Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანრი ოხანაშვილი "აგენტების კანონის" "რუსულ კანონად" მოხსენიებას დეზინფორმაციად თვლის და კოლეგა დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს


პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "აგენტების კანონის" განხილვა ხმაურით დაიწყო - კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ კოლეგების მიერ ამ სადავო კანონპროექტის მოხსენიება "რუსულ კანონად" დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც ამ ტერმინს იყენებს, მყისიერად უთიშავს მიკროფონს.

"ჩემი ვალდებულებაა, დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე", - თქვა ანრი ოხანაშვილმა მაშინ, როცა დეპუტატი ხატია დეკანოიძე სთხოვდა აეხსნა, რატომ არ მიეცათ ჟურნალისტებს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება. მან ხატია დეკანოიძეს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი "რუსული კანონის" ხსენებისას.

ანრი ოხანაშვილს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჰკითხა, როგორც იურისტს მიეთითებინა პარლამენტის რეგლამენტის მუხლი, რომელიც მას აძლევს საშუალებას, დეპუტატს გაუთიშოს მიკროფონი, როცა მისი ფრაზეოლოგია არ მოსწონს.

"ცენზურას ხომ არ აწესებთ, როცა შეფასებებს კრძალავთ?" - თეონა აქუბარდიას ამ კითხვაზე ანრი ოხანაშვილმა კონკრეტული პასუხის გაცემის ნაცვლად თქვა, რომ "აქუბარდიამ ჩაჭრა."

იურიდიულ კომიტეტში "აგენტების კანონის" განხილვა პარლამენტთან აქციის ფონზე დაიწყო. შეზღუდულია ჟურნალისტების მუშაობაც - უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით 15 აპრილს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მიეცა ონლაინმედიას, მათ შორის არც რადიო თავისუფლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

"აგენტების კანონი", რომელსაც საზოგადოება "რუსულ კანონად" მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე უკან გაიწვია.

„ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე თვეში, 3 აპრილს, კანონპროექტი ხელახლა დაარეგისტრირა. მმართველი პარტია განმარტავდა, რომ ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიურია, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. ამ კანონის პარალელურად, ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით, საქართველოს პარლამენტი ასევე აპირებს მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ".

XS
SM
MD
LG