Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ სასამართლომ დააჯარიმა


„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდი.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ტელეარხი („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ერთერში გაშვებაზე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ ბანერებს ტელეკომპანიები „ამორალურად“ მიიჩნევენ.

სამივე არხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომუნიკაციების კომისიამ შეუდგინა. მარეგულირებელს საჩივრით კი მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

ტელეარხის წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას.

უფრო ადრე, 5 ოქტომბერს კი, ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, არ აპირებენ „თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“.

ბოლო რამდენიმე დღეა, ქუჩებში გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატები, რომლებზეც, ომისა და მშვიდობის საჩვენებლად, მარცხენა მხარეს უკრაინის დაბომბილი ქალაქებია გამოსახული, მეორე მხარეს კი ფოტოები საქართველოდან. იმავე შინაარსის ვიდეორეკლამები მმართველმა პარტიამ ტელევიზიებშიც მიიტანა.

რამდენიმე კვირის წინ კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რადგან მათ ეთერიდან ამოიღეს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი. კლიპში ჩანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG