სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებისგან ითხოვა ნებართვა, დაწყებულ იქნეს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოვლენის მიზნით. ბენსუდას განცხადებით, მას აქვს საკმარისი საფუძველი ივარაუდოს, რომ შეიარაღებული კონფლიქტისას, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ ჩადენილი იყო სამხედრო და კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაული, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების გაძევება და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა.
ჰააგის სასამართლოს პროკურორის ინფორმაციით, 51-დან 113-მდე ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირი მოკლეს იძულებით გადასახლების კამპანიისას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებდა, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების მონაწილეობით. პროკურორის ოფისის მონაცემებით, ამ კამპანიის შედეგად განდევნილ იქნა 13 400-დან 18 500-მდე ეთნიკური ქართველი და განადგურებულ იქნა მათი კუთვნილი ხუთი ათასზე მეტი სახლი. პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს და სხვა სამართალდარღვევები, მათ შორის საკუთრების ძარცვა და განადგურება, ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის პოლიტიკის გეგმის ნაწილს, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა, სულ ცოტა, 75%-ით შემცირდა.
ჰააგის სასამართლოს პროკურორი საკმარის საფუძველს ხედავს იმ ვარაუდისთვისაც, რომ, „როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული“, რაც სამშვიდობო ძალების პირად შემადგენლობასა და ობიექტებზე თავდასხმებით გამოიხატა.