დაახლოებით 21:30 საათისთვის პოლიცია უკვე აფრთხილებდა დემონსტრანტებს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები იქნებოდა გამოყენებული. 22:30 საათისთვის ვრცელდებოდა ცნობები 4 დაკავებულის შესახებ.00:00 საათისთვის შს სამინისტრომ დაადასტურა ცნობა 14 დაკავებულის შესახებ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა იყო მობილიზებული.
საქართველოს პრეზიდენტმა X-ზე [ყოფილი ტვიტერო] დაწერა, რომ „საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ გააფრთხილა მომიტინგეები და აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
“რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი, მშვიდობიანი აქციები თბილისში. “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
23:00 საათისთვის სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შსს-ს მიმართა - აქციის მონაწილეებს არ შეუშალოს ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში, რადგან, მისი შეფასებით - არ იკვეთება კანონდარღვევა და არ არსებობს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მიზეზი.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!
რა ხდებოდა დღის განმავლობაში
15 აპრილს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შენობაში არ დაუშვეს აკრედიტებული ონლაინმედია და მათ შორის - რადიო თავისუფლება; ხოლო ტელეკომპანიების ჟურნალისტებს, კომიტეტის სხდომაზე, კამერების გარეშე უწევდათ მუშაობა - რადგან ოპერატორები დარბაზში არ შეუშვეს.
მედიის მუშაობის შეზღუდვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს ვიდრე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უშუალოდ „უცხოეთის აგენტების"კანონის - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის " განხილვას დაიწყებდა.
კომიტეტის სხდომაზე აზრის გამოთქმის საშუალება ხშირად ეზღუდებოდათ თავად ოპოზიციონერ დეპუტატებსაც: მათ მიკროფონს ურთავდნენ, თუკი „რუსულ კანონს“ ახსენებდნენ; ხოლო ადგილიდან წამოძახილების შემთხვევაში - ჯერ სიტყვიერ გაფრთხილებას იღებდნენ, ხოლო შემდეგ იურიდიულო კომიტეტის თავმჯდომარე მათ დარბაზიდან აძევებდა.
ასევე ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით
სადავო კანონპროექტის თანაავტორმა და მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ იცის როგორ ეწინააღმდეგებიან ამ კანონის დამტკიცებას საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, მაგრამ ეს „ოცნებისთვის“ გამოწვევას არ წარმოადგენს და ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ეს არის იმ ტიპის კანონმდებლობა... მაგალითად, ამერიკელების ასეთი კანონმდებლობა სხვა არცერთ ქვეყანას სუბიექტურად არ აწყობს. ევროპელების ასეთი კანონმდებლობა სუბიექტურად არცერთ სხვა ქვეყანას არ აწყობს. ქართველების ასეთი კანონმდებლობა არცერთ სხვა ქვეყანას არ აწყობს. იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, რომ თავისი წარმომადგენლები, თავისი მიზნების განსახორციელებლად, ხშირ შემთხვევაში - კარგი, ხშირ შემთხვევაში - ცუდი მიზნების განსახორციელებლად ჰყავდეს... იმიტომ არის ასეთი ამბავი ატეხილი“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არაერთხელ შეახსენეს „ოცნებას“, რომ არსებობს ერთი ქვეყანა - რუსეთი, რომელსაც საქართველოში „აგენტების კანონის“ დამტკიცებას ემხრობა; დეპუტატებმა და სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ "უცხოეთის აგენტების" კანონი რომ რუსულ ინტერესებს ემსახურება, ამის ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ კანონი ოკუპანტ ქვეყანასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
„ოცნება“ აცნობიერებს, რომ ევროკავშირში წევრობის შემთხვევაში, საქართველოში ვერ მიიღებდნენ „აგენტების კანონს“ - მაგრამ, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ევროკავშირის წევრი არ არის და ასეთი კანონის საჭიროება არსებობს.
და ვინ აგებს პასუხს, თუკი კანონის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია შეფერხდება, როგორც ამ დღეებში არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა გვითხრა?! - ეს არის ერთ-ერთი ის შეკითხვა, რომელიც 15 აპრილს, საკომიტეტო მოსმენაზე, სხვადასხვა ფორმით, ყველაზე ხშირად დასვეს.
ოცნების პასუხია, რომ - ევროინტეგრაცია არ შეფერხდება, ისევე „როგორც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ბრძოლით, დისკუსიით, დარწმუნებით“ - ასეთია მდინარაძის პასუხი.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის ლიდერს არაერთხელ შეახსენა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, შარშან მარტში - სწორედ „აგენტების კანონის“ ჩაგდების გამო მიანიჭეს და ეს არ მოხდებოდა, კანონი რომ დამტკიცებულიყო.
„ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერების მიერ დასმულ მსგავს აქცენტებს პარლამენტის სხდომაზე თავს არიდებდნენ.
„არანაირი ევროპული მომავალი ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის არ უნდა... და უნდა, რომ თქვენმა შვილებმა იცხოვრონ რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ“, - მიმართა კოლეგებს სამადაშვილმა.
„ჩვენ არ ვართ იმის გამკეთებელი, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემაც კი შევქმნათ... ხისტი, მკაფიო თავისუფალი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით უფრო მეტად დაგვაფასებენ. მართლა ცალ ფეხზე დგომით არ უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. ორ ფეხზე მყარად უნდა დავდგეთ და ისინიც, ჩვენი მეგობრები უფრო სწორად დაინახავენ ამ ყველაფერს... თქვენ გგონიათ, რომ მეგობრებს უნდა ელაპარაკოთ მონური მორჩილებით და ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს “ - უხსნიდა ოპონენტებს მდინარაძე.
15 აპრილის სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა არც ოპოზიციის და არც არასამთავროვო სექტორის არგუმენტები - „აგენტების კანონის“ დამაზიანებელი შინაარსისა თუ მოსალოდნელი დამაზიანებელი შედეგების შესახებ.
ოპონენტები ცდილობდნენ აეხსნათ „ოცნების“ დეპუტატებისთვის, თუ რატომ ელოდებიან „აგენტების კანონისგან“ რუსეთის მსგავს შედეგებს; რატომ არის სახიფათო ქვეყნისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან დაპირისპირება; რატომ არის შეურაცხმყოფელი არასამთავრობო სექტორისა და მედიისთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყი მაშინ, როცა ისინი საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან; როგორ და რატომ ვეღარ იმუშავებენ ორგანიზაციები „მოღალატის“ იარლიყით და სხვა.
„იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელს შეუძლია გადაწყვიტოს და შევიდეს მონიტორინგზე [ორგანიზაციაში]და მონიტორინგის ფარგლები შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი. ჩვენს ორგანიზაციებში, განსაკუთრებით მედიასაშუალებებში ბევრი სენსიტიური ინფორმაცია არსებობს. მედიის არა თუ მხოლოდ ეთიკური ვალდებულება, არამედ მისი ფუნქციონირების ნაწილი არის, რომ წყაროს გაუთქმელობა დაიცვას ეფექტიანად. აი ამ მექანიზმით [„აგენტების კანონით“] ის უბრალოდ უმოქმედო გახდება. არცერთო მოქალაქე არ ენდობა მედიას, თუკი მას არ ექნება გარანტია, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება დაცული“, - განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ.
„განვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ასეთი კანონი რომც არსებობდეს, არ დაისმებოდა ამდენი კითხვა და საერთოდ არ დაისმებოდა კითხვა - რადგან ნებისმიერ მოქალაქეს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, იქ აქვს გარანტირებული იმედი და უფლება იმის, რომ მიმართოს სასამართლოს და მისი უფლებები იქ დაიცვას. თუ ასეთი სურვილი, ეჭვი, პრეტენზია მას გაუჩნდება.
ჩვენთან, რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციური უფლება გარანტირებული, დაცული არ არის. სწორედ ამიტომაა ამდენი უნდობლობა ამ პროექტის მიმართ, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში“, - მიმართა „ოცნებას“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახლედიანმა. ის გამოთქვამს ეჭვს, რომ ბევრმა ორგანიზაციამ, „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს და რომ ხელისუფლებას ამისათვის ბერკეტები ექნება.
ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს იცავენ და არ აპირებენ "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაციას, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს.
ასევე ნახეთ ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი ჩაარტყა„სამი საათია ბლუკუნებდნენ. უბრალოდ, შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ. თეთრზე რომ ეუბნები თეთრიაო, გეუბნება - მწვანეაო... ყელში ამომივიდა - მივცხე ერთი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტს, მდინარაძეს. რუსი აგენტია ნომრიანი...“, - უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, როცა ის მამუკა მდინარაძესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის შენობიდან გამოვიდა.
ელისაშვილი პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო, რომელსაც დღის განმავლობაში პარლამენტის შენობის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციიც მონაწილე ახალგაზრდებმა მიკროფონი საკუთარი ნებით დაუთმეს, მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ და მადლობას უხდიდნენ.
„ ესენი მიგვათრევენ რუსეთში და მორჩა... მე კიდე მთელი ცხოვრება მეზიზღება მექრთამეები და რუსის მხარდამჭერები... გავილახე, არა უშავს. საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - თქვა ელისაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ელისაშვილმა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძეს მუშტი დაარტყა და წააქცია, მას „ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჯგუფურად სცემეს. დეპუტატმა ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძირითადად თავში ურტყამდნენ. ეს ვიდეო კადრებშიც ჩანს.
ელისაშვილის საქციელს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. ისინი თვლიან, რომ ძალადობის ინციდენტმა ხელი შეუშალა უფრო გააზრებულ ქმედებებსა და ხელისუფლებისთვის უფრო ადეკვატური პასუხის გაცემას, იმავე ოპოზიციის მხრიდან.
ინციდენტის შემდეგ, სხდომა გაგრძელდა და მდინარაძემ, რომელიც კვლავ ტრიბუნაზე დადგა, თქვა, რომ ელისაშვილი მას მიპარვით დაესხა თავს და რომ ეს იყო „დაგეგმილი, სავარაუდოდ - გადახდილი პროვოკაცია“.
„არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც აგერ ვხედავთ ჩვენს მიმართ... ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები. ვინ, ახლა ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ [უმრავლესობაში] არაპატრიოტები და მართლა რუსული ინტერესების გამტარებლები არიან?! შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ [რუსეთს], რომ იცოდეთ... პირველ რიგში, მე პირადად შევაკვდები...“, - მდინარაძემ წინადადება აღარ დაასრულა და არც ის დააკონკრეტა, ვის შეაკვდება. „რუსეთს?“ - ჰკითხეს დარბაზიდან. „დიახ, დიახ“ - უპასუხა მდინარაძემ.
პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებმა შეკრება საღამოს 7 საათისთვის დაიწყეს და ნახევარ საათში რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.
„არა რუსულ კანონს, კი - ევროპას“, „წინ ევროპისკენ - ამ გზას ალტერნატივა არა აქვს“, „ევროპაა ჩვენი გზა“ - ტრანსპარანტებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა - „აგენტების კანონის“ პარლამენტიდან გაწვევაა.
15 აპრილს, შარშანდელი მარტის გამოსვლების მსგავსად, საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდები ჭარბობდნენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების კანონი" 22:00 საათისთვის პირველი მოსმენით დაამტკიცეს. ახლა კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე უნდა გავიდეს, ასევე პირველი მოსმენით დასამტკიცებლად.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“