Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს.

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდნენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია - რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.

კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წესი, აქციის მონაწილეებს პოლიცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აკავებს ხოლმე. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულთა შორის არიან მისი პარტიის წევრები იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაკავებების დაწყებამდე გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გავრცელდა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაახლოებით 22:00 საათზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

პარლამენტთან ხალხმრავალი აქციისა და მოქალაქეთა დაკავების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის შენობას ავტომობილებით ტოვებენ.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG