გასული კვირის ორშაბათს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკირვებლებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეაფასეს. ათეულობით სადამკვირვებლო მისიის შეფასებები თითქმის ერთგვაროვანია: კენჭისყრის მსვლელობისას გამოვლენილი მრავალი დარღვევის მიუხედავად, არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა და დარღვევებს გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას 91 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. სწორედ მათ მიერ დაწერილი 200-მდე საჩივარი უნდა განიხილოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომლის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაწეული მუშაობისათვის.
Your browser doesn’t support HTML5
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის თქმით, ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე დაფიქსირდა საყურადღებო დარღვევები. ამასთან, ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, ხარვეზებით წარიმართა ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს თბილისისა და 9 რეგიონის 61 საარჩევნო ოლქში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 500-მდე დამკვირვებელი ადევნებდა თვალს:
„ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ იყო სამაგალითო არჩევნები. ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხი გაუმჯობესდა 2013, 2014 წლების არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება მშვიდობიანად ჩატარებას, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა ძირითადად მშვიდობიანად და ამომრჩეველს ჰქონდა ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა და ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნებისმიერ არჩევნებზე. რაც შეეხება პრობლემებს, ისინი შეიქმნა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების ეტაპზე“.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI)შეფასებით, არჩევნების დღე, რომელიც მშვიდ გარემოში დაიწყო, ძალადობის ცალკეული შემთხვევებით დასრულდა.
სწორედ ძალადობის ცალკეული შემთხვევების გამო დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება და 13 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში ექვსი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯოში საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. 14 ოქტომბერს კი დაკავებულ 6 პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ დაკავებას სოფელ ყიზილაჯოში საპროტესტო აქცია მოჰყვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯოში დაკავებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გაიმართა. ის დაკავებულთა ოჯახის წევრებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აკმამედ იმამკულიევმა გამართეს. ისინი, დაკავების ფაქტის გარდა, აპროტესტებდნენ დაკავების ფორმას და დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაციას ამომრჩეველთა დაშინების მცდელობის საშუალებად მიიჩნევენ.
“ეს ხალხი არასწორი გზით იყო დაკავებული - სპეცრაზმით - და დილის 4 საათზე მოსახლეობის ოჯახებში შეჭრა არ იყო საჭირო. ეს ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ, თუ იქნება გამოძიებაო, მაგრამ ეს იყო, უბრალოდ, მოსახლეობის დაშინება, რომ დააშინონ 22 ოქტომბერს. ახლა ჩატარდება 48-ე უბანში არჩევნები“, - თქვა აკმამედ იმამკულიევმა.
არჩევნების დღეს 48-ე უბანზე მომხდარმა არეულობამ კენჭისყრის პროცესი შეაფერხა - შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციამ უბნის შედეგები ბათილად ცნო.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკურ სუბიექტთა მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებაც მოჰყვა.
11 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოს სხდომამდეც და მას შემდეგაც მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში, რათა არ მოხდეს პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია. ეს, მათი აზრით, იქნება, ასევე, პატივისცემის გამოხატულება იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც არჩევნებში პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. მეორე ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება, პარლამენტში შესვლით კი მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაო. ამ თვალსაზრისს იზიარებდა პარტიის ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მოუწოდებდა თანაგუნდელებს არ შესულიყვნენ პარლამენტში.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება იყო სწორი და, ამავე დროს, პრაგმატულიც.
არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დამარცხებული პოლიტიკური ძალები ახალი გზების ძიებას შეუდგნენ. ზოგმა პარტია დატოვა, ზოგი კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 10 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან „დროებით მიდის“. მან დასძინა, რომ დროებით დარჩება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ვიდრე „თავისუფალ დემოკრატებში“ „ძირეული რეფორმები“ განხორციელდება. 12 ოქტომბერს კი „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს და ამის შესახებ განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. ოდნავ მოგვიანებით დადასტურდა ცნობა ირაკლი ჩიქოვანის წასვლის შესახებაც.
12 ოქტომბერს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ პროდასავლურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ამ ძალებში მან იგულისხმა ხალხი, ვისთანაც ადრეც უთანამშრომლიათ და ცალკეულ საკითხებზე საერთო აზრი ჰქონიათ. პაატა ბურჭულაძემ, სამი პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური პლატფორმის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ბლოკი ძალებს მოიკრებს და სხვა პროდასავლური კურსის პოლიტიკური პარტიებისგანაც დაელოდება გამოხმაურებას:
„ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას და ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისათვის. ერთთვიან ვადას ვიღებთ იმისათვის, რომ ჩვენს ბლოკში შემავალ პარტიებში რეორგანიზაცია მოხდეს, შემდეგ კი უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას“.
გაერთიანების თაობაზე არავისგან შეთავაზება არ მიუღია რესპუბლიკურ პარტიას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, განაცხადა:
„ჩემი მოსაზრებაა, რომ ჯერ მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომ ასეთ მოლაპარაკებებს ჰქონდეს აზრი. ალბათ, მსგავსი საუბარი გაერთიანების შესახებ მოდის იქიდან, ვისაც ჯერ არა აქვს საკმარისი გამოცდილება“.
გასული კვირის სხვა მოვლენებიდან აღსანიშნავია ის, რომ 13 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში განახლდა ე.წ. „კაბელების საქმის“ სასამართლო პროცესი. ამჯერად დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრითა და შესავალი სიტყვით წარდგა. საქმის ადვოკატები კვლავაც აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხუთი თანამშრომელი უდანაშაულოა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამსახურიდან დათხოვნილ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ხუთ ადამიანს 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმეზე უკვე 50-ზე მეტი სასამართლო პროცესია გამართული.
შაბათ-კვირას დედაქალაქში „თბილისობის“ ღონისძიებები გაიმართა. კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები მოეწყო რიყეზე, ახალი ტფილისისა და ლეღვთახევის ტერიტორიაზე..