Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს არ ამბობს, როგორ გადაუხდის სანქცირებულ მაღალჩინოსნებს ხელფასს


ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს აშშ-მა სანქციები დაუწესა.
ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს აშშ-მა სანქციები დაუწესა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რომელ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხავს კუთვნილ ხელფასებს აშშ-ის მიერ სანქცირებულ მაღალჩინოსნებს.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა. მათ შორის არიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც:

  • ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
  • მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე.

ხარაზიშვილს, ბოლო დეკლარაციის თანახმად, 2024 წლის ივნისისთვის, სახელფასო ანგარიში აქვს „თიბისი ბანკში“.

ლაგაზაური დეკლარაციას არ ავსებს და სად აქვს ანგარიში, დაუზუსტებელია.

ქართული კომერციული ბანკები სანქცირებასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

შესაბამისად, უცნობია, დაუხურეს თუ არა მათ საბანკო ანგარიშები სანქცირებულ პირებს, მათ შორის მაღალჩინოსნებს.

ბანკების ნაცვლად „საქართველოს საბანკო ასოციაცია“, - რომელიც მათ აერთიანებს, - აცხადებს, რომ „საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია და ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბანკებს, სანქციების ნაცვლად, „საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის“ დაცვისკენ მოუწოდებს.

ეროვნული ბანკი კი კომერციულ ბანკებს შეახსენებს თავისი მმართველის, ნათია თურნავას ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე სანქციები ვრცელდება მხოლოდ „სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.

მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ „ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით“.

ამჟამად სანქცირებული ორი ადამიანი სახელმწიფო უწყების მოქმედი თანამშრომელია.

სახელმწიფო უწყებები ეროვნულ ვალუტაში გასცემენ ხელფასებს. ანგარიშსწორება, ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშებზე ხდება.

რადიო თავისუფლება 19 სექტემბერს დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს კითხვით, როგორ მოახდენს სამინისტრო სანქცირებულ თანამშრომელთათვის ანგარიშსწორებას.

სამინისტროს კითხვაზე პასუხი მთელი დღის განმავლობაში არ გაუცია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ აცხადებდა, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ კომერციულმა ბანკმა სანქცირებულ პირს ლარში თანხაზე წვდომა არ შეუზღუდოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG