15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა ლარის კურსზე საუბრით გახსნა. მან თქვა, რომ რეგიონში საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურებულია და არც ლარია გამონაკლისი, თუმცა დაამატა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება დგამს, საქართველოს უფრო სწრაფად განვითარებას ემსახურება. მისი თქმით, რაც უნდა არასახარბიელო ვითარება შეიქმნას რეგიონში, საქართველოს მაინც ექნება უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებელი. ამ პათოსს არ იზიარებს ოპოზიცია და ლარის ყოველდღიურად დაკლებულ კურსსა და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობს. სავალუტო ჯიხურების აბრებზე მუდმივად ცვალებად კურსს აკვირდება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
Your browser doesn’t support HTML5
2016 წელი, 15 დეკემბერი - ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ლარი და 66 თეთრი. მთავრობა ლარის დევალვაციის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და მოსახლეობას აიმედებს, რომ ვითარება მალე შეიცვლება. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონში არსებული ვითარებაც მოიშველია და თქვა, რომ მეზობელ ქვეყნებში თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა:
„საუბარია, დაახლოებით, 100 %-იან გაუფასურებაზე - თურქული ლირა იქნება ეს თუ უკრაინული გრივნა (200 %), რუსული რუბლი (90 %) თუ აზერბაიჯანული მანათი, რომელიც, ასევე, 100 %-ზე მეტი მაჩვენებლით გაუფასურდა. ამ ფონზე ქართული ლარი 2012 წლის შემდეგ გაუფასურდა 60-65 %-ით. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო თავისი განვითარების დინამიკით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელშიც ვიმყოფებით, მაინც, ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში, იმისათვის რომ ვიმსჯელოთ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე“.
მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება 10 %-იანი ოპტიმიზაცია, ხოლო მოწოდებები ხარჯების 30 %-ით შემცირებისაკენ საკითხისადმი უპასუხისმგებლო მიდგომაა და ამაზე საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს:
„მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომაზე ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას“.
რეგიონალური ფაქტორების მოშველიება არგუმენტი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის. თუ ქვეყნის გარეთ ვითარება იცვლება, მას ქვეყნის შიგნით მაინც ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ხვდებოდეს:
„იმიტომ ჰყავს ქვეყანას მთავრობა, რომ თუ მსოფლიოში რაღაც ხდება, მან ადეკვატურად უნდა უპასუხოს. სამი წელია ამ მთავრობას ვეუბნებით, თუ რა უნდა გააკეთონ და, სამწუხაროდ, არაფერს ცვლიან - გადასახადებს ზრდიან, იმის მაგივრად, რომ გადასახადები დასწიონ“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან კობერიძის განცხადებით, ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ აკისრია. ლარი არ არის მხოლოდ მთავრობის ან ხალხის ვალუტა, ეს მათი ლარიცაა:
„ამიტომ პასუხისმგებლობა ლართან მიმართებით და, მთლიანად, ეკონომიკურ პოლიტიკაზე მათაც ეკისრებათ. ამიტომ ისინი უნდა მოერიდონ ისეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებას, რომელიც ლარის კურსზეც აისახება“.
მხოლოდ თავის თავის მოტყუებაა იმის თქმა, რომ ლარის 65 %-ით გაუფასურება დიდი პრობლემა არ არის. საგარეო ფაქტორები ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ სფეროში, მაგრამ მთავრობის ფუნქცია სწორედ ამ ფაქტორების გამკლავებაა, თუმცა გვაქვს კიდევ ერთი მიზეზი, რაც მუდმივად მოქმედებს კურსის ვარდნაზე - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა...ზვიად ხორგუაშვილი
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ არასწორია ლარის კურსის ვარდნის მხოლოდ გარე ფაქტორებზე გადაბრალება და რომ ხელისუფლებამ ეს მიზეზები ქვეყნის შიგნით უნდა ეძებოს, მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაში:
„მხოლოდ თავის თავის მოტყუებაა იმის თქმა, რომ ლარის 65 %-ით გაუფასურება დიდი პრობლემა არ არის. საგარეო ფაქტორები ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ სფეროში, მაგრამ მთავრობის ფუნქცია სწორედ ამ ფაქტორების გამკლავებაა, თუმცა გვაქვს კიდევ ერთი მიზეზი, რაც მუდმივად მოქმედებს კურსის ვარდნაზე - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა“.
ეკონომისტი სოსო არჩვაძეც ფიქრობს, რომ თუ, სხვა, მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ოდნავ უკეთესი ვითარებაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. თუმცა, მისი სიტყვებით, პრემიერის განცხადება უფრო პოლიტიკოსის განცხადება იყო და არა ეკონომისტის, რაც მიზნად ისახავდა სტაბილურობისა და საზოგადოების სიმშვიდის შენარჩუნებას.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10 %-ით შემცირებას მიესალმება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით“. საია ასევე მიიჩნევს, რომ „საჯარო დაწესებულებამ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით უნდა განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, აკონტროლოს საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების დაწერის იძულების შესაძლო შემთხვევები, ასევე არ მოახდინოს შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება“.
სანამ მთავრობა სამომავლო გეგმებს სახავს და ე. წ. ლარიზაციის პროგრამით ცდილობს პრობლემის გადაჭრას, სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი ისევ ეცემა. ხალხი კი, ვისაც შემოსავალი ძირითადად ლარში აქვს, ყოველდღიურად საკუთარ კანზე გრძნობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას:
„ჩემზე პირადად ძალიან არ ასახულა, რადგან დოლარში მაქვს შემოსავალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას არ უჭირს. ვფიქრობ, ფასებიც ნელ-ნელა ყველაფერზე გაიზრდება და ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროს ხელისუფლებამ და სწრაფად იპოვოს გამოსავალი“.
„ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია, რომ ფასები მოიმატებს. ჩვენი ხელფასი კი იგივე დარჩება. ვისაც დოლარში აქვს შემოსავალი, იმისთვისაც არ არის ეს პროცესი კარგი... ყველაზე მოქმედებს კურსის ვარდნა. დღეს ორი დოლარი დავახურდავე და ხუთი კილო ვაშლი ვიყიდე...“
„მე, ფაქტობრივად, მხოლოდ გადასახადებისთვის მრჩება ფული, თითქმის მშივრები ვრჩებით, ხელფასები იკლებს ყოველდღე და მართლა, აი, საჭმლის ფული თითქმის არ რჩება. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ“.