ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ერთ-ერთი ექსპერტია, ვინც ცენტრ "ემპათიის" დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა. მან 2022 წლის ნოემბერში საავადმყოფოში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და კვლევები ჩაუტარა. როგორც ის ჰყვება, თავისი საბოლოო შეფასება სწორედ ამ კვლევებს, ცენტრ "ემპათიის" დასკვნასა და პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციას დააფუძნა.
"მე გასინჯვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია", - უპასუხა მან 27 იანვრის სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატების მიერ დასმულ კითხვას.
"მე, დაახლოებით, 3 საათი გავატარე ბატონ საკაშვილთან", - აგრძელებს ის და აღნიშნავს, რომ შეაგროვა მიხეილ სააკაშვილის სრული ფსიქიატრიული ისტორია ანამნეზით, ჩაატარა მისი ფსიქიკური მდგომარეობის კვლევა და დეტალური კოგნიტური შეფასება: "ამ კვლევებით აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები, ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ასევე ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით".
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ნეირო-კოგნიტური აშლილობის მიზეზები, ექიმი-ფსიქიატრი პასუხობს:
"პირველი მიზეზი შეიძლება, იყოს შიმშილობა და სწრაფი "რეფიდინგი"; ნაწილობრივი ასფიქსია; ეპილეფსიური გულყრები; აუხსნელი ცხელება; მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის გამო; მრავლობითი მედიკამენტები, რომელსაც ის იღებდა; მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლისას აღმოჩენილი მძიმე მეტალები".
ექიმი, ასევე, ამატებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა გარკვეულ ფსიქოთერაპიულ მედიკამენტებს, თუმცა ის, რაც ეხება სტრესის მოხსნას, შიშს, ამის საწინააღმდეგოდ მას არ მკურნალობდნენ, რაც უნარჩუნებდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას.
"ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტი, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც გრძნობს საშიშროებას", - აღნიშნავს კატონა.
ექიმის განცხადებით, მისი დასკვნა დემენციის დიაგნოზის არსებობის შესახებ სრულ თანხმობაშია ამერიკელი ფსიქიატრის, ერიკ გოლდსმიტის დასკვნასთან. "საქართველოს კანონმდებლობით, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში. მისი პატიმრობა ხელისშემშლელია PTSD-ისა და დემენციის მკურნალობისთვის".
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატსა და ფსიქიატრ კორნელიუს კატონას შორის ასეთი დიალოგი შედგა:
შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილი სერიოზული და ქრონიკული ავადმყოფია?
კორნელიუს კატონა: დიახ.
შალვა ხაჭაპურიძე: თუ პატიმრობაში დარჩება, მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, როგორ დამძიმდება და სადამდე მივა სიტუაცია?
კორნელიუს კატონა: მე ვფიქრობ, მისი დეპრესიული სიმპტომები დამძიმდება, ასევე მას აქვს მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომელთა ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია, თუ მიზეზს ვერ აღმოაჩენენ და მკურნალობას არ დაუნიშნავენ, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე გაღრმავდება.
შალვა ხაჭაპურიძე: შეიძლება თუ არა, ფსიქოთერაპია ტარდებოდეს პენიტენციურის მხრიდან თვალთვალის პირობებში?
კორნელიუს კატონა: მე ვფიქრობ, ვიდეომეთვალყურეობის პირობებში მისი ფსიქოთერაპია იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი. საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და უფრო დაამძიმებს მდგომარეობას.
მხოლოდ პაციენტის მონათხრობს დაეყრდენით? - რა იკითხეს პენიტენციურის წარმომადგენლებმა
უწყების წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებდათ, რამდენად სანდოა ის გარემოებები, მონათხრობები თუ დოკუმენტები, რასაც ბრიტანელი ფსიქიატრი თავის დასკვნაში დაეყრდნო.
მაგალითად, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ნიკა აბრამიშვილი დაინტერესდა, გადაამოწმა თუ არა ექიმმა პაციენტის მიერ მიწოდებული ცნობები, სანამ მას დასკვნაში "ფაქტებად" ასახავდა. ამაზე ექიმმა მას ასე უპასუხა:
"ჩემი მოვალეობა არ იყო ფაქტების გადამოწმება, მე შევკრიბე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და ამის საფუძველზე გამოვიტანე დასკვნა დიაგნოზებსა და მკურნალობაზე".
ნიკა აბრამიშვილი: საუბრობთ, რომ ფიზიკურმა ძალადობამ, სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და სიკვდილის მუქარამ გამოიწვია მსჯავრდებულის ფიზიკური და მორალური ტანჯვა. მოგვახსენეთ, რა მტკიცებულებებს ეყრდნობით, როცა საუბრობთ ფიზიკურ ძალადობაზე?
კორნელიუს კატონა: მე არ მინახავს რაიმე ფიზიკური ძალადობის კვალი, ამას არც მოველოდი, გამომდინარე მასზე განხორციელებული ძალადობის ბუნებიდან და ხასიათიდან. მე აღვნიშნავ, რომ ფიზიკურმა ძალადობამ, სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და სიკვდილის მუქარამ, რომელსაც ბატონი სააკაშვილი აღწერს, მისი დაკავების და პატიმრობის შემდეგ, შეარყია მისი მდგრადობა ტრავმის მიმართ და გამოიწვია მისი სრულფასოვანი, კომპლექსური PTSD.
ნიკა აბრამიშვილი: მხოლოდ [სააკაშვილის] მონათხრობს დაეყრდენით?
კორნელიუს კატონა: ჩემი დასკვნები ემყარება იმ მონათხრობს, რაც მოვისმინე მიხეილ სააკაშვილისგან, ასევე დოკუმენტაციას და კვლევებს... ასევე, მე დავეყრდენი ვიდეომასალებს.
ნიკა აბრამიშვილი: აქ იყო ფიზიკური ძალადობა? - ამ კითხვას ადვოკატების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა.
მოგვიანებით, აბრამიშვილმა ფსიქიატრს ასეთი შეკითხვა დაუსვა: "ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, პაციენტმა განგიცხადათ, რომ მის დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ და შემდეგ არ გაზრდილა. ეს ინფორმაცია გადაამოწმეთ თუ არა?" - ეს კითხვა მოსამართლემ ადვოკატების პროტესტის შემდეგ მოხსნა.
ამას გარდა, უწყების ამავე წარმომადგენელმა, ექსპერტს ჰკითხა: "დასკვნაში აღნიშნავთ, რომ პაციენტს დროდადრო ჰქონდა გახშირებული ნერწყვდენის შემთხვევები, თუმცა ეტყობოდა, რომ იგი ვერ გრძნობდა ამას. გადაამოწმეთ თუ არა, იქნებ ადრეც ჰქონდა პაციენტს ჰიპერსალივაცია? ხომ არაა აღნიშნული გამოწვეული რაიმე მედიკამენტის მიღებით? რატომ განიხილავთ აღნიშნულს, ანუ ჭარბ ნერწყვდენას, კოგნიტური დარღვევებისთვის დამახასიათებელ ნიშნად?"
კორნელიუს კატონა: მე არ განმიხილავს, რომ ჰიპერსალივაცია არის კოგნიტური დარღვევის ნიშანი. ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო გარკვეული მედიკამენტების მიღების შედეგი. შევამჩნიე, რომ მისი თმა არ იყო მოვლილი, მუცლის წინა ნაწილი მოუჩანდა, რაც სოციალურად იყო მიღებელი, მათ შორის ჰიპერსალივაციია გარკვეულად შეუმჩნეველი იყო მისთვის, ამიტომ ჩავთვალე, რომ აქ იყო კოგნიტური დარღვევა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის შეკითხვა ექსპერტის დასკვნიდან, მიხეილ სააკაშვილის "ფლეშბეკებს" და ჰალუცინაციებს ეხებოდა. ექიმის აზრით, ეს მოვლენები, ციხეში გადატანილ ტრავმულ ეპიზოდებს უკავშირდება.
მალხაზ ურთქმელიძე: "ფლეშბეკი" სუბიექტური ცნებაა, თუ იცი, რას ნიშნავს, შეიძლება, აღწერო... სავსებით მართებულია კითხვა, შეიძლებოდა თუ არა, ეს ყოფილიყო სიმულაცია?..
კორნელიუს კატონა: რასაკვირველია, განვიხილავდი იმ საკითხს, რომ პაციენტი, შეიძლება, მაწვდის ცრუ ინფორმაციას, ცდილობს დაამძიმოს მდგომარეობა... რასაც მე დავაკვირდი, გაცილებით იოლია ამ სიტუაციაში სიმპტომის სიმულირება, ვიდრე მდგომარეობის, ან დაავადების სიმულირება... პროფესიონალი მსახიობებისთვისაც კი, განსაკუთრებულად, ექსტრემალურად რთულია ... [სიმულირებით] დაარწმუნოს ექიმი, რომ აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
27 იანვრის პროცესის ბოლოს პენიტენციურმა სამსახურმა შუამდგომლობა დააყენა, მასალებს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და თუნდაც, ერთი ექსპერტი დაიკითხოს მოწმის სახით.
საქმე ეხება ექსპერტიზის იმ დასკვნას, რომლითაც მათ შეამოწმეს ცენტრ "ემპათიის" მომზადებული შეფასება - რამდენად შესაბამისი იყო იქ წარმოდგენილი დიაგნოზები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძვლებს.
ასევე ნახეთ ბრეგაძის თქმით, სამხარაულის ბიუროს თანახმად, სააკაშვილზე „ემპათიის" დასკვნა არ არის სარწმუნოპროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ისინი ამ შუამდგომლობაზე საკუთარ პოზიციას მომდევნო სხდომაზე გააჟღერებენ, შესაბამისად მისი დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხი გადაიდო.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის მომდევნო განხილვა 30 იანვარს 11:00 საათზე განახლდება. სხდომები ასევე დაიგეგმა 1 და 3 თებერვალს.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
ასევე ნახეთ დაზიანებულია ზურგის ტვინი - სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს ასევე ნახეთ მზის სხივი შედის პალატაში? - "ემპათიის" ექსპერტების და "ვივამედის" ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზე