რადიო თავისუფლებამ შეაგროვა ყველა ის საქმე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მომჩივანა და ასევე ის საქმეები, სადაც ის ბრალდებული, ან უკვე მსჯავრდებულია.
მიხეილ სააკაშვილის საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ
სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება
2022 წლის პირველ დეკემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს სთხოვა, საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობის გამო იგი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ან სასჯელი გადაუვადოს.
მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ეს მოთხოვნა ცენტრ "ემპათიის" ექსპერტიზის დასკვნას დააფუძნა. ამ კერძო ექსპერტიზისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტი მძიმედ ავადაა.
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა სასამართლოზე დარწმუნებით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მძიმე მეტალებით მოიწამლა, ინტოქსიკაცია კი მის ყველა ორგანოს აზიანებს. "ვივამედის" ექიმმა, რომელიც სააკაშვილს ახლაც მკურნალობს, გამოკითხვისას პაციენტის მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა აღწერა.
ექსპრეზედენტის თხოვნაზე, სასჯელი გადაუვადდეს, გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ. მან 2018 წელს სააკაშვილს დაუსწრებლად 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სანდრო გირგვლიანის საქმეზე.
სააკაშვილის უფლებადამცველები მოსამართლისგან საქმის დაჩქარებული წესით განხილვას ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვის სტრატეგიის შეცვლას გეგმავენ.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი მოსამართლე საქმის განხილვას არ დააჩქარებს, ან უარს ეტყვის პატიმარს მოთხოვნაზე, დაცვა საქმეს ევროსასამართლოში წაიღებს.
"[სტრასბურგამდე] ორი ინსტანციაა [გასავლელი] პირველი და სააპელაციო...არ გამოვრიცხავ, [სტრასბურგის სასამართლოს] მივმართოთ დაუყოვნებლივ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რეგლამენტის 39-ე მუხლით. დავასაბუთებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა".
მაგნიტსკის ახალი სია
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თითქმის 15 თვეა პატიმარია და აქედან 8 თვეა, კლინიკაში მკურნალობს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი უფლების დარღვევის გამო ჩივის. 7 იანვარს მან საჯაროდ მოითხოვა მაგნიტსკის ახალი სიის შედგენა და დახმარება მაგნიტსკის აქტის ავტორს, ბილ ბრაუდერს სთხოვა.
"მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისევე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში მანამ, სანამ ლეტალური შედეგი დადგება...", - მიწერა სააკაშვილმა ბრაუდერს, რომელმაც ტვიტერზე მალევე უპასუხა:
"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები იმაზე, თუ ვინ აფერხებს მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, წამებაზე და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა ეს მივაწვდინო დასავლეთის მთავრობებს “მაგნიტსკის სანქციებისთვის”.
სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია და ბილ ბრაუდერი რამდენიმე დღეში მიიღებს დოკუმენტებს კონკრეტული თანამდებობის პირების სახელებითა და გვარებით.
"საქმის მასალები აბსოლუტურად მზად არის, ჩათვალეთ, 2-3 დღე დაჭირდება იმას, რაც მოითხოვა იმ ადამიანმა. ესენი არიან თანამდებობის პირები ... იქ მოყვანილია ფაქტები, რა ხდებოდა გორის ჰოსპიტალში, მე-12 დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში და ა.შ. ამ ყველა ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით გვარებით, სახელებით, ფაქტებით", - თქვა ადვოკატმა.
შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის ორ ეპიზოდს იძიებს - პირველი რუსთავიდან გლდანში გადაყვანას შეეხება, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში დაბრუნებას. ორივე შემთხვევაში იძიებენ მოექცნენ თუ არა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პატიმარ სააკაშვილს არაადამიანურად და დამამცირებლად.
გამოძიება მიმდინარეობს:
- N18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლო შემთხვევაზე;
- სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მაჯის საათის ჩამორთმევის დროს მომხდარ ინციდენტზე.
„სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - საქმე სტრასბურგის სასამართლოში
მიხეილ სააკაშვილი მისთვის გამოტანილ ორ განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს.
ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი: მე-6 მუხლი - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; მე-7 მუხლი - არავითარი სასჯელი კანონის გარეშე და მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
- სარჩელში სააკაშვილი უთითებს, რომ 2018 წლის 28 ივნისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რა დროსაც მას 4 წელი მიუსაჯეს, ყოფილ დეპუტატ, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა;
- მსჯავრდებულთა შეწყალების გამო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენზეც, რა დროსაც მას 3 წელი მიუსაჯეს, სააკაშვილი სარჩელში აღნიშნავდა, რომ იგი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლები. გარდა ამისა, სარჩელში წერია, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
- სარჩელში სააკაშვილი, ასევე ჩიოდა, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან და ხელისუფლებას სურს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება.
საქმეები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - განაჩენით
გირგვლიანის საქმე
2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას გულისხმობს.
ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. იგი დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.
ვალერი გელაშვილის საქმე
2018 წელს მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას საბოლოოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიმდინარე საქმეები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ
9 024 367 ლარის გაფლანგვა
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქლაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.
ეს საქმის გახილვა ბრალდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეჩერებულია. სააკაშვილის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი შორს არის დასრულებისგან.
2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მის პირადი მიზნებისთვის დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. კერძოდ, ეს ეხება სასტუმროს მომსახურეობას, სამგზავრო ბილეთების შეძენას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებას, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობას, კოსმეტიკურ პროცედურებს, საცხოვრებელი ფართის დაქირავებასა და ტანსაცმლის შეძენას.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი დასდეს დიდი ოდენობით ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში, რაც ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით(182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ყოფილ პრეზიდენტს ამ დანაშაულზე სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„იმედი“, „7 ნოემბერი“, ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდება
ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 28 ივლისს, დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.
სასამართლოში ეს საქმეც მიმდინარეა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი განხილვაც შეჩერებულია. პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზეა.
მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირსა და მის გასწვრივ, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა შეიყვანეს. მათ უშუალოდ ადგილზე თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის გათიშვა. ასევე, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, თბილისში ნოტარიუსთან, ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადიოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს კომპანიების საქმიანობას.
საზღვრის კვეთის საქმე
უკრაინიდან საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროკურატურამ 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა ბრალი მიხეილ სააკაშვილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვაც შეფერხებულია, ბრალდებულის დაუსწრებლობის გამო. საქმე თითქმის საბოლოო ეტაპზეა, დარჩენილია მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა და მხარეების დასკვნითი სიტყვები.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წელს საქართველოში დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი მის მიმართ წაყენებულ არცერთ ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.