ბოლტონის ვიზიტი: რას აპირებს ამერიკა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში?

ჯონ ბოლტონი

ექსპერტები ჩვეულებრივ დამთხვევად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი რუსეთის შემდეგ პირდაპირ სამხრეთ კავკასიას ეწვია. მართალია, ურთიერთობების გაუარესების ფონზე, აშშ მაინც ცდილობს დიალოგის წარმართვას მოსკოვთან, მაგრამ ბაქოში, ერევანსა და თბილისში ჯონ ბოლტონის ვიზიტი, ექსპერტების აზრით, იმის მანიშნებელია, რომ ვაშინგტონი რუსეთთან დიალოგს სამხრეთკავკასიელი პარტნიორების ხარჯზე არ ცდილობს. ბოლტონის ვიზიტის მარშრუტმა ვლადიმირ პუტინის ყურადღებაც მიიპყრო.

„ააა, შენ სამხრეთ კავკასიაში ჩახვალ?!...“ - ასეთი რეაქციით დაემშვიდობა ვლადიმირ პუტინი ჯონ ბოლტონს მოსკოვში.

„ააა, შენ სამხრეთ კავკასიაში ჩახვალ?!...“ - ასეთი მრავალმნიშვნელოვანი რეაქციით დაემშვიდობა რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს, რომელმაც ეს ფაქტი 26 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თბილისშიც გაიხსენა. „მან ამას ყურადღება მიაქცია“, - თქვა ბოლტონმა, რომელიც კრემლის მიმართ მაამებლობით არასოდეს გამოირჩეოდა და ეს მან მოსკოვში ყოფნისას რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობის ადგილზე ყვავილების მიტანითაც დაადასტურა.

Your browser doesn’t support HTML5

ბოლტონი - ნემცოვის მკვლელობის ადგილზე

რუსეთის შემდეგ ჯონ ბოლტონის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სტუმრობა მნიშვნელოვან სიგნალად მიაჩნია ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მუჩაიძეს. მისი თვალთახედვით:

  • „ამერიკა კვლავაც დღის წესრიგში ინარჩუნებს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პრობლემებს“;
  • „მაგალითად, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ გლობალური უსაფრთხოების ჭრილში ვაშინგტონს კვლავაც ბევრი აქვს სალაპარაკო მოსკოვთან და მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტია ირანის თემა“;
  • „ნათელია, რომ აშშ აპირებს გააძლიეროს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოსთან; თუმცა ამ კუთხით ვაშინგტონისთვის საყურადღებოა როგორ ჩატარდება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები“.

რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველო - ამ მარშრუტის ტურნე, ჯონ ბოლტონის წინასწარი განცხადებების თანახმად, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესების განვითარებას ისახავდა მიზნად. 26 ოქტომბერს, ვიდრე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავდა, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი დილიდანვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრებს.

მოსკოვის შემდეგ ჯონ ბოლტონის ვიზიტის სამხრეთ კავკასიაში გაგრძელება პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძისთვის მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის 11 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრის წინ. გიორგი გობრონიძის აზრით:

  • „იმ ფონზე, როცა აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ფიქრობს და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები პრაქტიკულად ჩიხისკენ მიდის, ჩვენ უნდა ველოდეთ იმას, რომ გამოიკვეთება აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი კონტურები კავკასიის რეგიონთან მიმართებით“.
  • „ცხადია, ამერიკის მნიშვნელოვანი ინტერესები უკავშირდება რუსეთს, ირანსა და თურქეთს, ხოლო კავკასიის რეგიონს აქვს პოტენციალი იყოს ფანჯარა დასავლეთისთვის როგორც ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ასევე რუსეთის მიმართულებითაც“.

„ქორის გადაფრენა“ - ასე უწოდეს კრემლის მიერ დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა ჯონ ბოლტონის ტურნეს. როგორც მოსალოდნელია, რუსეთის სახელისუფლებო მედია განიხილავს ამ ტურნესთან დაკავშირებული მიზნების ბევრ ვერსიას, რომელიც ძირითადად არაჯანსაღ ქვეტექსტებს ანდა მოვლენების უშედეგო განვითარებას გულისხმობს.