მაგრამ ამის თქმა თითქმის არაფრის თქმას ნიშნავს: ქვეყნის შემობრუნების იმედი გვქონდა, ის არ გამართლდა, ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ეს ობიექტური სიტუაციის მარტივი აღწერაა.
აჭრილი საზოგადოება
იმედგაცრუებას სხვადასხვანაირად შეგვიძლია შევხვდეთ. საზოგადოების ეს ნაწილი წინააღმდეგობრივ ემოციათა ერთობლიობას მოუცავს: დეპრესიას, შიშს, ბრაზს, ბრძოლის გაგრძელების ჟინს, გაქცევის სურვილს და ა.შ. სიხარულის გამოხატვაც შემხვედრია: „რა კარგია, არაფრის იმედი აღარ მაქვს, ესე იგი ჭეშმარიტად თავისუფალი ვარ“.
შევეცადე, მეპოვა სიტყვა, რომელიც ამგვარ ემოციათა ერთობლიობით შეპყრობილ საზოგადოებას აღწერს. ჯერჯერობით მხოლოდ „აჭრილი“ მომივიდა თავში. ახლა აჭრილი საზოგადოება ვართ. რას ვგულისხმობ ამაში?
ზემოთ ჩამოთვლილი ემოციები, ცალ-ცალკე აღებული, ფსიქოლოგიურად ბუნებრივია. მაგრამ მათი ერთობლიობის საფუძველზე შეიქმნა განწყობათა ტოქსიკური ნაზავი, რომელსაც ახასიათებს რეალობის არმიღება, საპირისპირო პოზიციების ერთდროულად დაცვა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების აკვიატებული სურვილი.
როდესაც არჩევნების მეორე დღეს დავწერე, რომ ამ არჩევნებით ევროპულიდან ევრაზიულ პოლიტიკურ სივრცეში გადავინაცვლეთ, ბევრი დამეთანხმა, მაგრამ ზოგმა ასეთი არგუმენტით გამაკრიტიკა: პესიმისტური შეფასებებით საპროტესტო მუხტს ვკლავდი.
ამ კრიტიკამ რაღაც დოზით დამაკომპლექსა: თავს ვიკავებდი მოვლენების საჯაროდ შეფასებისგან, რომ ჩემი პესიმიზმით (რომელსაც თავად რეალიზმს ვეძახი) „მტრის წისქვილზე წყალი არ დამესხა“.
მტკივნეული სიმართლის ჭირვეული არდანახვა ბუნებრივი, მაგრამ უკიდურესად არაპროდუქტიული რეაქციაა.
თავის მხრივ, რთული სიტუაციის რეალისტური ხედვა არ ნიშნავს უიმედობის დანერგვას: ის, პირველ რიგში, ახალ იმედგაცრუებებს გვაცილებს თავიდან.
ოპოზიცია - ემოციური მეხამრიდი
ოპოზიციის მიმართ მრავალი სრულიად გამართლებული პრეტენზია შეიძლება გვქონდეს. მაგალითს მოვიყვან. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ოპოზიციის წინასაარჩევნო გაერთიანების საჭიროებაზე (ამაზე კატეგორიული აზრი არ მქონია), დღეს პარტიების ამომრჩეველთა სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტაციას აზრი დაეკარგა. ცალ-ცალკე ყველა ოპოზიციური ბლოკი არსებითად ერთსა და იმავეს ამბობს: არჩევნებს ლეგიტიმურად არ ვცნობთ, პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მხარს ვუჭერთ წინააღმდეგობის მოძრაობას ქუჩაში. მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს, ერთად დამდგარიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს მათი საერთო პოზიციაა; ვერც გადაწყვეტილებების მიღების და საზოგადოებასთან კომუნიკაციის რაიმე საერთო სისტემა შექმნეს. ეს სამართლიანად იწვევს ხალხის უკმაყოფილებას.
პრეტენზიების ჩამოთვლა შემიძლია გავაგრძელო. მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მინდა. ოპოზიციის ძაგების ნიაღვარში, რომელიც, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში მოედინება, იშვიათად წავაწყდებით კონკრეტულ, დასაბუთებულ კრიტიკას და ალტერნატიული ქმედებების რეკომენდაციებს. ტიპურია ზოგადი ლანძღვა: „ქენით რამე“, „რატომ არ დებთ გეგმას, რომელიც მთავრობის გადაგდებამდე მიგვიყვანს“, „რატომ ვერ გამოგყავთ ხალხი“ და საერთოდ „რატომ ხართ ასეთი ცუდები?!“.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ემოციურ მეხამრიდად იქცა: მასზე საკუთარი ფრუსტრაციით გამოწვეულ გრძნობებს ანთხევენ.
ბევრი საკუთარ თავს უბრაზდება, რატომ ჰქონდა გამარჯვების იმედი (ფსიქოლოგიურად გასაგებია: თუ იმედი არ გაქვს, ის არც გაგიცრუვდება), მაგრამ ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს: „ტყუილად რატომ მაიმედებდნენ“. ამ ლოგიკით, ოპოზიციას უნდა ეთქვა, რომ არაფერი გამოვა, ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, მაგრამ მაინც უნდა მოხვიდეთ და ხმა მოგვცეთ.
იმასაც ამბობენ, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ოღონდ ხალხს არ ეუბნებოდა და ახლაც მას რაღაც საიდუმლოს უმალავს.
მაგრამ ოპოზიციას ინფორმაციის საიდუმლო წყაროებზე წვდომა არა აქვს. მისი აქტიური წევრები ბევრ საკითხში სხვებზე გარკვეული არიან, რადგან მეტი გამოცდილება აქვთ და პოლიტიკურ პროცესებში სისტემურად მონაწილეობენ. მაგრამ ისინი იმავე საზოგადოების წევრები არიან, როგორც რიგითი მოქალაქეები, და მის ილუზიებს და შეცდომებს იზიარებენ.
რეალურად, ოპოზიცია და მისი კრიტიკოსები თანხმდებიან ძირითადში: პარლამენტში შესვლა არ შეიძლება, საჭიროა წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩებში. ლოგიკურად, ეს სულაც არ არის ერთადერთი შესაძლებელი სტრატეგია: შეიძლება შეხვიდე პარლამენტში და იქიდან იბრძოლო. ეს პრინციპულად სხვა პოზიციაა, მაგრამ საჯარო სივრცეში მისი დაცვა არ შემხვედრია.
თუ ძირითად სტრატეგიაზე თანხმობაა, რაღაზეა კამათი? წუხილის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა საკმარისად მრავალრიცხოვანი არ არის. რატომ? ამაზე თითქოს მხოლოდ ორი პასუხი შეიძლება: ან „ოპოზიციას ხალხი ვერ გამოჰყავს“, ან „ხალხი არ ვარგა“. პირველი, ოპოზიციაზე გადაბრალება, ფსიქოლოგიურად უფრო კომფორტულია.
სინამდვილეში, ეს ორი მოსაზრება ერთი მედლის ორი მხარეა. ოპოზიცია ჩვენთან ძლიერი არასოდეს ყოფილა, იმიტომ რომ არასოდეს გვყოლია მყარი პოლიტიკური პარტიები. ამის სიღრმისეული მიზეზები კი საზოგადოებაში, ანუ ხალხშია.
ამაზე დეტალურად აქ არ ვიმსჯელებ, მაგრამ ძირითადია ტოტალური უნდობლობის კულტურა (სხვა სიტყვებით - სოციალური კაპიტალის მწვავე დეფიციტი); ამის გარეშე მყარი და ძლიერი პარტიები ვერ შეიქმნება. ბევრი და სუსტი ოპოზიციური პარტია ერთმანეთს არ ენდობა, ხოლო ხალხი - მთლიანად პოლიტიკურ კლასს.
ამგვარი პოლიტიკური კულტურის პირობებში, არსებითად უკეთესი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ვერ გვეყოლება. ცხადია, კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ შეცდომებზე პასუხი უნდა მოსთხოვო, თუ შესაბამისი არგუმენტი გაქვს. მაგრამ ზოგადი წუწუნი, რომ ოპოზიცია არ ვარგა, უაზრობაა. მასზე სწორი პასუხი ერთია: თუ არ გაკმაყოფილებს ეს ოპოზიცია, გამოდი ფეისბუკკომფორტის ზონიდან, შეუერთდი და უკეთესი გახადე. შემჩნეული მაქვს, რომ ეს პასუხი განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს.
მაინც რატომ არ გამოდის ხალხი?
ხალხი რომ (საკმარისი რაოდენობით) არ გამოდის, არა ოპოზიციური პარტიების შეცდომების ან თავად ხალხის მანკიერების, არამედ იმის ბრალია, რომ მას გამარჯვების იმედი არა აქვს.
მრავალი ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ავტორიტარულმა მმართველებმა კარგად ისწავლეს მასობრივ საპროტესტო მოძრაობებთან გამკლავება. ჩვენი მთავრობაც ამ გამოცდილებას იყენებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზაფხულის აქციების დროს საჯაროდ გამოთქმული პროგნოზი სწორი აღმოჩნდა. ვისაც არ ახსოვს, მან მაშინ თავისი მომხრეები დაამშვიდა: ოპოზიციისთვის საგაზაფხულო აქციების მარცხი იმის საწინდარი იქნება, რომ არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღა უფრო სუსტი აღმოჩნდებაო.
პრობლემაა არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური დაღლა: თუ დავინახე, რომ მხოლოდ ქუჩაში დგომით შედეგი არ მიიღწევა, ისევ რატომ უნდა გადავდო თავი ქუჩის აქციებისთვის?
ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსამართლობა არ გავაპროტესტო? არავითარ შემთხვევაში. მაგრამ უნდა მოვიშოროთ მცდარი აზრი, თითქოს საჯარო პროტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, რომ ამას უშუალო პოლიტიკური ეფექტი ექნება: კანონს მიიღებენ ან გაიწვევენ, მთავრობა გადადგება, ახალი არჩევნები დაინიშნება და ა.შ. ესეც ხდება, მაგრამ ეს გამონაკლისია და არა ნორმა.
ამ არჩევნების გაპროტესტება ეროვნული ღირსების საქმეა. საპროტესტო აქციაზე იმიტომ არ უნდა გახვიდე, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია მოგწონს, ან იმედი გაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეეშინდება და მეორე დღეს ბრაზილიაში გაიქცევა. ამით ამბობ იმას, რისი უთქმელობაც არ იქნება.
რომელ პროტესტს ექნება კონკრეტული შედეგი და რომელს - არა, ზუსტად ვერასდროს იწინასწარმეტყველებ. მაგალითად, ნამდვილად ხალხმრავალმა აქციებმა (შარშან და წელს) „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, საბოლოოდ, უშუალო მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს (რამდენად მოგვიტანა ამან სიკეთე, სხვა საკითხია - მაგრამ თავის დროზე ეს მიღწევად ჩავთვალეთ).
მოსაზრებები სტრატეგიაზე
ის, რაც ამ ვითარებაში ძირითადი შეცდომები მგონია, საერთოა საზოგადოების დიდი ნაწილისა და ოპოზიციისთვის. ერთია არარეალისტური მოლოდინები, მეორე - ყველა კვერცხის ერთ კალათაში ჩადება.
მე ვთვლი, რომ პირველად 2003 წლის შემდეგ გვაქვს ვითარება, როდესაც ხალხს აქვს ლეგიტიმური უფლება, მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლებას წასვლა აიძულოს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის განმეორება რეალისტური სცენარია. გამიხარდება, თუ მტყუანი აღმოვჩნდები, მაგრამ ახლა შესაბამისი მუხტი არ ჩანს. ერთმანეთზე გადაბრალება ამას არ უშველის.
მთელი სტრატეგიის ერთადერთ სცენარზე აგება კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის და, მასთან ერთად, ოპოზიციის ახლა უკვე დამსახურებული მარგინალიზაციისთვის მზადებაა.
ამით არ ვამბობ, რომ პროტესტები (მათ შორის ქუჩის) არ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ოპოზიციურ საზოგადოებას ამის მეტი არაფერი შეუძლია.
ახლავე (ყველამ და არა მხოლოდ პარტიულმა ლიდერებმა) უნდა ვიფიქროთ სხვა თემებზეც. მაგალითად: როგორი ორგანიზაციული ფორმით უნდა იარსებოს ოპოზიციამ, თუ საპარლამენტო წარმომადგენლობაზე უარს ამბობს? როგორ მოემზადოს მომავალი წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის? როგორ გადასინჯოს თავისი გზავნილები მომხრეთა წრის გასაფართოებლად?
სანამ ეს ხელისუფლება ფაქტობრივად გვყავს, მისთვის „არალეგიტიმურის“ ძახილი (რაც არ უნდა სამართლიანი იყოს ეს) პოლიტიკური სტრატეგიის ბირთვი ვერ იქნება. მთავარია პოზიტიური დღის წესრიგი. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს თავისუფალი სამოქალაქო სივრცის ან, რაც იგივეა, სამოქალაქო საზოგადოების (ფართო გაგებით) დაცვაა.
ამაში შედის ოპოზიციური პარტიებიც, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, სამოქალაქო მოძრაობებიც, უნივერსიტეტებიც, რელიგიური ორგანიზაციებიც, თავისუფალი ბიზნესიც. „დაცვა“ ამ შემთხვევაში ნიშნავს, პირველ რიგში, არსებული შესაძლებლობების რაც შეიძლება აქტიურ და ეფექტიან გამოყენებას.
თავი არ უნდა მოვიტყუოთ: ეს უაღრესად უთანასწორო ბრძოლა იქნება. მაგრამ საზოგადოებასაც აქვს თავისი რესურსი, ხოლო ხელისუფლებას - ფუნდამენტური სისუსტე. პირველი იცავს საქართველოს ტრადიციულ ეროვნულ პროექტს, რომელიც, სულ მცირე, თერგდალეულებიდან მოდის, ხელისუფლებამ კი მასზე აშკარად უარი თქვა, თუმცა ამის აღიარება არ უნდა. მან გაიუცხოვა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო თანამეგობრობაზე.
დარწმუნებული ვარ, ამას გამართულ „გეგმად“ არავინ ჩამითვლის - სრულიად სამართლიანად. მაგრამ რაღაც თემებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, როცა სიების ჩახსნაზე ლაპარაკს დავამთავრებთ.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.