12 თებერვალს შესრულდა ხუთი წელი ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვიდან. მოციგავის საფლავზე შეიკრიბნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, სამცხე-ჯავახეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის მამა, დავით ქუმარიტაშვილი ამბობს, რომ დაპირებული საციგაო ტრასის მშენებლობა ჯერ კიდევ იგეგმება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები თითქმის დასრულდა.
2010 წლის 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს. ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ჰქვია. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე იმ გეგმაზე საუბრობს, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად სახელმწიფომ შეიმუშავა.
დაღუპული სპორტსმენის საფლავზე სამცხე-ჯავახეთის მხარისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა გვირგვინი მიიტანეს. რაც შეეხება საციგაო ტრასის მშენებლობას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ამბობს, რომ ეს საკითხი საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების გადასაწყვეტია.
ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და მაღალი სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს დაეჯახა. ქართველი სპორტსმენი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით იგი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქართველი სპორტსმენის სულის მოსახსენებლი პანაშვიდი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ გადაიხადა.
ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშის დროს დაიღუპა.