საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კანონპროექტის მიღების მიზანია ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის განხორციელების სისტემის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე მესამე სექტორი, სახალხო დამცველი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Your browser doesn’t support HTML5
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები, წარწერით „ნუ გვისმენთ!“, „ასინეთა ბიძინა“ და სხვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიგა შუშანიას, თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონი არ ემსახურება არც ეროვნული უსაფრთხოებისა და არც მოქალაქეთა უფლებების დაცვას:
თუ ჩვენ ვიღებთ უწყებას, სადაც ძირეულ და შინაარსობრივ კონტროლს მაინც განახორციელებს უსაფრთხოების სამსახური, მაშინ ეს არ იქნება უწყება, რომელიც იქნება შინაარსობრივად და ნამდვილად დამოუკიდებელი...ანა დოლიძე
„ეს კანონი მიმართულია ერთი ადამიანის უსაფრთხო ძილისაკენ. ამ ადამიანს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. ყველა ბერკეტი ეძლევა მისი დაცვის ყოფილ უფროსს, სუს-ის უფროს გომელაურს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ერთი ადამიანის უსაფთრთხოება მოქალაქეების უფლებების დარღვევის ხარჯზე, მუდმივი თვალთვალის, მიყურადების ხარჯზე, შემდეგ ამ კადრების დამონტაჟების და ეთერში გამოქვეყნების ხარჯზე“.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ ისარგებლებს დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიებით, არ ექნება საგამოძიებო, სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო ფუნქციები და ამ თვალსაზრისით არ იქნება პროფესიულად დაინტერესებული, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ სააგენტოს ძირითადი საზრუნავი სწორედაც რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა იქნება:
„ადამიანის უფლებების ნაწილია ისიც, რომ მოქალაქეები დაცული სისტემის პირობებში ცხოვრობდნენ“.
თუმცა აღნიშნულ კანონპროექტს არც საპარლამენტო უმცირესობა იწონებს და არც მესამე სექტორი. კანონპროექტს აკრიტიკებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეც:
„თუ ჩვენ ვიღებთ უწყებას, სადაც ძირეულ და შინაარსობრივ კონტროლს მაინც განახორციელებს უსაფრთხოების სამსახური, მაშინ ეს არ იქნება უწყება, რომელიც იქნება შინაარსობრივად და ნამდვილად დამოუკიდებელი. ეს პრობლემაა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებასთან მიმართებაში, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, მაგალითად, სააგენტოს უფლებამოსილება, რომელიც ძალიან დიდია და არ შეიძლება, რომ დარჩეს ისეთი ვერსიით, როგორითაც წარმოადგინეს პარლამენტში“.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენის დროს მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა კანონპროექტის იმ ნაწილში, რომელიც სააგენტოს უფროსის დანიშვნის წესს განსაზღვრავს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, თქმით, სააგენტოს თავმჯდომარეს აღარ წარადგენს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი:
„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ცვლილება, აბსოლუტურად სხვა ელფერს აძლევს ამ კანონს. გაცილებით გაიზრდება სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ასევე დამუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება, თუკი სააგენტოს უფროსი დანიშნავს და გაათავისუფლებს თავის მოადგილეებს და არა სუს-ის უფროსი“.
ამასთან, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს უფროსის კანდიდატს შეარჩევს 7 წევრისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეები და სახალხო დამცველი. მეორე მოსმენის დროს შეტანილი ცვლილების თანახმად, ასევე კომისია წარუდგენს პერმიერ-მინიტრს სააგენტოს უფსოსის კანდიდატურას, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა მანც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება არასაკმარისია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის თქმით, კანონპროექტი სააგენტოს აძლევს უფლებას ჰყავდეს ფარული თანამშრომლები:
„თქვენ სპეცსამსახურს ქმნით აგენტურული შტატით? ეს არის სირცხვილი! ეს არის საბჭოთა კაგებეს და ძველი ოდეერის სისტემის რესტავრაცია! და კიდევ, ის შენიშვნები, რაც პირველი მოსმენის დროს გამოითქვა, არ იქნა გათვალისწინებული“.
კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, „ევროპულმა საქართველომ“, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, უმრავლესობა ქვეყნისთვის საზიანო კანონს იღებს დაჩქარებული წესით, მუხლობრივი განხილვის გარეშე:
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ამიტომ ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ ამ სხდომას“.
ოთარ კახიძის ამ განცხადების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იხელმძღვანელა პარლამენტის რეგლამენტით:
„ბევრად უფრო მარტივად იყო საქმე: ოპოზიცია, რეგლამენტის შესაბამისად, ახორციელებდა მცირე საპარლამენტო საბოტაჟს, რომელიც აღვკვეთე ასევე რეგლამენტის შესაბამისად. ეს იყო და ეს. თქვენი არჩევანი იყო და გქონდათ ამის უფლება“.
კანონპროექტს ასევე არ დაუჭირა მხარი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა“. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა მანამდე კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ მესამე მოსმენით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრა მომავალ კვირაში რიგგარეშე სესიაზე გაიმართება.