვეუბნება, მახარაძეს „ქართუ ბანკში“ აქვს ლარის ანგარიში, სადაც შემოწირულებებს იღებდა.

კოკა მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, ზურა მახარაძის ეს ანგარიში, შტატებისგან სანქციების მიუხედავად, კვლავ ფუნქციონირებს.

„არ დაუხურავთ… როგორც ვიცი, მეც რომ მქონოდა ანგარიში რომელიმე ბანკში, შარშან, თუ არ ვცდები, ფარცხალაძის [სანქცირების] შემდეგ ეროვნული ბანკის ბრძანებით, სანქცია ავტომატურად არ ვრცელდება და არც მე დამიხურავდნენ“, - უთხრა კოკა მორგოშიამ რადიო თავისუფლებას.

კოკა მორგოშია

ასეთია მთავრობისა და ცენტრალური ბანკის პოზიციაც.

პრემიერი და ეროვნული ბანკი vs ბანკები?

როდესაც 17 სექტემბერს ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს სანქცირებაზე ბანკების პასუხზე დაუსვეს კითხვა, კობახიძემ თქვა:

„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას… ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის… დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“.

მეორე დღეს, 18 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს საჯაროდ შეახსენა მისი მოქმედი პრეზიდენტის, ნათია თურნავას 2023 წლის ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე გამონაკლისს აწესებს.

ბრძანება ამბობს, რომ სანქციების ეფექტი მათზე მხოლოდ მაშინ შეიძლება გავრცელდეს, თუკი „სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.

არ არსებობს საჯაროდ გამოქვეყნებული რეგულაცია, რომელიც რომელიმე სახელმწიფო უწყებას დაავალდებულებდა, უშუალოდ სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყოს გამოძიება „სანქცირების საფუძველზე“, - მით უმეტეს, რომ სანქცირების საფუძველი ყოველთვის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი შეიძლება არც იყოს.

რადიო თავისუფლებამ იკითხა, ხომ არ დაუწყიათ ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის შესახებ გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, - უწყებაში, რომელიც პოლიციელთა გადაცდომებს იძიებს. საგამოძიებო სამსახურისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

რას ამბობენ ბანკები?

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკს“ რამდენიმე კითხვით.

არათუ ისინი, არამედ არცერთი კომერციული ბანკი არ აკეთებს არანაირ კომენტარს სანქციებზე. ერთი ძირითადი არგუმენტით: ეს საკითხები შეიცავს კომერციულ საიდუმლოს.

თუმცა რადიო თავისუფლების კითხვები მხოლოდ სანქცირებულ პირებს არ ეხებათ; ბანკებისგან გვაინტერესებდა ზოგადი მიდგომები, ზუსტი სამოქმედო გეგმა.

„ბანკების ნაცვლად“ მედიას ესაუბრება „საქართველოს საბანკო ასოციაცია“, - არასამეწარმეო იურიდიული პირი, - რომელშიც საქართველოში მოქმედი ბანკები ერთიანდებიან.

ალექსანდრე ძნელაძე

თუმცა დამაზუსტებელ კომენტარს არც მისი პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აკეთებს.

რადიო თავისუფლებას ვრცელ კითხვებზე საბანკო ასოციაციიდან მხოლოდ ეს ორი წინადადება მისწერეს:

  1. „საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია“.
  2. „ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“.

ეს მოკლე განმარტება ვერ უპასუხებს იმ კითხვებს, რაც ამ ამბავზე ჩნდება.

თურნავას ბრძანება? სანქციები? თუ რაიმე შუალედური?

ერთი შეხედვით, პრემიერი და ეროვნული ბანკი სანქციების აღსრულებაზე უარისკენ მოუწოდებენ ბანკებს. როგორ მოიქცევიან ასეთ დროს ბანკები?

კომერციული ბანკები საქართველოს სასამართლოში გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან, თუ განაჩენის გაჩენამდეც ასრულებენ სანქციათა რეჟიმის მოთხოვნებს? - ამაზე ბანკები ღიად არ საუბრობენ და ეს საკითხი ბუნდოვანია.

„საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ბანკებმა გაატარონ კონკრეტული შემზღუდავი პროცედურები, უნდა დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. თუმცა შეიძლება არ დაელოდონ“, - უთხრა ნათია თურნავამ რადიო თავისუფლებას 2023 წელს, ფარცხალაძის სანქცირებისა და წესის შეცვლის შემდეგ.

ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

არც ის არის ბოლომდე ცხადი, პრემიერ-მინისტრ კობახიძისა და ეროვნული ბანკის 17-18 სექტემბრის კომენტარებმა მიდგომებში მნიშვნელოვანი განსხვავება გამოაჩინა თუ არა.

საბანკო ასოციაციას ვკითხეთ, როგორ ესმით ეროვნული ბანკის განცხადება, თუმცა დამატებითი კომენტარი არ მიგვიღია.

იმას, რომ საფინანსო სექტორი „იცავს“ სანქციების მოთხოვნებს, საბანკო ასოციაციის გარდა, ეროვნული ბანკიც ამტკიცებს.

„ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად“, - ამბობს სებ-ი.

საბანკო ასოციაციის განცხადება, მართალია, არ ახსენებს ადგილობრივ კანონმდებლობას, მხოლოდ ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავს. მაგრამ რა შეიძლება ჩაითვალოს სანქციების დაცვად და რა - დარღვევად?

არსებობს თუ არა თანხის რაიმე ზღვარი, სადამდეც ტრანზაქციები/თანხის გატანა დაშვებულია? მაგალითად, სანქცირებულ პირს შეუძლია x-ზე ნაკლები თანხის ანგარიშზე ქონის შემთხვევაში, ნაშთი გაანულოს/ტრანზაქცია განახორციელოს, x-ზე მეტის შემთხვევაში კი სრულიად ებლოკება წვდომა - არსებობს ასეთი x თანხა? თუ თანხის ნებისმიერ მოცულობაზე ერთი და იგივე წესი ვრცელდება? - ბანკები არც ამ კითხვაზე პასუხობენ.

„ლარში გაატანონ - თეორიულად შესაძლებელია“

კიდევ ერთი ბუნდოვანი საკითხი საბანკო ანგარიშების ვალუტას ეხება.

აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციები ეხება დოლარს, ევროსა და გირვანქა სტერლინგს.

ლარის ანგარიშების საკითხი ღიად არის დარჩენილი.

2023 წელს, ფარცხალაძის საქმის შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნათია თურნავამ განაცხადა:

„ეროვნულ ვალუტაში [ბანკი სანქცირებულ პირს] მოემსახურება თუ არა, ეს საკითხი აქამდეც ღია იყო. ეს საკითხი არ არის გაწერილი პირველად სანქციებში. შეიძლება მეორადი სანქციების საფუძველი გამხდარიყო ან არ გამხდარიყო. ბანკები აქამდეც თავისუფლებიც იყვნენ ამ საკითხში და თვითონ წყვეტენ რისკების შეფასებიდან გამომდინარე“.

„თეორიულად ადრეც შესაძლებელი იყო [ბანკს ლარში გაეტანებინა სანქცირებული პირისთვის თანხა]“, - გვითხრა მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

სახელმწიფო უწყებები ეროვნულ ვალუტაში გასცემენ ხელფასებს. სპეცრაზმის უფროსმა ხარაზიშვილმა 2023 წელს ხელფასად 111 363 ლარი მიიღო.

ხარაზიშვილიც და მისი მოადგილეც მუშაობას აგრძელებენ.

მათ ხელფასი უნდა აიღონ.

ერთ-ერთი სანქცირებულის, ზურაბ მახარაძის ლარის ანგარიში „ქართუ ბანკში“ არ დაუხურავთ.

ბანკები არ პასუხობენ, როდესაც სანქციები წესდება, სანქციების სუბიექტი პირის ანგარიშებს ყველა ვალუტაში ხურავენ/წვდომას უზღუდავენ, თუ მხოლოდ აშშ/ევრო/გირვანქა სტერლინგში.

„არაკონსტიტუციური“

ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს კომერციულ ბანკებს „კონსტიტუციის დაცვისკენ“ მოუწოდა.

2023 წლის სექტემბერში, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, კობახიძემ, - მაშინ ჯერ კიდევ პარტიის თავმჯდომარის რანგში, - განაცხადა, რომ ადამიანის ანგარიშის გაყინვა სანქციების საფუძველზე „ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი“.

ირაკლი კობახიძე ბანკებს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს

სწორედ მისი ამ განცხადების შემდეგ შეცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის ადრინდელი მიდგომა და გამონაკლისი დაუშვა.

ფარცხალაძეს 14 სექტემბერს დაუწესეს სანქციები. 18 სექტემბერს თურნავამ ბრძანება შეცვალა.

ამ ცვლილებით, კომერციულ ბანკებს სებ-ისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა.

ასევე ნახეთ ეროვნული ბანკი რიგითი ფარცხალაძისა და „სხვა ნებისმიერის“ გადასარჩენად - სუვერენიტეტის სახელით

გავლენა ქვეყანაზე

ეროვნული ბანკის მოქმედი ბრძანება აჩენს რისკებს საფინანსო სექტორისათვის.

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ექვემდებარებიან არა მხოლოდ ადგილობრივ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეთანხმებებსა და წესებს, - იქნება ეს ფულის გათეთრების თუ სანქციების აღსრულების საკითხებში.

თუკი სანქცირებული პირი კომერციულ ბანკს სასამართლოში უჩივლებს, არგუმენტით, რომ ბანკმა ანგარიშებზე წვდომა ისე შეუზღუდა, რომ ქართულ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა დამდგარი, ჩნდება შანსი, რომ სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

და თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ბანკმა სანქცირებულ პირს ანგარიშზე წვდომა უნდა აღუდგინოს, ბანკი:

  1. ან იძულებული ხდება, სანქცირებულ პირს წვდომა აღუდგინოს, რაც პოტენციურად იწვევს სანქციების დარღვევას;
  2. აღსრულებაზე უარის შემთხვევაში, ექმნება პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებისაგან.

იმ - ნაკლებად სავარაუდო - შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სანქციებს დაარღვევს, თავად დადგება სანქცირების რისკის წინაშე, - რაც მათთვის ჩამოშლის ტოლფასია.

ასეთ სცენარში პრობლემები შეექმნება მთელი ქვეყნის ეკონომიკას.

საქართველოში 2024 წლისთვის 17 კომერციული ბანკი მოქმედებს. მათი აქტივების ჯამური ღირებულება 80 მილიარდ ლარს სცდება.

ბანკები საქართველოს ეკონომიკის მთავარი დამფინანსებლები არიან - აძლევენ სესხებს მოქალაქეებს მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს. საფინანსო სექტორი იზიდავს ყველაზე მეტ ინვესტიციასაც.

ასევე ნახეთ ჩინოვნიკების აქტივებს გაყინავენ, შეიძლება ანგარიშები დაუხურონ - ექსპერტებს ვკითხეთ, რანაირი შეიძლება იყო აშშ-ის მთავრობის სანქციები

ნათია თურნავას ის ბრძანება, რომელიც გამონაკლისს აწესებს საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს სასამართლოში უკვე გასაჩივრებული აქვს რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს. იგი ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ აწარმოებს დავას.

ასევე ნახეთ „პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ „ლიბერთისა“ და ეროვნულ ბანკს უჩივის - სანქციების წინააღმდეგ

რა მოსდის ქონებას?

საქართველოში სანქციების აღსრულების წესი მხოლოდ საფინანსო სექტორში არსებობს.

არ არსებობს საჯარო დოკუმენტი, რომელიც მიანიშნებდა, რომ საქართველო ავრცელებს სანქციებს სანქცირებულ პირთა უძრავ ქონებასა და ძვირადღირებულ მოძრავ ნივთებზე.

ეს ნიშნავს, რომ სანქცირებულ პირებს საკუთრების განკარგვის უფლება უნარჩუნდებათ, - ეს კი ამცირებს მსგავსი შეზღუდვების დაწესების მიზნის მიღწევის ეფექტიანობას და ეწინააღმდეგება სანქციების რეჟიმების დაწესების სულისკვეთებას.

ოთარ ფარცხალაძემ სანქცირების შემდეგ კუთვნილი ქონება - მათ შორის მიწის ნაკვეთი ეკლესიით - საკუთარ ვაჟს, ანდრია ფარცხალაძეს გადაუფორმა.

ასევე ნახეთ ფარცხალაძის მემკვიდრეობა

ზვიად ხარაზიშვილი 50%-იან წილს ფლობს დაცვის კომპანია „სარანგში“; ბინას გლდანში ფლობს. ასევე, აქვს მიწის ნაკვეთები გლდანსა (1000 კვ.მ) და ქარელში (7500 და 5440 კვ.მ).

საჯარო რეესტრის საიტზე არ ჩანს ამ ნაკვეთებზე მესაკუთრის ცვლილების მოთხოვნა.