Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით


"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 2024 წელი, 15 აპრილი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 2024 წელი, 15 აპრილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაგრძელდება.

ამასთან, პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. პოლიციის კორდონებმა გადაკეტეს პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალი ქუჩები.

კანონპროექტს კომიტეტი 10:00 საათიდან ხმაურის ფონზე განიხილავდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებდა, რომ კოლეგების მიერ სადავო კანონპროექტის მოხსენიება „რუსულ კანონად" დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც ამ ტერმინს იყენებდა, მყისიერად უთიშავდა მიკროფონს. მან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სხდომიდან გააძევა.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტებს.

პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა „უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG