გაიცანით ევროკავშირის და ნატოს ახალი უფროსები

რიკარდ იოზვიაკი

როგორც ჩანს, ნატოშიც და ევროკავშირშიც საბოლოოდ გადაწყვიტეს, ვინ უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციებს უახლოეს წლებში. ჯერ 26 ივნისს სამხედრო ალიანსის ელჩებმა დაადასტურეს ის, რაც უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია - რომ 1 ოქტომბერს იენს სტოლტენბერგს ჩაანაცვლებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.

მალევე ევროკავშირშიც განაცხადეს, რომ ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ხუთ წელს დაჰყოფს, შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიუ კოშტა შეცვლის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე, ბლოკის საგარეო პოლიტიკას კი ჟოზეპ ბორელის ნაცვლად ესტონეთის ამჟამინდელი ლიდერი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ფონ დერ ლაიენს და კალასს ჯერ ევროპარლამენტში უნდა უყარონ კენჭი. პირველს უკვე ივლისის შუა რიცხვებში, კალასს კი დამღლელი მოსმენები ელის შემოდგომაზე. მოსალოდნელია, რომ ორივეს აირჩევენ. უკრაინის, ევროკავშირის გაფართოებისა და ძლიერი ნატოს გულშემატკივრებისათვის ეს იდეალური შემადგენლობა იქნება.

ჯერ ეს უნდა ვთქვათ...

თანამდებობები მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი პოლიტიკას დამოუკიდებლად არ წყვეტენ. ევროკავშირში, ისევე როგორც ნატოში, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სანქციები და გაფართოება. ბევრი თვალსაზრისით რუტე, კოშტა და კალასი უხელმძღვანელებენ ლიდერების უმართავ ჯგუფს (კალასის შემთხვევაში - საგარეო საქმეთა მინისტრებს). მიუხედავად იმისა, რომ ისინი განასახიერებენ მათ შესაბამის ინსტიტუტებს, მათი მთავარი ამოცანა მაინც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ კონსენსუსის შექმნა იქნება. ამგვარად, ისინი შეიძლება ვერ იყვნენ ისეთი პირდაპირები, როგორც წინა თანამდებობებზე. ბრიუსელში პოზიციას აყალიბებენ ინსტიტუტები (და მათი ძალიან ძლიერი ბიუროკრატია) და არა პიროვნებები. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე, რადგან სხვადასხვა დედაქალაქებს არ სურთ, რომ ინსტიტუციური ლიდერები იყვნენ ზედმეტად ძლევამოსილი და მიიპყრონ მეტისმეტი ყურადღება.

ურზულა ფონ დერ ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტი იქნება

ძალაუფლება

ამ კვინტეტიდან ფონ დერ ლაიენს ყველაზე მეტი პოლიტიკური ძალაუფლება გააჩნია. ევროკომისია არის ბლოკის აღმასრულებელი ორგანო და ის ასევე წარადგენს ახალ კანონმდებლობას. მას შეუძლია წევრ ქვეყნებს სასამართლოში უჩივლოს, სავაჭრო გარიგებებზე მოლაპარაკება აწარმოოს და ევროკავშირის საერთო ბაზარი აკონტროლოს. ის ზედამხედველობას უწევს ორი ტრილიონი ევროს ბიუჯეტს და საკმაო თავისუფლება გააჩნია ამ თანხების განკარგვისას.

ურზულა ფონ დერ ლაიენმა აჩვენა, რომ შეუძლია ევროკომისიისთვის დამატებითი თანხების მოზიდვა. მან დაარწმუნა ევროკავშირის ლიდერები, რომ სწორედ ეს ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი კოვიდის შემდგომი რეკონსტრუქციის ფონდებზე. ის ახლო მომავალში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცევა, რადგან კონტინენტს ახლა ძალაუფლების ვაკუუმი ემუქრება. ელიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ივლისში საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება და 2027 წელს ძალაუფლებას გამოემშვიდობება. სავარაუდოა, რომ მომავალ წელს თანამდებობის დათმობა მოუწევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც. ფონ დერ ლაიენს მოუწევს იყოს საყრდენი მზარდი პოპულისტური ძალების წინააღმდეგ როგორც ბლოკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თუმცა, სამეზობლო მისით კმაყოფილი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი - უკრაინა. ის მუდმივად უჭერდა მხარს კიევს მაშინაც კი, როდესაც კლუბის სხვა ნაწილებში "უკრაინით დაღლილობა" იგრძნობოდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ქვეყნის (ასევე საქართველოსა და მოლდოვის) კანდიდატის სტატუსის უზრუნველყოფაში, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაში და ასევე დიდი გავლენა ჰქონდა უკრაინის გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფის საქმეში. წელს მან ასევე მხარი დაუჭირა 6 მილიარდი ევროს გამოყოფას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ევროკავშირის ახალი გაფართოება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის, თუმცა სწორედ მან შექმნა საფუძველი, მან ნამდვილად ჩამოაყალიბა საფუძველი კლუბში ახალი წევრების დასამატებლად მაშინ, როდესაც მისი მანდატი დასრულდება.

ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომ ცუდად ეწყობოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. ბრიუსელში მუდამ ჭორაობდნენ მათი ეგოების ჭიდილზე. ახლა საქმე ალბათ გაუმარტივდება, რადგან ყველამ იცის, რომ ახალ პრეზიდენტთან მას კარგი ურთიერთობა აქვს.

ანტონიუ კოშტა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კიევი, 21 მაისი, 2022

ყველაზე პოპულარული

ანტონიუ კოშტა, როგორც ჩანს, მოსწონს ევროკავშირის სახელმწიფოების ყველა თუ არა, უმეტესობა ლიდერს მაინც. კარგად იცის ინგლისური და ფრანგული. ასაკიც პლუსში ეთვლება - 62 წლისაა და მიიჩნევა, რომ უფრო ახალგაზრდა წინამორბედზე ნაკლებად ამბიციური იქნება ამ საქმეს მაღალ პოლიტიკაში თავის საბოლოო წვლილად მიიჩნევს. მამამისი ნახევრად გოაელია, ნახევრად კი მოზამბიკელი. ამგვარად, კოშტა იქნება ევროკავშირის ინსტიტუტის პირველი არათეთრკანიანი ლიდერი.

თუმცა მის ირგვლივ გარკვეული კითხვის ნიშნებიც არსებობს. ის შარშან გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რადგან მისი თანაშემწეები მონაწილეობდნენ საეჭვო საინვესტიციო გარიგებებში. მის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხი ჯერაც არ გასცემია. ასევე გაურკვეველია, თუ რამდენად ერთგულია ის უკრაინისა და გაფართოების მიმართ. თუმცა, მისი მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ზელენსკისთან, განსაკუთრებით პორტუგალიაში დიდი უკრაინული დიასპორის არსებობის გამო. ასევე, მისი ქვეყანა, ევროკავშირის სხვა სამხრეთი წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და კლუბის შემდგომ გაფართოებას.

კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ქორი

მივედით კალასამდე. ის ისეთი ქორია, რომ მოსკოვმა ძებნილთა სიაში ჩასვა. კრემლი მისთვის იმდენად მიუღებელია, რომ დასავლეთის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შეუფერებელი გახადა - ის ამ პოსტისთვისაც იბრძოდა. ის ასევე ხმამაღლა აკრიტიკებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების მხარდამჭერია, მოსალოდნელია, რომ ბევრად უფრო მკაცრი იქნება სერბეთთან მიმართებით, ვიდრე ევროკავშირის წინა უმაღლესი დიპლომატები.

ბევრს აინტერესებს, როგორ იქნება თავსებადი მისი ეს ტონი ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობასთან. მან ბოლო თვეებში საგრძნობლად შეარბილა ტონი, იცოდა რა, რომ ამ თანამდებობას ასე სჭირდებოდა. მეორე მხრივ, ჟოზეპ ბორელს ბევრი პრობლემა შეხვდა, რადგან არაერთხელ გამოთქვამდა ტრიბუნიდან მოსაზრებებს, რომლებიც უფრო ასახავდა მისი მშობლიური ესპანეთის პოზიციას, ვიდრე ბრიუსელისას. განსაკუთრებით ეს ღაზაში მიმდინარე ომს და ისრაელის კრიტიკას შეეხება. აღმოსავლეთის წევრ ქვეყნებს 2019 წელს ნატოსა და ევროკავშირში არცერთი წამყვანი პოზიცია არ ერგოთ. მაშ, რატომ არ უნდა მიეღოთ მათ საგარეო პოლიტიკის მესვეურის პოსტი? როგორც ერთმა აღმოსავლელმა დიპლომატმა თქვა: „ხომ გაფრთხილებდით რუსეთის შესახებ და არ მოგვისმინეთ. იქნებ მოვიდა დრო, ახლა მოგვისმინოთ?“

მარკ რუტე, ნედერლანდის პრემიერ-მინისტრი

ნატოში რა ხდება?

რუტე, მრავალი თვალსაზრისით, იენს სტოლტენბერგის გაგრძელებაა - სამხედრო ალიანსის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გენერალური მდივნისა, რომელიც ნატოს ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ის გამოცდილია (ნიდერლანდის პრემიერი იყო 14 წლის განმავლობაში!). ის მოსწონთ დიდ მოთამაშეებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგად შეუძლია კომპრომისების გამონახვა, სტოლტენბერგის მსგავსად, ასევე ძალიან კარგად ეწყობა უკრაინის ხელმძღვანელობას და არის ერთ-ერთი იშვიათი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემს. რამდენიმე ადამიანის ცნობით, პირად ცხოვრებაში კარგ იუმორს ავლენს, მაგრამ პროცესის უწყვეტობის მომხრეა - ყოველთვის დადის ერთსა და იმავე სასტუმროებსა და რესტორნებში, უკვეთავს ერთსა და იმავე კერძებს. როგორც ჩანს, ნატო უსაფრთხო ხელში იქნება.