თბილისი - შეერთებული შტატები ძლიერ ზეწოლას ახორციელებს საქართველოზე, თავის აწ უკვე ყოფილ ახლო მოკავშირეზე, რადგან კავკასიაში მდებარე ეს სახელმწიფო აგრძელებს ანტიდასავლური და ავტორიტარული რიტორიკის ესკალაციას.
შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს და სავიზო შეზღუდვები - საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის (ჯერჯერობით უცნობ) მაღალჩინოსნებს ხელისუფლებაში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს.
აქედან რამდენიმე დღეში „ამერიკის ხმის“ ქართულმა სამსახურმა ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შტატების მთავრობამ უკვე მოამზადა ფინანსური სანქციების პაკეტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ჯერ კიდევ დე ფაქტო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ სოფლად მცხოვრებ ამომრჩევლებს ყურძნის ფასი უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე გეოპოლიტიკამოგვიანებით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე. ამასთანავე. 25 სექტემბერს მათ გაუუქმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამართულ მიღებაზე.
დასავლეთის საყრდენი კავკასიაში
შექმნილი ვითარება ხაზს უსვამს უკიდურესად დაბალ ნიშნულს შეერთებული შტატებისა და იმ ქვეყნის ურთიერთობებში, რომელიც ბოლო დრომდე, ალბათ, ვაშინგტონის ყველაზე ერთგული და პრივილეგირებული მოკავშირე იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. და ეს ყველაფერი ხდება 26 ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, სადაც, როგორც ჩანს, დასავლური დედაქალაქები „ქართული ოცნების“ ძალაუფლების დაკარგვაზე ამყარებენ იმედებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რაც ამ პერიოდში ქვეყნდება, მიკერძოებულია და ან „ქართული ოცნების“ გამარჯვებას წინასწარმეტყველებს, ან ოპოზიციისას, - ავტორის მიხედვით, - რაც შეუძლებელს ხდის არსებული მდგომარეობის რეალურად გაგებას.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ის მკაცრმა რეაქციამ ხაზგასმით გამოავლინა მწარე სიმართლე: რომ დემოკრატიული მთავრობისა და სრულად პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის გარეშე, ვაშინგტონს თითქმის არ აქვს საფუძველი, ევრაზიის შორეულ კუთხეში მდებარე ამ პატარა, ღარიბ ქვეყანაში ინვესტირებისთვის.
საქართველო „პატარა ქვეყანაა და მას არ აქვს ნავთობი, გაზი ან ჩვენი მეზობლების მსგავსად რამე [რესურსები]“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ.
ტრადიციულად, აშშ-სთვის საქართველოს ღირებულება იყო მისი, როგორც პოსტსაბჭოთა სამყაროში ამერიკული გავლენის ავანგარდის როლიო, ამბობს კაკაჩია. „როგორც დასავლეთის საყრდენი კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ“.
ეს ურთიერთობა 2000-იან წლებში განვითარდა, როდესაც ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის მტკიცედ პროდასავლური, თავისუფალ ბაზრის პრინციპზე დაშენებული დღის წესრიგი ზუსტად დაემთხვა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის „თავისუფლების დღის წესრიგს“. ბუში 2005 წელს თბილისს ეწვია კიდეც და საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა.
„მნიშვნელოვანია როგორც პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, ასევე მყარი დემოკრატიული მახასიათებლები“, - ამბობს პროფესორი ბობ ჰამილტონი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის ატაშე საქართველოში, ამჟამად აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის მკვლევარი პენსილვანიაში. „თუ ქვეყანას აქვს მხოლოდ ერთი, როგორიც [პრემიერ-მინისტრ ნიკოლ] ფაშინიანის სომხეთს რუსეთისგან ჩამშორებამდე, ის ჩვენგან მხოლოდ მცირედ ყურადღებას მიიპყრობს - მხოლოდ მცირედს. ამიტომაც მიიპყრო [2003 წლის] ვარდების რევოლუციამ ვაშინგტონის ასეთი ყურადღება. საქართველო ორივეს მოლოდინის საფუძველს იძლეოდა“.
მაგრამ ახლა „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და ზედიზედ სამი არჩევნები აქვს მოგებული, როგორც ჩანს, მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირების ნაცვლად, უფრო მულტივექტორული საგარეო პოლიტიკისკენ გადასვლას ცდილობს. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „დაინახა მეტი შესაძლებლობა, ეთანამშრომლა რეგიონულ სახელმწიფოებთან - რომელთა უმეტესობაც ავტორიტარულია - სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხედავენ დამაჯერებელ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა გაატარონ დასავლური საგარეო პოლიტიკა“, - ამბობს კაკაჩია.
გადახრა ავტორიტარიზმისკენ
მაშინაც კი, როცა უკრაინის ომმა გახსნა უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რა ვითარებაშიც საქართველომ შეძლო შეეტანა განაცხადი - და საბოლოოდ მიიღო კიდეც - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ფიქრობდა, რომ მას ამის გაკეთება შეეძლო არა დემოკრატიული მახასიათებლების, არამედ მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საფუძველზე. საერთაშორისო დონეზე, მან გამოკვეთა თავისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო კავშირებში და, ამავდროულად, ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში „ღირსეულად“ შევიდოდა.
„ისინი ["ქართული ოცნება"] ერთგვარად ჰბაძავენ აზერბაიჯანსა და თურქეთს“, - გვითხრა კაკაჩიამ. „მაგრამ თურქეთს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ის არის საკვანძო რეგიონული ძალა, გაცილებით დიდი ქვეყანაა, არის ნატოს წევრი. მას ნამდვილად შეუძლია ასეთი საგარეო პოლიტიკის გატარება. მაგრამ საქართველო დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებასა და ხელშეწყობაზე და [მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარების მცდელობა] საქართველოს მნიშვნელობის, ცოტა არ იყოს და, გაზვიადებაა“.
ეს დაადასტურა აშშ-ის მკაცრმა პასუხმა საქართველოს ანტიდასავლურ და ავტორიტარულ გადახრაზე. ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას, ზღუდავს უცხოეთიდან მათ დაფინანსებას და ეწინააღმდეგება იმას, რასაც „ლგბტ პროპაგანდას“ უწოდებს. მთავრობა პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში აკრძალავს ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას.
ქართველი ჩინოვნიკების მიმართ სანქციებისა და საზოგადოებაში უგულებელყოფის დასასაბუთებლად, აშშ მუდმივად ასახელებს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ქცევას.
თუმცა, აშშ-ის ქმედებების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს მეზობლებს, - მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს, - გაცილებით უფრო ავტორიტარული სისტემები აქვთ და ვაშინგტონისგან ასე არ ისჯებიან.
მილიონობით დოლარის დახმარება
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ბაიდენის მიღებაზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი იყო მიწვეული, მათ შორის „ავტორიტარული სახელმწიფოს ათობით ლიდერი“.
ღონისძიების სტუმრების სია არ გახმაურებულა, მაგრამ მოწვეული იყო მინიმუმ ერთი რეგიონული ლიდერი, რომელსაც ადამიანის უფლებების მხრივ უარესი რეპუტაცია აქვს - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი (მან თავად განაცხადა საჯაროდ უარი მოწვევაზე იმ მიზეზით, რომ აშშ ღაზის ომში მხარს ისრაელს უჭერს).
ის, რომ საქართველოს უფრო მკაცრად ეპყრობიან, შეიძლება აიხსნას აშშ-ის უფრო დიდი გავლენით საქართველოშიო, გვითხრა ომის კოლეჯის პროფესორმა ჰამილტონმა.
„საქართველოს აშშ-ისგან მიღებული დახმარების დონის გამო, ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რაც არ გვაქვს თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ასე რომ, ჩვენ ამას ვიყენებთ. თუმცა დაგვიანებით“, - უთხრა ჰამილტონმა რადიო თავისუფლებას.
გარდა ამისა, მისი თქმით, „საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხრივ გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს აშშ-ისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დემოკრატიის სანდოობასა და სიმტკიცეზე ჩვენს წარმოსახვაში მისი ღირებულების უფრო დიდი წილი მოდის“, - თქვა მან.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ჩივიან, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ თავის სასარგებლოდ მოახდინოს გავლენა. ვაშინგტონი „აღვივებს ოპოზიციურ დისკურსს“ და „ერევა“ საქართველოს შიდა პოლიტიკაშიო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ.
აშშ მუდამ უსვამს ხაზს, რომ უპირატესობას არავის ანიჭებს.
„ჩვენ გვსურს მხოლოდ ის, რომ ვიმუშაოთ ამ ქვეყანაში ნებისმიერ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რომელიც წარმოადგენს იმას, რასაც აბსოლუტური უმრავლესობით ითხოვს ქართველი ხალხი“, უთხრა 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა.
„ქართული ოცნების“ მიმართ აშშ-ის უხეშმა მიდგომამ შეიძლება არათუ სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს, არამედ საწინააღმდეგო შედეგი მოიტანოსო, შიშობს კაკაჩია.
„ვფიქრობ, იმის მოლოდინი, რომ რეჟიმის ცვლილება მოაგვარებს ყველა პრობლემას, რაც ქართულ პოლიტიკაში გვაქვს, გადაჭარბებულია“, - გვითხრა მან.
„ამ ბრძოლაში ერთი პოლიტიკური ბანაკის მხარდაჭერა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ინტერესშია, ჰქონდეს საქართველოს, როგორც ქვეყნის და მთელი საზოგადოების მხარდაჭერა - ეს არის ის, რასაც აშშ აკეთებდა ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - ამბობს კორნელი კაკაჩია. „ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციის ფრთხილად მართვა“.
თარგმანი: ელენე კობახიძე