გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო მეზობელ თურქეთში სამხედრო გადატრიალების უშედეგო მცდელობით გამოწვეული ვნებათაღელვა. 16 ივლისს, გამთენიისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და გამოთქვა იმედი, რომ დესტაბილიზაცია იქნებოდა დაძლეული და თურქეთი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მალე დაუბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არ შეექმნას საფრთხე. ჯერჯერობით, ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ, ასევე ჩავკეტეთ საჰაერო საზღვარი“.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა შეზღუდვები მალევე მოიხსნა. 16 ივლისსვე, დღის განმავლობაში, სრულფასოვნად აღდგა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა. უშედეგო სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში, უშიშროების ძალების მიერ დაწყებული ოპერაციის ფარგლებში, დაპატიმრებულ იქნა 2 839 სამხედრო პირი, რომლებიც მხარს უჭერდნენ და მონაწილეობდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარი შეტაკებებისა და არეულობის შედეგად, დაიღუპა 161, ხოლო დაშავდა 1440 კაცი.
კვირა კი დაიწყო აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან მიღებული ცნობით, რომლის თანახმად, ჩაიშალა 10 ივლისს გამართული რეფერენდუმი. ხმის უფლების მქონე 133 ათასი მოქალაქიდან საარჩევნო უბანზე მივიდა მხოლოდ 1600-მდე ამომრჩეველი, ანუ საერთო რაოდენობის 1,2 პროცენტი. სარეფერენდუმო შეკითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: „მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების გამართვა?“. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და მისმა მხარდამჭერებმა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის კომენტირებისას განაცხადეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არააქტუალურია საზოგადოებისთვის, თუმცა რაულ ხაჯიმბას პოლიტიკური გუნდის ეს წარმატება საბოოლო გამარჯვებად არ მიაჩნია ჟურნალისტ კობა ბენდელიანს, რომლის თქმითაც, რეფერენდუმის ჩავარდნით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილში წერტილი არ დასმულა:
“შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს ძალისმიერი მეთოდით გადაყენებით, მაგრამ ის, რომ ეს პროცესი უფრო ძლიერი იქნება შემდგომი არჩევნებისთვის, ასეთი პირი ნამდვილად უჩანს თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთის დიდ ნაწილს არ სურს დაუთმოს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი. მხედველობაში მაქვს მიწის საკითხი, რომლის დაძვრასაც ასე აქტიურად ითხოვს მოსკოვი სოხუმისგან“, უთხრა კობა ბენდელიანმა რადიო თავისუფლებას.
გასული კვირა ასევე მნიშვნელოვანი იყო სახელისუფლებო პარტიისთვის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საგურამოში - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში - გამართულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნოდ პარტიის განახლებული გუნდი წარადგინა. 15 ახალი წევრიდან 8 ქალია და 7 კაცი. კვირიკაშვილის თქმით, „ოცნების“ გუნდის ახალ წევრებს ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. განახლებული გუნდის წევრია იურისტი თამარ ჩუგოშვილი:
„ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. შესაბამისად, ბუნებრივად ვიმუშავებ, ალბათ, ამ საკითხებზე. რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას, ვიმუშავებ მის გაძლიერებაზე და კიდევ უფრო გამყარებაზე, ასევე ინსტიტუციური რეფორმების და ინსტიტუციური სიძლიერის შემატებაზე“.
გასულ კვირაში ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის წევრებიც საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიან კოალიციისა და პოლიტიკური ბლოკისგან დამოუკიდებლად, სახელწოდებით „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“. პარტიული სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება, აჭარაში საარჩევნო მარათონს დავით ბერძენიშვილი გაუძღვება, საარჩევნო შტაბს კი უხელმძღვანელებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომლის თქმითაც, უახლოეს დღეებში პოსტს ორი რესპუბლიკელი მინისტრი დატოვებს - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მათი, უკვე ყოფილი, თანაგუნდელი კი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მთავრობაში დარჩება და „ქართულ ოცნებაში“ გადავა:
„ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში, ასევე საპასუხისმგებლო ადგილისათვის აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ჩვენს კამპანიას წაუძღვება პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ მოვდივართ რწმენით, რომ იმას, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ძალა შევმატეთ, - ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ევროპული გზა, უსაფრთხოება, - ამას არა მხოლოდ განვავრცობთ, არამედ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ“.
საარჩევნო სიის ოცეული წარადგინეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“, რომელთა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, სამომავლო გეგმების შესახებ პარტიის მეოთხე ყრილობაზე ისაუბრა:
„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს გამთლიანება. შერიგების პროცესი აფხაზებთან და ოსებთან უნდა გავხადოთ შეუქცევადი. ამას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ მე დღეს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, თავისუფალ დემოკრატებს, გვაქვს რესურსი, რომელიც ბოლომდე არ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ბოლომდე ავამოქმედოთ შერიგების პროცესი“.
გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლებისადმი, რომლებსაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობაში იმყოფებიან „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და მისი ვაჟი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გურამ რჩეულიშვილი. წინასწარ პატიმრობაში ასევე აიყვანეს კომპანიის თანამშრომლები ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი, რომელიც მოგვიანებით საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. პროკურატურის წარმომადგენელ კოკა კაციტაძის თქმით, 2005 წლის 2 მაისიდან 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში „ცენტრ-პოინტმა“ მოქალაქეებისგან მიიღო 64 219 606 ლარი, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა:
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2004 წლის 23 ივლისიდან 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა სალაროდან მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა, 3 756 017.41 ლარის ოდენობით, არამიზნობრივად გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ პოინტ აჭარის“ მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა, 15 984 828.9 ლარის ოდენობით“.
დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. აი, რა უთხრა მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა, სასამართლოს შენობასთან შეკრებილ იმ მოქალაქეებს, რომლებიც „ცენტრ-პოინტს“ უჩივიან და თავს დაზარალებულად მიიჩნევენ:
„მე თქვენ გაჩვენებთ, მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, ვინ არის დამნაშავე... მე თქვენ გაჩვენებთ... თქვენი გულისთვის ვიბრძვი და თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ, ოღონდ კი ფული არ გადაიხადოთ ბინებში, აწყობთ ამ პროვოკაციებს... ყველაფერი გაირკვევა ახლა, ვინ არის დამნაშავე. მობინადრეები არ არიან ესენი, ესენი დაქირავებულები არიან...“
გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი), ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია. სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა 9 დეპუტატი. ზურაბ პატარაძეს კენჭისყრაზე 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.