დომინოსებრი ეფექტის წინაღობები მიგრანტთა გზაზე

მიგრანტები სერბია-ხორვატიის საზღვარზე

ხორვატიამ თავისი საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა სერბიის საზღვარზე მოგროვილ ათასობით მიგრანტს. 19 ოქტომბერს საზღვრის გახსნამდე 3000-ზე მეტი მიგრანტი იცდიდა წვიმასა და სიცივეში ბერკასოვოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში.

მიუხედავად ხორვატიის ამ ნაბიჯისა, მრავალი მიგრანტია მძიმე მდგომარეობაში ჩარჩენილი ხორვატიის საზღვრის სხვა მონაკვეთზე - ხორვატია-სლოვენიის საზღვარზე.

მიგრანტების მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ახალი სასაზღვრო შეზღუდვები შემოიღეს.

უნგრეთმა უსაფრთხოების მოტივით ჩაკეტა სერბიასთან და ხორვატიასთან საზღვრები. ხორვატიამ ევროკავშირის წევრ სლოვენიას სთხოვა, დღეში 5000 მიგრანტის მიღება, მაგრამ მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა უპასუხა, რომ ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს მიიღებს, ვინაიდან ვერ ახერხებს მიგრანტების გატარებას ავსტრიაში, რომელმაც, სლოვენიის თანახმად, სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა.

ამ დომინოს ეფექტმა ის გამოიწვია, რომ სერბიასა და ხორვატიას შორის საზღვარზე მიგრანტებისა და ლტოლვილთა დიდი რაოდენობა დაგროვდა.

9 ოქტომბერს, სანამ ხორვატია სერბიასთან საზღვარს გახსნიდა, გაეროს ლტოლვილთა უწყების თანახმად, სერბიის ტერიტორიაზე 10 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა და მათი რიცხვი იზრდებოდა.

მთლიანობაში, მიმდინარე წელს ძალადობასა და სიღატაკეს გამოქცეულმა 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიაღწია ევროპას ავღანეთიდან, ერაყიდან და სირიიდან.

უნგრეთ-ხორვატიის საზღვარზე შექმნილი ვითარების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მიგრაციის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელმა ნატაშა ბერტომ 19 ოქტომბერს თქვა:

„უნგრეთ-ხორვატიის საზღვარზე კონტროლის თაობაზე უნგრეთის ხელისუფლების მიერ 17 ოქტომბერს გამოგზავნილ წერილში ევროპის კომისიას ეუწყა, რომ უნგრეთმა გადაწყვიტა, გაამკაცროს კონტროლი ხორვატიის საზღვარზე. სინამდვილეში უნგრეთს არ სჭირდება ჩვენთვის ამის შეტყობინება, ვინაიდან ეს შენგენის გარე საზღვარია. ხორვატია არ არის შენგენის ზონის წევრი და ზონის წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და პრეროგატივაა, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ შენგენის ზონის გარე საზღვრის საკუთარი მონაკვეთი. ჩვენ გვესმის, რომ ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გახსნილი რჩება, მაგრამ კონტროლი გამკაცრებულია ე.წ. მწვანე საზღვარზე“.

მიგრანტთა უდიდესი ნაწილი სირიელები არიან და ისინი თურქეთის, საბერძნეთის, მაკედონიისა და სერბიის გავლით ცდილობენ ავსტრიასა და გერმანიაში შეღწევას.

სლოვენია, რომელშიც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი ნაკადის გზაზე მოექცა მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბერს უნგრეთმა ღობით ჩაკეტა ხორვატიასთან საზღვარი.

მანამდე ბუდაპეშტმა საზღვარი ჩაკეტა სერბიასთან და განაცხადა, რომ ძირითადად მუსლიმი მიგრანტები საფრთხეს უქმნიან ევროპის კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და „ქრისტიანულ ღირებულებებს“.

18 ოქტომბერს სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა მირო ცერარმა ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა მისი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არმია გამოიყენოს სლოვენიის გავლით გერმანიისკენ მიმავალი ლტოლვილების ტალღასთან გასამკლავებლად:

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან ჯარი დახმარებას გაუწევს პოლიციას. არმიის პირადი შემადგენლობა და არმიის სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა იქნება გამოყენებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად“.

19 ოქტომბერს სლოვენიამ გზა გადაუკეტა ხორვატიიდან მომავალ მატარებელს, რომელშიც 1800 ლტოლვილი იმყოფებოდა და მისმა პოლიციამ მხოლოდ 500-მდე ქალსა და ბავშვს მისცა საზღვრის გადაკვეთის უფლება.

სლოვენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვესნა გიორკოს ზნიდარმა ხორვატიას ბრალი დასდო, რომ მან წინასწარ შეთანხმებულზე ბევრად უფრო მეტი მიგრანტი გაგზავნა სლოვენიის ტერიტორიაზე, რაც „აბსოლუტურად მიუღებელია“. მისი თქმით, სლოვენიას დღეში მხოლოდ 2500 მიგრანტის მიღება შეუძლია.

ამის საპასუხოდ ზნიდარის ხორვატმა კოლეგამ, რანკო ოსტოიჩმა განაცხადა, სლოვენია თავდაპირველად დღეში 8000 მიგრანტის მიღებაზე დათანხმდა, მერე 5000-ზე, შემდეგ 2500-ზე და ახლა საერთოდ ნულამდე დავიდაო. ოსტოიჩის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ტვირთი ხორვატიას აწვება.

სლოვენიამ თავი იმართლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბოსტიან სეფიჩმა 18 ოქტომბერს თქვა, პრობლემას ქმნის ავსტრია, რომელმაც მიგრანტების მიღება დღეში 1500-მდე შეზღუდაო.

თავის მხრივ ავსტრიამ უარყო ეს ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰერმან მურის თქმით, სტატუს კვო გაგრძელდება. ზუსტ რიცხვებზე მას არ ულაპარაკია.

ევროპის კავშირის გეგმის თანახმად, გათვალისწინებულია 120 ათასი ლტოლვილის გადანაწილება მის წევრ ქვეყნებს შორის. მაგრამ ზოგიერთი მათგანი ეწინააღმდეგება ამ გეგმას. ევროკავშირი ასევე ცდილობს, დაარწმუნოს თურქეთი, რომ შეაჩეროს მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ლტოლვილთა სვლა.