საქართველო „სოკარისგან“ დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს

4 მარტს თბილისში მოეწერა ხელი საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია "სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმადაც, საქართველო დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, ხელშეკრულების პირობების თანახმად, შემცირდება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, „სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. აგრძლებს თუ არა მოლაპარაკებებს საქართველო ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შესაძენად სხვა ქვეყნების ნავთობკომპანიებთან და გაიმართება თუ არა თბილისში აქცია ექვს მარტს, სახელწოდებით „არა გაზპრომს!“

500 მილიონი კუბური მეტრი - სწორედ ამ დამატებითი რაოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარისგან“. ეს გადაწყვეტილება კომპანია „სოკარმა“ და საქართველოს მთავრობამ რამდენიმე შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. შეთანხმებას 4 მარტს თბილისში მოაწერეს ხელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა. ამ შეთანხმების შედეგად, ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორის 2011 წელს გაფორმებულ მემორანდუმში. საქართველოს მთავრობამ საუბარი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი აირის მზარდი მოხმარების გამო ქვეყანას დამატებითი მოცულობების მოძიება ესაჭიროებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როვნაგ აბდულაევი საქართველოს იანვრის დასაწყისშიც სტუმრობდა. მაშინ კახა კალაძე იმ ტექნიკურ პრობლემებსა და დისბალანსზე ლაპარაკობდა, რომელიც ე. წ. პიკურ - ზამთრის - პერიოდში საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების საკითხს შეეხებოდა. ამ ტექნიკურ პრობლემებსა და გამოსავლის გზების ძიებაზე საუბრობდა მაშინ „სოკარ- საქართველოს“ ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვიც და საქართველოსთვის გაზის გაზრდილი მოცულობის მოწოდების ერთ-ერთ გზად სამხრეთკავკასიური, იგივე „შაჰდენიზის“, გაზსადენი განიხილებოდა. 4 მარტს ენერგეტიკის მინისტრისა და „სოკარის“ პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციისას გახდა ცნობილი, რომ სწორედ „შაჰდენიზის“ გაზსადენის მეშვეობით არის შესაძლებელი აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის დამატებითი რაოდენობის ბუნებრივი აირის მიწოდება:

„უაღრესად მნიშვნელოვანია და ხაზგასმით აღსანიშნავი ის, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო წარმოქმნილი პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხრიდან ბუნებრივი აირის დამატება შესაძლებელი გახდა სამხრეთკავკასიური, იგივე შაჰდენიზის, მეშვეობით. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ და კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან“.

როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, რუსეთი ამას ჩვენგან სულ ითხოვდა, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს კი არ ვუხსნიდით მათ და ვენაში კი არ დავრბოდით, პირდაპირ ვეუბნებოდით: არა, ჩვენთვის ეს წამგებიანია! ...
მიხეილ მაჭავარიანი

გაგრძელდება თუ არა რამდენიმე თვის წინ დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მისაღებად? ეს კითხვა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს პრესკონფერენციაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა დაუსვეს. კახა კალაძის თქმით, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიაში გაგზავნილია შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ძველი კონტრაქტის პირობებით ურთიერთობას:

„გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომელიც ქართულმა მხარემ შესთავაზა „გაზპრომს“, დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ ბუნებრივი აირის 10 % მივიღოთ ნედლეულის სახით. დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. საქართველო მომავალი წლების მანძილზე იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით“.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი არაერთი აქციისა თბილისში, სახელწოდებით „არა გაზპრომს“. აქციას, უფრო კონკრეტულად კი, ცოცხალ ჯაჭვს, ამავე სახელწოდებით, გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ 6 მარტსაც. შეიცვლება თუ არა მათი გეგმები მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობების მოწოდების თაობაზე? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აქცია აუცილებლად გაიმართება, ამის მიზეზი კი, მისი თქმით, არის ის, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები კვლავაც გრძელდება:

„ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა. „გაზპრომი“ ჩვენ ამას დიდი ხანია გვთხოვდა. ეს არის შევარდნაძის დროს დაწყებული კონტრაქტი. როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, რუსეთი ამას ჩვენგან სულ ითხოვდა, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს კი არ ვუხსნიდით მათ და ვენაში კი არ დავრბოდით, პირდაპირ ვეუბნებოდით: არა, ჩვენთვის ეს წამგებიანია! კალაძემ გახსნა მოლაპარაკება, მან გახსნა პანდორას ყუთი. ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ საქართველოში არის რამდენიმე ათასი ადამიანი, ვინც ამას გააპროტესტებს“.

სათქმელია ისიც, რომ, აზერბაიჯანთან 4 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შემცირდება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს. გარდა ამისა, „სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. ამ პირობებით ხელმოწერილ ხელშეკრულებას, მაგალითად, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური იმ მოლაპარაკებებს მიაწერს, რომელსაც საქართველო „გაზპრომთან“ აწარმოებდა: „სხვა მოლაპარაკებები რომ არ ყოფილიყო, „სოკართან“ ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა ეს მოლაპარაკებები“.

რა გახდა მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა, მაგალითად, საქართველოსთვის სოციალური გაზის საფასურის გაიაფებას? „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ღიად დაიწყო საუბარი სხვადასხვა მომწოდებლებთან და როდესაც დაიწყო საუბარი ბაზრის დივერსიფიკაციაზე, „სოკარმა“ დაინახა რეალური საფრთხე, რომ ის დაკარგავდა დომინანტურ მდგომარეობას ქართულ ბაზარზე, რაც გახდა საფუძველი მათი გადაწყვეტილებისა საქართველოს სასარგებლოდ.

გარდა „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებებისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საქართველოსა და ირანს შორის ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობით მოწოდების შესახებ როგორც შიდა მოხმარების, ისე ტრანზიტისთვის. ამ მიზნით თებერვლის შუა რიცხვებში თეირანში იმყოფებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თუმცა, ისევ და ისევ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, 4 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, საქართველო ირანიდან ბუნებრივი აირის მიღებას აღარ საჭიროებს.