ვიზების მოლოდინი, ახალი ბიუჯეტი და პატიმრები

პირველი ტრანზიტული მატარებლის შემოსვლა თბილისში

საქართველოში ახალი სატრანზიტო რეისი გაიხსნა. მატარებელი ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს ტვირთს. პარლამენტმა კი ბრიუსელს მიმართა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ნებართვა მიეცეს. გარდა ამისა, ამ კვირაში სხვადასხვა კუთხით აქტუალური იყო პატიმრების თემა.

13 დეკემბერს ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა და ამით "აბრეშუმის გზა" გახსნა. მატარებელი ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დღეს ისტორიული უწოდა:

„აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ 40 დღე. ხოლო "აბრეშუმის გზა" ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ვაწარმოოთ ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადავზიდოთ“.

10 დეკემბერს, ორდღიანი კამათის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით დაამტკიცა მიმართვა ბრიუსელისადმი, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ნებართვა.

მიმართვის ტექსტის თანახმად, სხვა ყველაფერთან ერთად, უვიზო მიმოსვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვისაც იქნება სასიკეთო:

„...ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა – რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, ამასთანავე, ცხადყოფს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებს და ევროპული არჩევანის უდავო სარგებელს“.

ეს მიმართვა რამდენიმე დღით უსწრებს წინ ევროკომისიის საბოლოო შეფასებას, რომელიც 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს და რომელზე დაყრდნობითაც უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პარალელურად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისი ელოდება წინასასამართლო პალატის დასკვნას, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, დაიწყება თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მასალები უკვე გადაეგზავნა წინასასამართლო პალატას, რომლის პოზიციაც, არასამთავრობო ორგანიზაციების ვარაუდით, უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

90 პროცენტი იძულებით გადაადგილება იყო, იყო საკმაო რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული ცხინვალის იზოლატორში. ისინი იყვნენ ძალიან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოპყრობის მსხვერპლები...
ლელა ცისკარიშვილი

პროკურორის ოფისის ანგარიშის თანახმად, დაზარალებულთა პოზიციების თავმოყრისა და ჰააგაში გადაგზავნის პროცესში ჩართული იყო 8 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის არის წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა ცისკარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დაზარალებულთა საქმეები ომში გამოვლენილი კონკრეტული დანაშაულების მიხედვით დაჯგუფდა:

„90 პროცენტი იძულებით გადაადგილება იყო, იყო საკმაო რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული ცხინვალის იზოლატორში. ისინი იყვნენ ძალიან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოპყრობის მსხვერპლები: მათ აიძულებდნენ, რომ გაეთხარათ საფლავები და დაესაფლავებინათ ადამიანები... მოკლედ, ძალიან მძიმე რაღაცებს აიძულებდნენ. ძალიან ბევრს თვალწინ გაუნადგურეს, დაუწვეს ქონება, ძალიან ბევრ ადამიანზე იყო სერიოზული ფიზიკური ძალადობა... პროკურორის განაცხადში საერთოდ არ იყო გამოყოფილი სექსუალური ძალადობა, მაგრამ ჩვენ მაინც გავგზავნეთ რამდენიმე შემთხვევა იმის საჩვენებლად, რომ ეს ხდებოდა ომის დროს“.

კვირის ერთ-ერთი თემა იყო პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სურვილი გამოთქვა პატიმრების შეწყალების უფლება მასაც ჰქონოდა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია, ბევრი - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები - ამ ინიციატივას მოწონებით შეხვდა, თუმცა მოგვიანებით საპატრიარქომ განაცხადა, რომ პატრიარქს რამე საკანონმდებლო ცვლილებები არ მოუთხოვია და მისი სიტყვები არასწორად იყო გაგებული.

ამასობაში კი პატიმრებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც პატიმრების შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი იყო, მას პოლიტიკოსები მუდმივად ურეკავდნენ და სთხოვდნენ ესა თუ ის პატიმარი შეეწყალებინა. მისივე თქმით, შემდეგ გაარკვია, რომ ამ პირებს ქრთამი ჰქონდათ აღებული პატიმრების გათავისუფლებისთვის. 9 დეკემბერს ამ საქმესთან დაკავშირებით მან პროკურატურას ჩვენება მისცა:

„ნამდვილია ის ინფორმაცია, რომ ზოგ-ზოგიერთებს ბე ჰქონდათ უნამუსობაში აღებული და ვინც ფული გადაუხადა, ისინი ამ ფულს სთხოვდნენ და ესენი წვალობდნენ. ჩემი ინფორმაციით, საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ- ნახევარ დოლარზე“.

ალეკო ელისაშვილი

შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თბილისის საკრებულოს წევრი, კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი და ახლანდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა. დაკითხვისას მათ კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი პირები დაასახელეს, თუმცა ჟურნალისტებთან მათი გვარები არ გაუმხელიათ. ქორიძისა და ელისაშვილის განცხადების თანახმად, საუბარია როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე სხვა საჯარო პირებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დააკავა ორი პირი, რომლებმაც შეაღწიეს სოციალურ ქსელ ფეისბუკის მომხმარებელთა პროფილებზე, კანონის დარღვევით მოიპოვეს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს ორი ათასზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები და პაროლები. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის მიხედვით, მათ შორის - კომპიუტერში დაცული ინფორმაციის არამართლზომიერი დაუფლებისა და კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით.

ოთარ ჩახუნაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ამბობს, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობიდან ირკვევა, რომ ბევრი მათგანი ვერ ფლობს სათანადო ცოდნას, თუ როგორ დაიცვას ინტერნეტში თავისი პირადი მონაცემები და შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად ისინი ინსპექტორის აპარატს მიმართავენ:

„ძირითადად აინტერესებთ უსაფრთხოება და მონაცემების დაცვა სოციალურ ქსელებში. უმეტეს შემთხვევაში არკვევდნენ იმას, თუ როგორ აღმოაჩინონ გატეხის ფაქტი. პირველ რიგში, თუ ვერ შევდივართ პირად გვერდზე ან თუ ჩვენი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა რამე სახის ინფორმაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ვირტუალური მომხმარებლით სარგებლობს ვიღაც უცხო პირი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვითონ ვერ სარგებლობდნენ თავიანთი პროფილით ან ელექტრონული ფოსტით (პაროლი იყო შეცვლილი) და ამით მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მათი პირადი მონაცემების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას“.

ჩვენ აშკარად დავინახეთ ის საკანონმდებლო ხარვეზები, რასაც ეს ხალხი პრაქტიკაში აწყდება და ცალკე რეკომენდაციებად ჩამოვწერეთ...
უჩა ნანუაშვილი

7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეს ანგარიში მომზადდა, ომბუდსმენის ოფისი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 2015 წლის იანვრიდან ახორციელებს. მხოლოდ წელს საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით ერაყისა და უკრაინის 995-მა მოქალაქემ მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა, თუ რა პროცედურის გავლა უწევთ თავშესაფრის მაძიებლებს სტატუსის მიღებამდე და რა სიძნელეებთან არის ეს პროცესი დაკავშირებული:

„ჩვენ აშკარად დავინახეთ ის საკანონმდებლო ხარვეზები, რასაც ეს ხალხი პრაქტიკაში აწყდება და ცალკე რეკომენდაციებად ჩამოვწერეთ. არანაკლებ საინტერესოა, რა ხდება ამის შემდეგ, როცა საქმე მათ ინტეგრაციაზე მიდგება - მაგალითად, ის, რომ სასამართლო პროცესებზე ხშირად თარჯიმანი არ ჰყავთ, ან არ არის გაწერილი გასაჩივრების პროცედურები, ან ის, რომ მათი განცხადებების განხილვის ვადა ცხრა თვემდე იწელება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ხდებიან დაუცველნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“.

და კიდევ ერთი - პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ის თითქმის 10 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ბიუჯეტის 31 % ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებზე მოდის. მომავალი წლის ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება პენსია, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 1 სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება. ბიუჯეტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 162.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 92 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის წინა პროექტით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი, მათ შორის, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილი 572,9 მლნ ლარი ითვალისწინებს სკოლის პედაგოგებისათვის ხელფასების მომატებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321,4 მლნ ლარი, რაც 40 მლნ ლარით აღემატება პროექტის წინა ვერსიას.