Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას


პარლამენტის შენობასთან მობილიზებული სპეცრაზმი. თბილისი. 15 აპრილი, 2024 წელი
პარლამენტის შენობასთან მობილიზებული სპეცრაზმი. თბილისი. 15 აპრილი, 2024 წელი

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ე.წ. აგენტების კანონის მიღების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის შესახებ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.

„იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სპეცრაზმი დემონსტრანტებს პარლამენტის შენობისთვის ალყის შემორტყმის საშუალებას არ აძლევენ. აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG