საქართველოში თითქმის ყველაფერი ძვირდება

ლარის დევალვაციის პროცესმა, რაც ძირითადად გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების შედეგია, სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2016 წლის იანვარში ინფლაციამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.6 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტების შეფასებით, ინფლაცია გაცილებით მასშტაბური იქნებოდა, რომ არა ნავთობპროდუქტების გაიაფება.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის პროცესი კვლავ გრძელდება. მართალია, მთავრობა ამას გარე ფაქტორებს აბრალებს, მაგრამ ეკონომისტების მიერ იანვრის ბოლო დღეების ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე სხვაგვარად არის: ლარი უფასურდება იმ დროს, როდესაც მთავრობა ფულს ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთიდან, ანუ იზრდება მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა, ხოლო ლარის გამყარება ხდება იმ დროს, როდესაც მთავრობა შემოსავალზე ნაკლებს ხარჯავს და ბიუჯეტის ნაშთი იზრდება. საქართველოს რეფორმების ასოციაციის - „გრასის“ - ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე განმარტავს, რომ „ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა იქონია ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც“.

როგორც ჩანს, ამას მთავრობაშიც აცნობიერებენ, რადგან ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცის შესახებ ალაპარაკდნენ. მაგრამ სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ლარის დევალვაციის პროცესი თავისას შვრება და საქართველოში სამომხმარებლო ფასები დღითი დღე იზრდება.

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, ინფლაციამ 5,6 პროცენტი შეადგინა.

მოსახლეობა ფასების გაცილებით საგრძნობ მატებას უჩივის, რადგან ფასები პირველადი მოხმარების პროდუქციაზე უფრო მეტად არის მომატებული, ვიდრე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია.

მაგალითად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12-თვიან პერიოდში გაძვირდა 5 პროცენტზე მეტად. ფასების მნიშვნელოვანი მატება აისახა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი - თითქმის 34 პროცენტი, ზეთი - თითქმის 12 პროცენტი და ყავა, ჩაი და კაკაო - 10 %.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ქვეჯგუფის ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით.

11 პროცენტით მოიმატა ასევე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების ფასებმაც. ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობებისა (22,6 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,2 %) ღირებულება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ფასების ზრდის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროში, რაც მოსახლეობასაც უძვირებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სახელმწიფოსაც უძვირებს საყოველთაო ჯანდაცვას, რაც, შესაძლოა, საკმაოდ მძიმედ აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტზე...
ნინო ევგენიძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განაცხადა, რომ ჯანდაცვის გაძვირება განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტენდენციაა:

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ფასების ზრდის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროში, რაც მოსახლეობასაც უძვირებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სახელმწიფოსაც უძვირებს საყოველთაო ჯანდაცვას, რაც, შესაძლოა, საკმაოდ მძიმედ აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტზე“.

სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებიდან ჩანს, რომ გაძვირებულია კომუნალური გადასახადებიც, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეობის ჯგუფში ფასების 8,4-პროცენტიანი მატება აღინიშნა.

აღსანიშნავია, რომ, წლიური ინფლაციის გარდა, ზრდის ტენდენცია შეინიშნება 1 თვის მონაცემებშიც. კერძოდ, 2016 წლის იანვარში, 2015 წლის დეკემბერთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვა გაძვირდა 1,3 %-ით, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზეც 3,6 %-ით.

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

საქსტატის კვლევის თანახმად, ერთი თვის მანძილზე შთამბეჭდავი ცვლილება აჩვენა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფმა. ეს პროდუქცია 2016 წლის იანვარში, 2015 წლის დეკემბერთან შედარებით, 19 პროცენტით გაძვირდა. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასმაც თითქმის 13 პროცენტით მოიმატა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის ნინო ევგენიძის აზრით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელში ფასების მასშტაბურ ზრდას ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება „აკავებს“:

„ინფლაციის 6-პროცენტიან ნიშნულში შეკავების ძირითადი წინაპირობა ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი შემცირებაა. რომ არა ეს ფაქტორი, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა, თუმცა ეს პროცესიც მუდმივი არაა. მაგალითად, გუშინ, პირველად ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნავთობის ფასმა 35 აშშ დოლარს გადააჭარბა“.

ეს არის, უბრალოდ, დეკლარაციის დონე. ინფლაცია ეროვნულ ბანკს 2011 წელს გაექცა 14,5 პროცენტამდე, 2002 წელს იყო მინუს 3,3 %-მდე. ანუ რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, საქართველოში არის არაეფექტიანი, მისი ეფექტი არის 0-ის ტოლი...
ლია ელიავა

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ, თუ მთავრობის პოლიტიკაში არაფერი შეიცვალა, ნავთობპროდუქტების გაიაფების შეჩერების შემთხვევაში, ინფლაცია უფრო მეტად გაიზრდება. ასეც რომ არ მოხდეს, 5.6 პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც 5 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ინფლაციის შესაკავებლად მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი შეეცდება მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდას. საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები უფრო დეკლარაციული ხასიათისაა და რეალურად ის ნაკლებად ახდენს გავლენას ვითარებაზე:

„ეს არის, უბრალოდ, დეკლარაციის დონე. ინფლაცია ეროვნულ ბანკს 2011 წელს გაექცა 14,5 პროცენტამდე, 2002 წელს იყო მინუს 3,3 %-მდე. ანუ რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, საქართველოში არის არაეფექტიანი, მისი ეფექტი არის 0-ის ტოლი“.

თუმცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ გადადგმული ნაბიჯები მაინც გავლენას ახდენს საკრედიტო ბაზარზე, კერძოდ, ძვირდება ლარში გაცემული კრედიტები და არამარტო ისინი. შესაბამისად, ინფლაციის ზრდასთან ერთად იზრდება კრედიტების პროცენტები, დაკრედიტების რაოდენობა კი მცირდება, რაც, თავის მხრივ, იწვევს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის კლებას. ამ პრობლემატური წრიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის რადიკალური შეცვლით, რის სურვილსაც ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა არ ავლენს.