პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დასრულებული კვირა

დაპირებისამებრ, 13 იანვრის, დილის 10 საათზე გაიღო იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებების კარი, საიდანაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე 190-მა მსჯავრდებულმა საპატიმროები ერთდროულად დატოვა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯერ ვეტოდადებული, შემდეგ ვეტოდაძლეული და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ 12 იანვარს ხელმოწერილი კანონი ”ამნისტიის შესახებ” ძალაში შევიდა 13 იანვრის დადგომისთანავე. ჯაშუშობაში, სამშობლოს ღალატში, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება-შენახვასა თუ ქურდული ტრადიციების მიმდევრობის გამო მსჯავრდებულ პატიმრებს საპყრობილეებიდან სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ამნისტიის შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორი, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცილებდნენ: ”ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ადამიანებთან ერთდ დამეტოვებინა ციხე, ეს საშინელი ადგილი, სადაც ცნობილი, სკანდალური კადრები იყო გადაღებული”.

ისტორიული დღე უწოდა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პოლიტიკური სტატუსის მქონე პატიმრების გათავისუფლებას და ჟურნალისტებთან საუბარში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სიტყვები გაიხსენა: ”10 წლის წინ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც კი ევროპისთვის ძალიან ბევრია. საქართველოში იყო ათეულობით და ასეულობით პოლიტიკური პატიმარი. დღეს ეს პროცესი მთავრდება”.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავის მეექვსე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან მსჯავრდებულები პირადად გამოაცილა: ”საეტაპო დრო დგას დღეს საქართველოს ისტორიაში, როდესაც პირველად ქვეყანამ აღიარა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ. ეს ფაქტი უკვე შედგა. 190-მა პატიმარმა საპატიმროები დატოვა”.
ვიცოდით, რომ გამოვიდოდით. ერთი წელი და 7 თვე მქონდა დარჩენილი. როგორ უნდა მეღიარებინა ფეხბურთელ კაცს ქურდული ტრადიციების მიმდევრობა?..
გიორგი დემეტრაძე


სწორედ რუსთავის მეექვსე მკაცრი რეჟიმის დაწესებულება დატოვა მუხროვანის ამბოხის დროს დაკავებულმა ლევან ამირიძემ. ”ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ არაფერი ჩამიდენია, გარდა ამისა, რომ ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდი”, - თქვა საპატიმროდან გამოსულმა მაიორმა, ”რეინჯერთა” ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა, რომელსაც 28 წელი ჰქონდა მისჯილი: ”ბრალდებული ვიყავი სახელმწიფოს გადატრიალების და იარაღით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისათვის. ბრალდებას არც მაშინ ვეთანხმებოდი და არც ახლა ვეთანხმები”.

ამირიძესთან ერთად დატოვეს საპატიმრო მუხროვანის ამბოხში მსჯავრდებულმა დანარჩენმა პატიმრებმაც. ისევე როგორ ლევან ამირიძე, 13 იანვარს გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე ყველა მჯავრდებული მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმეებს შეთითხნილს უწოდებს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც, რომელიც სასჯელს 2010 წლიდან ქურდული ტრადიციების მიმდევრობის გამო იხდიდა: ”ხელისუფლება რომ შეიცვალა, ვიცოდით, რომ გამოვიდოდით. ერთი წელი და 7 თვე მქონდა დარჩენილი. როგორ უნდა მეღიარებინა ფეხბურთელ კაცს ქურდული ტრადიციების მიმდევრობა?”

საერთო ანგარიშით, გარდა 190 პოლიტიკური სტატუსის მქონე მსჯავრდებულისა, ამნისტია 17 ათასამდე პატიმარს შეეხება, თუმცა საპყრობილეებს მომდევნო ორი თვის ვადაში 3 ათასზე მეტი მსჯავრდებული დატოვებს, დანარჩენს კი სასჯელი შეუმსუბუქდება.

13 იანვრით დასრულებული გასული კვირა შობით დაიწყო. რა თქმა უნდა, შობას გარდა ტრადიციად ქცეული ალილოსი, საშობაო მილოცვების გარეშე არ ჩაუვლია. ორ ბანაკად გაშლილმა საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ საშობაო სურვილები სხვადასხვა მიმართულებით გააგზავნა. სამების საკათედრო ტაძარში მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად შეხვდა შობას საქართველოს პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრმა კი შობის აღნიშვნა მშობლიურ ჭორვილაში არჩია. ”წარსულთან პაემანი” დაუშვებელიაო - ასე თქვა პრეზიდენტმა:

მიხეილ სააკაშვილი


”არ დავუშვათ უკან დაბრუნება ქვეყნის და ეს წარსულთან დაწყებული არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაასრულოს. მე ვარ რეალისტი, მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ ოპტიმისტი და მიმაჩნია, რომ ყველანაირ დროებით სიძნელეებს გადავლახავთ, ყველანაირ შესაძლო რისკებს საქართველო გვერდზე გაწევს და გააგრძელებს თავის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს”.

პრეზიდენტის სიტყვებს ნგრევის შესახებ თავის საშობაო მილოცვაში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:

”სიმბოლურად შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს!”

პრეზიდენტის საშობაო მილოცვის ტექსტს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო ომს უწოდებს, რომელიც პრეზიდენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოჰაბიტაციაზე უარი თქვა, და თუ პრეზიდენტის სიტყვებს ჩავუკვირდებით, ამბობს რამაზ საყვარელიძე, ეს არის ტყუილი ინფორმაციული ნაკადი. ის აზვიადებს ”ქართული ოცნების” მიერ ნათქვამ ფრაზებს: დავუშვათ, ”მშვიდობის ხიდის” შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, და ამას უწოდებს ნგრევას; წარსულში დაბრუნებაზე საუბრისას ის გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო ცვლილებას. თუმცა რამაზ საყვარელიძის თქმით, რეალურად, პრეზიდენტი საინფორმაციო ომს ეწევა არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ დასავლეთის თვალშიც.

სხვათა შორის საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ნორმის თაობაზე საჯარო განხილვების დაწყებასა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მისაღებად იწყებს მზადებას საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამის თაობაზე 9 იანვარს თბილისის იუსტიციის სახლში შეიკრიბა საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომისიას არ გაუჭირდება აუხსნას ხალხს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებების შეტანა. მისი აზრით, მოქმედი ნორმა, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ქმნის პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს, რადგანაც პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და ერთპიროვნულად დანიშნოს ახალი მთავრობა:

„ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომელსაც არ ექნება პარლამენტის, ანუ ხალხის, ნდობა. იდეა ამ გარემოების შეცვლისა ბუნებრივად წარმოიშვა იმის გამო, რომ ვიდრე ასეთი მდგომარეობა იქნება, მუდამ იარსებებს პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე, რაც პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას ერთი ხელმოწერით“.
ის ფაქტი, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საჭიროებს თანაცხოვრებას, ძალიან კარგია და კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ შედგება იმის პრეცედენტი, რომ ხელისუფლების ორივე შტო შეძლებს ახალ არჩევნებამდე თანაცხოვრებას და რაღაც რვა თვის გამო არ განხორციელდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები...
ნინო ლომჯარია


კომისიის კიდევ ერთი წევრი კი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ექნება უფლება დაითხოვოს პარლამენტი, თუმცა ახალ არჩევნებამდე დარჩება ის მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა დანიშნა.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის შესაძლებლობა ხელისუფლების უსაფუძვლო შიშების შედეგია.

კომისიის მუშაობაში, პარლამენტის წევრების გარდა, მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია 2013 წლის ოქტომბრამდე, ანუ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, პოლიტიკურმა კლასმა შეძლოს თანაარსებობა მოქმედი კონსტიტუციით:

„ის ფაქტი, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საჭიროებს თანაცხოვრებას, ძალიან კარგია და კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ შედგება იმის პრეცედენტი, რომ ხელისუფლების ორივე შტო შეძლებს ახალ არჩევნებამდე თანაცხოვრებას და რაღაც რვა თვის გამო არ განხორციელდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები“.

რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მეორე ნაწილს, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრას შეეხება, უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანით მხოლოდ უმრავლესობა როდია დაინტერესებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ცვლილებას ღიად მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობის არც ერთი წევრი. ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეწინააღმდეგებიან თავად ქუთაისელებიც. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, ქალაქმა, პარლამენტის გადატანაზე გაუთავებელი საუბრით, უკვე დაკარგა მნიშვნელოვანი ინვესტიციები და განვითარების პერსპექტივა.
ბაგრატი დღის წესრიგში აღარ დგას, ამიტომ მათთვის ცალსახად საფრთხეში მყოფი ძეგლია და აღარ დარჩება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში...
მარინე მიზანდარი


კვლავ ქუთაისში ვრჩებით და ბაგრატის შესახებ საუბრით ვაგრძელებთ კვირის მიმოხილვას. გასულ კვირაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად, პარიზში ბაგრატის და არა მხოლოდ ბაგრატის, არამედ გელათისა და მცხეთის საკითხებზე შეხვედრები გამართეს იუნესკოსა და იკომოსში, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოში. როგორც ამ შეხვედრების შემდეგ აღინიშნა, ბაგრატის რეკონსტრუქციის დროს არ იქნა დაცული სავალდებულო კრიტერიუმები, რითაც დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. შესაბამისად, ბაგრატი, როგორც თვითმყოფადი ნიმუში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ვერ დარჩება. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ქართულმა მხარემ, როგორც უკვე ითქვა, მიიღო შეთავაზება, ბაგრატის იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში დარჩენის კომპრომისული ფორმა მოძებნოს. შეთავაზების ავტორი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის განმარტებით კი, შესაძლოა ახალი საზღვრები დადგინდეს გელათის ნომინაციაში, სადაც აქცენტი გადავა გელათზე, ხოლო ბაგრატი, დიდი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა მოექცეს მის არეალში. იგულისხმება არა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ისტორიულ-მხატვრული ღირებულებები და სხვა უამრავი საკითხი, რითაც საქართველო ბაგრატის ტაძრის დაცვას შეძლებს. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება საფუძვლიანი დასაბუთება, თქვა მარინე მიზანდარმა ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბარში.

”ამ ეტაპზე მოთხოვნა არის გაკეთებული მხოლოდ საზღვრების შეცვლასთან და ახალი ნომინაციის მომზადებასთან დაკავშირებით, სადაც გელათზე იქნება გადატანილი მთელი ყურადღება. ბაგრატი საერთოდ არ არის ნახსენები, იმიტომ რომ ბაგრატი დღის წესრიგში აღარ დგას, ამიტომ მათთვის ცალსახად საფრთხეში მყოფი ძეგლია და აღარ დარჩება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში”.

ბაგრატის ტაძრის მაკეტი


გელათისა და ბაგრატის შესახებ ახალი დოკუმენტაცია იუნესკოს კომიტეტის სესიას უახლოეს ხანში, თებერვლამდე წარედგინება. X-XI საუკუნეებში აგებული ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1994 წელს შეიყვანა. იუნესკოს წინასწარი დასკვნით, ბაგრატის ტაძარი იმ კრიტერიუმებს აღარ შეესაბამება, რომელთა გამოც ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი.

კიდევ ერთი თემა, რომელიც გასულ კვირაში მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, ეს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სასულიერო პირებთან და მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლთან შეხვედრა. შეხვედრის მიზეზი კი ელექტრონული პირადობის მოწმობები გახდა. მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენლის ზაზა ნანობაშვილის სიტყვებით, ელექტრონული ბარათების შემოღებით ირღვევა მორწმუნე ადამიანების უფლებები, საზოგადოება კი ელექტრონული კონტროლის ქვეშ ექცევა, რაც მათ თავისუფლებას უკარგავს:

”ადამიანის ყველა ნაბიჯი ID ბარათზე აისახება - თუ სად შეხვედით დღის მანძილზე, სად იმოძრავე, სად რა შეიძინე, სად რა გააკეთე და ა.შ. - და მის გარეშე ფაქტობრივად აღარ შეგიძლია ცხოვრება და მთავარი ღირებულება - ადამიანის ნება - იბღალება იმით, რომ ის მართვადი ხდება, ხდება ზომბირებული”.

სწორედ ამიტომ, სასულიერო პირებმა და მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე ალტერნატიული დოკუმენტის შემოღება მოითხოვეს. თეა წულუკიანმა მათ ასე უპასუხა:

”პასუხები დღეს ვერ იქნება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მოსმენის პროცესში ვარ და ვისმენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით არსებობს. ეს მოსმენის სამუშაო უნდა ჩატარებულიყო მანამდე, მაგრამ ის არ შედგა წინა ხელისუფლების მიერ. ამიტომ ახლა მიწევს გავწიო ეს სამუშაო, რომ გავიგო, არის თუ არა რაიმე გამოსასწორებელი ამ მიმართულებით”.

ირაკლი ოქრუაშვილი


გასული კვირის მიწურული, როგორც ჩანს იღბლიანი აღმოჩნდა ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისთვის. პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად ესებუას გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს მის მიმართ წაყენებული სხვა ბრალდებების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მის მიმართ ორ ბრალდებაზე სასამართლო განხილვები მომავალ კვირაში გაგრძელდება. ისინი შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობას და ასევე სამსახურებრივ გულგრილობას ეხება. ორივე პროცესს ირაკლი ოქრუაშვილი არა პატიმრის, არამედ ბრალდებულის სტატუსით დაესწრება. ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს მომავალ კვირაში შეხვედრას დაჰპირდა:

”შემდეგ კვირაში შეგხვდებით და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. ცოტა რთულია დღე იმის თქმა, დავბრუნდები თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ვნახოთ. პროკურატურის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სასამართლო მეტ-ნაკლებად ცდილობს რომ იყოს ობიექტური, სხვაგვარად ვერც შეძლებენ, რადგან არანაირი მტკიცებულება ჩემი და ჩემი მეგობრების ბრალეულობის მათ არ გააჩნიათ”.