Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი ისევ უფასურდება


დოლართან მიმართებაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ფასი ორ-ნახევარ ლარს მიუახლოვდა, ხოლო კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარი 2.5 ლარზე მეტი ღირს.

ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ. ამ თემაზე ისაუბრეს პრემიერ- მინისტრმა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ლარის გაუფასურებას უკავშირებს „იმ უარყოფით მოლოდინებს, რომლებიც გაჩნდა მეზობელი ქვეყნების ვალუტის კურსების ვარდნის გამო“. მისივე განმარტებით, ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს ქვეყანაში შემომავალი ან გამავალი უცხოური ვალუტა:

„კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ დოზითაა შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები დაბალანსებულია“.

ლარის გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მისი თქმით, შეუძლებელია მეზობელი ქვეყნების ვალუტების ვარდნასაქართველოზეც არ ასახულიყო:

„ჩვენ ამ ქვეყნებთან ინტეგრირებული ვართ. გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია, ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე“.

იმასვე ამბობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც, თუმცა დასძენს, რომ ამ ფონზეც კი ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამას ელოდნენ.

ეკონომისტი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ, თუ ლარმა ვარდნა ასე გააგრძელა, პროდუქტის ფასი ბაზარზე ძალიან მოიმატებს, თუმცა ჯერჯერობით ამის საფუძველი იმიტომ არ არსებობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე სურსათი გაიაფდა:

„ნავთობპროდუქტების გაიაფებამ არანაკლებ 300 მილიონი დოლარის ეკონომია მისცა ჩვენს მოსახლეობას და იმპორტიორებს, სურსათის გაიაფებამ - 200 მილიონის. ჯამში, მარტო ამ ორი კომპონენტის ხარჯზე საქართველომ 500 მილიონით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, თუ 2015 წელს 2014 წლის ფასები შენარჩუნდებოდა“.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ლარი უახლოეს პერიოდში უნდა დასტაბილურდეს, მაგრამ თუ ვარდნა გაგრძელდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო:

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის უებარი წამალი. მას უამრავი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის: ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში აქტივობის შემცირება და ეკონომიკური ზრდის შემცირება“.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზანი ფასების დასტაბილურებაა, რამაც ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპი უნდა უზრუნველყოს.

ლარის დასასტაბილურებლად ეროვნულმა ბანკმა 22 იანვარს 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის, ეჭვს იწვევს:

„უკვე მოვითხოვე ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან. მაინტერესებს, როგორ იხარჯებოდა ის რეზერვები, რომლებიც გაიყიდა ამ პარასკევს“, - განაცხადა მან 26 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი ქადაგიძე ამ განცხადებას „კომიკურს“ უწოდებს.

26 იანვარს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 20 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც ლარის გაცვლითი კურსი 2.497 გახდა.

XS
SM
MD
LG