Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ლარის კურსის ცვლილების შესახებ


ეროვნული ვალუტის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილებები, როცა კურსი ჯერ სწრაფად გამყარდა, შემდეგ კი კვლავ ვარდნა დაიწყო, ექსპერტთა და საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლარის კურსის ვარდნა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმსა და ფუნტ-სტერლინგსაც კი დაუკავშირა.

ამ პროცესს მოჰყვა კრიტიკაც იმის გამო, რომ ეროვნული ბანკი კურსის სწრაფი გამყარების ტემპის შესარბილებლად დოლარის ინტერვენციებს ახდენდა ბაზარზე. გაჩნდა მოლოდინი იმისაც, რომ ეროვნული ბანკი კომენტარს და პროგნოზებს გააკეთებდა ამ პროცესთან დაკავშირებით.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა გასული თვის მონაცემები გამოაქვეყნა და, ამასთან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კურსის შესახებაც ისაუბრა:

”ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენც ვცდილობთ თავი შევიკავოთ, რომ არ გავაჩინოთ ბაზარზე გარკვეული მოლოდინები. საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინების გამო ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც, ბუნებრივია, კორექცია მოჰყვა. ეს სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და გაცვლით კურსს წრფივი დინამიკა არასოდეს აქვს. დამატებით ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსის ცვლილება და, მათ შორის, მოლოდინების არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა. მისივე თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა.

ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მსესხებლებს ურჩია სესხი აიღონ მხოლოდ ეროვნული ვალუტით, ასევე გრძელვადიანი დანაზოგი უმჯობესია განახორციელონ ეროვნული ვალუტით. მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ, როდესაც ეს სჭირდებათ, კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ”, - განაცხადა მესტვირიშვილმა. მან აქვე განმარტა, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და სებ-ის გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება. რაც შეეხება საბანკო
სექტორის მონაცემებს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, მაისში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 5.6 %-ით შემცირდა. სებ-ის ინფორმაციით, პირველი ივნისის

მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.7 პროცენტია.

XS
SM
MD
LG