პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღწერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს და წერს, რომ "საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას".
“რუსული კანონის" წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი, მშვიდობიანი აქციები თბილისში. “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!" - წერს პრეზიდენტი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ხალხმრავალი პროტესტის ფონზე დაახლოებით 22:00 საათზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.
მიმდინარე აქციაზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია - რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.