Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომში დამნაშავეთა გასამართლებას ელოდება


კონფლიქტის ზონა, სოფელი ხურვალეთი
კონფლიქტის ზონა, სოფელი ხურვალეთი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისი ელოდება წინასასამართლო პალატის დასკვნას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება-არდაწყების ბედი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მასალები უკვე გადაეგზავნა წინასასამართლო პალატას, რომლის პოზიციაც, არასამთავრობო ორგანიზაციების ვარაუდით, უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. რას ითხოვენ ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები და ვის ემუქრება დასჯა აგვისტოს ომის დროს გამოვლენილი დანაშაულების გამო?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე 8 დეკემბერს საღამოს გამოქვეყნდა პროკურორის ოფისის ანგარიში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს და რომელიც, ძირითად მასალებთან ერთად, წინასასამართლო პალატას 4 დეკემბერს გადაეგზავნა. ანგარიშის თანახმად, ჰააგაში გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით, რომელთა დიდი ნაწილიც გაგზავნილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდე მერყეობს და მათი უმრავლესობა ქალია.

პროკურორის ოფისის ანგარიშის თანახმად, დაზარალებულთა პოზიციების თავმოყრისა და ჰააგაში გადაგზავნის პროცესში ჩართული იყო 8 არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის არის, მაგალითად: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი. პროცესს კოორდინაციას უწევდა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და რადიო თავისუფლება ამ ორგანიზაციის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერს, ნიკა ჯეირანაშვილს, დაუკავშირდა:

„კონკრეტულად ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 10-მდე წარმომადგენლობა გაგზავნეს, თუმცა ეს 10 წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 1000-მდე დაზარალებულის საქმეს. ჰააგაში გაგზავნილი წარმომადგენლობები ასახავს დაზარალებულთა მიდგომებს საგამოძიებო პროცესის მიმართ: რას ფიქრობენ გამოძიების პროცესზე, რამდენად უჭერენ მხარს გამოძიების დაწყებას, ხომ არ ფიქრობენ, რომ არის კიდევ სხვა ტიპის დანაშაულები, რომლებიც პროკურორის მოთხოვნაში არ იყო აღნიშნული და ასე შემდეგ“.

ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ ვიღაცამ აგოს პასუხი იმისთვის, რომ მათ დაკარგეს შვილები, ქმრები თუ მშობლები... ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ გარკვეული სახის კომპენსაცია მაინც მიიღონ და ის მაინც გაიგონ, ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც მათ დაემართათ...
დიანა კოსტინა

189 ადამიანის სახელით გაგზავნა ჰააგაში ინფორმაცია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ორგანიზაცია მუდმივად ეხმარებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. დაზარალებულთა შორის 113 ქალი და 71 კაცია. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა ცისკარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დაზარალებულთა საქმეები ომში გამოვლენილი კონკრეტული დანაშაულების მიხედვით დაჯგუფდა:

„90 პროცენტი იძულებით გადაადგილება იყო, იყო საკმაო რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული ცხინვალის იზოლატორში. ისინი იყვნენ ძალიან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოპყრობის მსხვერპლები: მათ აიძულებდნენ, რომ გაეთხარათ საფლავები და დაესაფლავებინათ ადამიანები... მოკლედ, ძალიან მძიმე რაღაცებს აიძულებდნენ. ძალიან ბევრს თვალწინ გაუნადგურეს, დაუწვეს ქონება, ძალიან ბევრ ადამიანზე იყო სერიოზული ფიზიკური ძალადობა... პროკურორის განაცხადში საერთოდ არ იყო გამოყოფილი სექსუალური ძალადობა, მაგრამ ჩვენ მაინც გავგზავნეთ რამდენიმე შემთხვევა იმის საჩვენებლად, რომ ეს ხდებოდა ომის დროს“.

12 ნოემბრამდე, ერთი თვის განმავლობაში, ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება ჰქონდა აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ყველა ადამიანს – მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს მიეკუთვნებოდნენ ისინი. საქმე ის არის, რომ დაზარალებულთა ხელთ არსებული ინფორმაცია ითამაშებს გადამწყვეტ როლს იმ კონკრეტული პირების - და, მათ შორის, მაღალჩინოსნების - დასასჯელად, რომლებმაც 2008 წელს საქართველოში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინეს.

ანგარიშის თანახმად, დაზარალებულთა უმრავლესობა ეთნიკურ ქართველებს წარმოადგენენ, თუმცა არიან ასევე ეთნიკური ოსები და აქვეა რუსი ეროვნების ერთი ადამიანიც. იმის გამო, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მხარე ვერ ახერხებდა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, ჰააგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში ინფორმაციის შეგროვება სთხოვა ჰოლანდიაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის სამართლებრივ ინიციატივას“. როგორც ორგანიზაციის მოსკოვში მოქმედი ოფისის იურისტმა დიანა კოსტინამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაზარალებულთა უმრავლესობას გამოძიების მიმართ ერთნაირი სურვილები და მიზნები ამოძრავებს:

„ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ ვიღაცამ აგოს პასუხი იმისთვის, რომ მათ დაკარგეს შვილები, ქმრები თუ მშობლები... ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ გარკვეული სახის კომპენსაცია მაინც მიიღონ და ის მაინც გაიგონ, ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც მათ დაემართათ“.

ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებული პროცესები დაიწყო მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს და გამოცხადდა ერთთვიანი ვადა (13 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე), რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს ჰქონდათ საშუალება შეხმიანებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ფატუ ბენსუდამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგანგებოდ სტუმრობდა თბილისსაც, 13 ოქტომბერს გარკვევით განმარტა, რომ გამოძიებისადმი მისი ინტერესი ორ მიმართულებას უკავშირდებოდა: ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნასა და თავდასხმას ქართველ და რუს მშვიდობისმყოფელებზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ინფორმაციით, ქართველთა ეთნიკური დევნა წინასწარი განზრახვით, შესაბამისი გეგმით განხორციელდა და, შედეგად, დევნილად იქცა 13 400-დან 18 500-მდე ადამიანი.

ფატუ ბენსუდა
ფატუ ბენსუდა

თუკი გამოძიება დაიწყება და გამოძიების მსვლელობისას დანაშაული გამოიკვეთება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განმარტების თანახმად, პროკურორს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ ეჭვმიტანილი დაიბარონ სასამართლოში ანდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების სავარაუდოდ ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის.

თუკი რუსეთის ლიდერებს საქართველოში ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების აზრით, სასჯელი მათზეც გავრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დაწყებული პროცესები. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა უკვე აღნიშნეს მოსკოვში, რომ რუსეთი ვალდებული არ არის გაიზიაროს ჰააგის სასამართლოს მოთხოვნები, რადგანაც ქვეყანა არ არის რომის სტატუტის მონაწილე.

არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ იმედი, რომ წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი და პალატა საჭიროდ ჩათვლის გამოძიების დაწყებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც, მაგალითად, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა ნიკა ჯეირანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამგვარი პროგნოზის გაკეთების საფუძველი მას პროკურორ ფატუ ბენსუდასა და ჰააგის სასამართლოს სხვა წარმომადგენლებთან საუბრის შედეგად მიეცა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG