Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაყრა „რესპუბლიკელებში“


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

12 ივლისს საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. პარტიული სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება, აჭარაში საარჩევნო მარათონს დავით ბერძენიშვილი გაუძღვება, საარჩევნო შტაბს კი პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. უახლოეს დღეებში პოსტებს ორი რესპუბლიკელი მინისტრი დატოვებს - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მათი, უკვე ყოფილი, თანაგუნდელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გუნდში რჩება და „ქართულ ოცნებაში“ გადადის.

გაყრა „რესპუბლიკელებში“
please wait

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00
გადმოწერა

რესპუბლიკელები საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიან კოალიციისა და პოლიტიკური ბლოკისგან დამოუკიდებლად, სახელწოდებით „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“, განაცხადა 12 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა:

„ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში, ასევე საპასუხისმგებლო ადგილისათვის აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ჩვენს კამპანიას წაუძღვება პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ მოვდივართ რწმენით, რომ იმას, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ძალა შევმატეთ, - ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ევროპული გზა, უსაფრთხოება, - ამას არა მხოლოდ განვავრცობთ, არამედ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ“.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც რესპუბლიკელები მოვლენათა ეპიცენტრში არ ყოფილან. ვიყავით ცოტა, მაგრამ ვაკეთებდით ბევრ საქმეს. ჩვენთვის ადამიანი იქნება ისევ ცენტრალური ღირებულება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა „ქართულ ოცნებას“ შესთავაზეს, მათი პარტიის წევრი მთავრობის წევრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების დასრულებამდე და რესპუბლიკური პარტია მათ გარეშე აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებლად მიიჩნია:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„აქედან გამომდინარე, რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობაში წარგზავნილი მინისტრები, რომლებმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის, - თინათინ ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, - დატოვებენ მინისტრების თანამდებობებს, დაასრულებენ დაწყებულ საქმეებს რამდენიმე დღეში და პარტიულ საქმიანობაში გადმოერთვებიან. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, მან სხვა არჩევანი გააკეთა - ის გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და რჩება თანამდებობაზე, რჩება მთავრობაში“.

დავით ბერძენიშვილი
დავით ბერძენიშვილი

კიდევ ერთი რესპუბლიკელი, დავით ბერძენიშვილი, კენჭს იყრის აჭარაში, სადაც 8 ოქტომბერს ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. როგორც მან 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის არსებობის 39-ე წლისთავზე რესპუბლიკურ პარტიას ისევ მარტო უწევს პოლიტიკური მარათონის გავლა:

„აჭარაში მეორე პოლიტიკური ფრონტი იხსნება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებით. ისევე როგორც ადრე, ახლაც რესპუბლიკელები ვქმნით თავისუფლების საყრდენს ამ ფრონტზე. ჩვენი ლა-მანში კვლავ რესპუბლიკურია, დასავლეთის ფრონტი კვლავ უცვლელია, ევროპული ღირებულებების, იგივე ქართული ღირებულებების სადარაჯოზე კვლავ რესპუბლიკელები ვდგავართ, იმედია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“.

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, პოსტზე რჩება და რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს გიგლა აგულაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი, რომლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისთვის „დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გააგრძელოს საქმიანობა“. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა დარჩეს გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში.

„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, - ნათქვამია გიგლა აგულაშვილის განცხადებაში.

აგულაშვილის წასვლა გუნდიდან გულდასაწყვეტია რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძისათვის. მან გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება „შეცდომად“ შეაფასა.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დასასრულებელი დარჩა რამდენიმე საქმე სამინისტროში და მათი დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს. მისმა კოლეგამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმაპაატა ზაქარეიშვილმა კი თქვა, რომ პრემიერს მისთვის პოსტზე დარჩენა და პარტიული საქმიანობის შეწყვეტა არ შეუთავაზებია.

პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებს კოალიციის გარეშე გაუჭირდებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ალეკო კვახაძის აზრით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ხელსაც კი აძლევდა ჩამოშორებოდა რესპუბლიკელებს:

„დღეს აღარ დგას ისეთი საკითხები, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლების მოშორება ან სხვა მსგავსი, უკვე აღარც ის შემაკოწიწებელი ფაქტორი არსებობს, რაც შეიძლება აერთიანებდეს რესპუბლიკურ პარტიას და „ქართული ოცნების“ რადიკალურ წრეებს და არამხოლოდ მათ, მით უმეტეს, რომ ამ პარტიას საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს საქართველოში, რასაც მოწმობს სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, ამიტომაც მგონია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ეს პარტია ამ არჩევნებზე მათ, უბრალოდ, აღარ სჭირდებათ და მათ გარეშე იბრძოლებენ“.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახლა ყველა თავის პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს. გიორგი ვოლსკი კი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პოლიტიკური გაყრა მშვიდობიანად დასრულდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG